როგორ გავთხოვდეთ უცხოელზე და რომელ ქვეყანაში ვეძებოთ საქმრო - Marao

როგორ გავთხოვდეთ უცხოელზე და რომელ ქვეყანაში ვეძებოთ საქმრო

2020-10-14 09:00:00+04:00

კარგა ხანია პოპულარული გახდა უცხოეთში გათხოვება. პოსტსაბჭოურ ქვეყნებში მცხოვრები ქალები ჯიუტად მიიწევენ უცხოეთისკენ, სადაც ბედსაც პოულობენ და კეთილდღეობასაც. თუმცა სანამ ამა თუ იმ ქვეყნის სასარგებლოდ გააკეთებდნენ არჩევანს, თურმე ურიგო არ იქნება, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინონ.

პოტენციური საქმროების ხასიათის ნაციონალური თავისებურებების შესახებ ისაუბრა სვეტლანა ხუდიაკოვამ, რომელიც ევროპელი ექსპერტია საერთაშორისო კავშირების დარგში.

ევროპის ქვეყნებს მსგავსი კანონმდებლობა და ცხოვრების მსგავსი პირობები აქვთ, ამიტომ ამ ქვეყნებში მცხოვრებნიც ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს, ჩვეულებრივ, ევროპელი დარწმუნებულია, რომ:

- დღეს კარგია, ხვალ კი უკეთესი იქნება;

- გადასახადები უნდა გადაიხადოს;

- სამედიცინო დაზღვევა დაფარავს მკურნალობის ხარჯებს;

- ღირსეული შრომა ყოველთვის ღირსეულად ანაზღაურდება;

- ქალებსა და კაცებს თანაბარი უფლებები, შესაძლებლობები და ვალდებულებები აქვთ.

ევროპელ მამაკაცებს ერთი თვისება აქვთ, რომელიც ბევრ ქალს როდი უყვარს. ისინი პრაქტიკულები არიან. მათი 99% პატიოსანი შრომით შოულობს ფულს და იოლად არ ფანტავს, როგორი შემოსავალიც უნდა ჰქონდეს. ჩვენი გაგებით ეს სიძუნწესთან ასოცირდება.

ნაცნობობის დასაწყისში ევროპელი არ წაიყვანს ქალს ძვირფას რესტორანში და არც ძვირფას სამკაულებს უყიდის. თუმცა, თუ ქალი თავისად დაიგულა და სერიოზულად შეხედა, არც ძვირფას სამოსს მოაკლებს და არც ზრუნვას.

იმავდროულად, ევროპელი მამაკაცები, რასაკვირველია, ერთმანეთს არ ჰგვანან. მაგალითად, გერმანელი კაცები მათთვის არიან, ვისაც შეუძლია თავისი აზრების მკაფიოდ გამოხატვა. გერმანელები სწორხაზოვნები არიან, კომუნიკაბელურები, უყვართ პირდაპირი პასუხები.

ისინი შრომისმოყვარეები არიან, თუმცა სამსახური მათთვის თვითმიზანი კი არა, ოჯახის უზრუნველყოფის საშუალებაა. მოგზაურობის მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზე არიან და ყოველ უქმეებზე ოჯახებით დადიან სამოგზაუროდ.

საერთაშორისო წყვილები გერმანიაში ჩვეულებრივი ამბავია.

* ავსტრიელი მამაკაცები იმ ქალბატონებისთვის არიან, ვისაც საიმედო დასაყრდენი სჭირდება. ისინიც გერმანელებს ჰგვანან, თუმცა პატარა ტერიტორიის გამო საკუთარ თავს გერმანელებზე უფრო მაღალი წარმომავლობის ადამიანებად მიიჩნევენ და შვეიცარიელებზე მეტად ჩაკეტილები არიან.

მშვიდები, ნაკლებად ემოციურები და უფრო მიწიერები, უყვართ საფუძვლიანობა და სიმყუდროვე. გიჟდებიან სამთო-სათხილამურო სპორტზე.

* შვეიცარიელი მამაკაცები მათთვის არიან, ვინც არ ჩქარობს და ლოდინი შეუძლია. შვეიცარიელები შედარებით გულდახურულები და კონსერვატიულები არიან. ცხოვრების უბრალო წესს მისდევენ, თუმცა ფრთხილად ეკიდებიან უცხოელთან ნაცნობობას. საკმაოდ დიდხანს ფიქრობენ, სანამ დაოჯახებას გადაწყვეტენ.

* იტალია იმ ქალბატონებისთვისაა, ვისაც მბრძანებლობა უყვარს. იტალიელები ხალისიანები, იმპულსურები, ცოტა ბაქიები არიან, უყვართ ყველაფრის გადაჭარბება. მათში თანდაყოლილი შემოქმედებითი მუხტია. ტექნიკური განათლების მქონენიც კი მღერიან, ხატავენ.

იტალიელი კაცები ელეგანტურები არიან, მოვლილები, თბილები. ტემპერამენტის გამო ხშირად მათ მექალთანეებად და თავქარიანებად მიიჩნევენ, თუმცა ასე არ არის. იტალიელისთვის ცოლი უაღრესად პატივსაცემი ადამიანია, სწორედ ქალი მართავს იტალიაში ოჯახს.

იტალიელები გვიან ქორწინდებიან, სანამ ბოლომდე არ დარწმუნდებიან არჩევანში.

* სკანდინავიის ქვეყნები: მათთვის, ვისაც გართობა უყვარს. სკანდინავიურ ქვეყნებში კანონმდებლობა იმდენად აფართოებს ქალთა უფლებებს, რომ ფემინიზმის დონე იქ მსოფლიოში უმაღლესია. სკანდინავიელმა ქალებმა ისე შეამჭიდროვეს მამაკაცები თავიანთი თანაბარუფლებიანობით, რომ თანდათან სასწორი მათ მხარეს გადაიხარა.

სკანდინავიელები მუშაობენ და მეურნეობას უძღვებიან ქალების თანაბრად, უქმეებზე ბავშვებსაც თანაბრად უვლიან. სკანდინავიელი მამაკაცები იოლად, თუმცა საბოლოოდ მიჯნურდებიან და ბოლომდე ერთგულები არიან, გარდა ამისა, ეჭვიანებიც არიან, ვნებიანებიც და შესანიშნავი საყვარლებიც.

შეძლებული საქმროების (ე.წ. საშუალო კლასი) ყველაზე დიდი რაოდენობა სწორედ სკანდინავიაში ცხოვრობს, ასევე გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში. "ბიზნესკლასის" (საშუალოზე მაღალი დონით) მდიდარი მამაკაცის მოძებნა გერმანიაში, შვეიცარიასა და საფრანგეთში ღირს.

"ელიტური" საქმრო დიდი ფულით - იტალიაში ან ესპანეთში. ამ ქვეყანაში ან ჯიბეგამოფხეკილს ნახავთ, ან ჯიბესქელს. იქ მილიონერების რიცხვი თანდათან მატულობს.

ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში მცხოვრები ქალისთვის დიასახლისობა სამარცხვინო არ არის, თუ ეს მისთვისაც და მისი ქმრისთვისაც მისაღებია. თუმცა ევროპაში იშვიათია დიასახლისები, განსაკუთრებით შრომისუნარიან ასაკში. სტაბილურმა ევროპულმა ქვეყნებმა რა ხანია იშოვეს საოჯახო თანაშემწეები პოლონეთიდან, უკრაინიდან და სხვა ნაკლებად შეძლებული ქვეყნებიდან.

მიუხედავად იმისა, რა ასაკში იწყებს ქალი რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ცხოვრებას, ორი წელი მაინც სჭირდება ადაპტაციისთვის, მენტალიტეტის შესაცვლელად და ენის შესასწავლად. ორ წელიწადში თვითონვე არ სურს დიასახლისობა, რასაკვირველია, თუ მილიონერის ცოლი არ არის.

ახალ ქვეყანაში თვითრეალიზაციისთვის ყველაზე მთავარია გესმოდეთ: ქვეყანამ რომ მიგიღოთ, ჯერ თქვენ უნდა მიიღოთ მისი ცხოვრების პირობები, გაიგოთ მისი მენტალიტეტი, კულტურა, ჩვევები და იმ ადამიანების თავისებურებები, რომლებიც იქ ცხოვრობენ.

ყველაზე პოპულარული მამაკაცები პოსტსაბჭოურ ქვეყნებში მაინც გერმანელები და იტალიელები არიან. ასევე მოწონებით სარგებლობენ ფრანგები და სკანდინავიელები. ამერიკელი მამაკაცები ნაკლებად პოპულარულები არიან.

წყნარი და ასევე 40 წელზე უფროსი ასაკის ქალები უფრო მშვიდი ქვეყნების წარმომადგენელ მამაკაცებს ამჯობინებენ, ახალგაზრდა ემოციური ქალები კი თავისნაირ ემოციურ მამაკაცებს ირჩევენ "თბილი ქვეყნებიდან".

რაც შეეხება კანონებს, ყველა ქვეყანაში სხვადასხვა კანონია ხელის მოწერასთან, მოქალაქეობის მიღებასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ბოლო დროს ბევრი წყვილი არ აქცევს ყურადღებას იმ ქვეყნის კანონებს, სადაც უნდა იცხოვროს და ქორწინებას დანიაში აკანონებს - აქ დოკუმენტების კომპლექტი მინიმალურია, გაფორმებას კი მხოლოდ ერთი თვე სჭირდება.

დანიის მთავარი პირობაა - წყვილი ორი ან სამი დღით უნდა გაჩერდეს ადგილობრივ სასტუმროში. ამ გზით დანია ხაზინას ავსებს, წყვილი კი ნერვების მოშლის გარეშე მიიღებს ქორწინების დამადასტურებელ მოწმობას. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ქალი უცხოელზე დააპირებს დაქორწინებას, საქმეში კვალიფიციური იურისტები უნდა ჩართოს.

ჟურნალი "რეიტინგი"