თუ ოდესმე გიცდიათ რამე დაგეწერათ, მაშინ ის გრძნობაც გექნებათ გამოცდილი, როცა ყველა უჯრედით გრძნობ, სხეულში როგორ დაქრიან ერთმანეთში არეული გამოსახულებები, გწყურია თავი მოუყარო, ააწყო და უფუნქციოდ მოხეტიალე ასოებს ერთად შეკინძულს სიცოცხლე აჩუქო.
ასოებიც ადამიანებივით არიან, მარტოობა არ უხდებათ, ერთსა და იმავე ასოს კი სხვადასხვა მეწყვილესთან განსხვავებული მნიშვნელობის შეძენა შეუძლია.
ნათელი ღამე იყო, ბარდნიდა. ოთახში ლამაზი მელოდია დანარნარებდა. ქვეშაგებზე ზემოდან ვიწექით, მაგრამ არ გვციოდა, მოზღვავებული ოქსიტოცინი და ენდორფინი გვათბობდა. ვგრძნობდი, როგორ არხევდა ჩემს კულულებს მისი გახშირებული სუნთქვა.
- ისე განვსხვავდებით ერთმანეთისგან...- წამოვიწყე უნებლიეთ.
- როგორ? - ხმადაბლა ვლაპარაკობდით.
- როგორც ცა და მიწა... - სრული ჭეშმარიტება იყო, ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ცხოვრებისეული იდეოლოგიის მქონე სული, ორი უკიდურესობა ვიყავით.
- როგორ ფიქრობ, ასე დიდხანს გავძლებთ?
- არ ვიცი... - სახით მიმიზიდა და თვალებში ჩამხედა.
- მიყვარხარ.
- მეც მიყვარხარ.
- მითხარი, რომ ყოველთვის ჩემი იქნები.
-შენი ვიქნები... - დავიჩურჩულე და მის ბაგეებს დავეწაფე. მკლავი მომიშიშვლა და მგზნებარედ მეამბორა. ხელები წელზე მოვაჭდე, მერე ფრთხილად სვიტერში შევუცურე და გადავხადე...
იმ ღამის მოგონება ყოველთვის ღიმილს მგვრიდა, ამჯერად კი სირცხვილის გრძნობა მწვავდა. იმიტომ კი არა, რომ შეცდომად ვთვლიდი ან ვნანობდი, - არა! უბრალოდ წარმოსახვაში იჭრებოდნენ ადამიანები, რომლებიც იქ არ უნდა ყოფილიყვნენ და გაოცებულები ერთსა და იმავე შეკითხვებს სვამდნენ.
- შეიძლება შენ გგონია, რომ ქალწული ხარ. ზოგს იმდენად თხელი აპკი აქვს, ვერაფერს იგებენ... ზოგს სისხლი საერთოდ არ მოსდის, ინდივიდუალურია...
- ეგ ყველაფერი ათასჯერ მაინც წამიკითხავს.
- აბა, რას ამბობ, საერთოდ არ დარღვეულა...? - უკვე ვეღარც ვითვლიდი, მერამდენედ მეკითხებოდა გაოცებული ენდი.
- არა, აპკის დარღვევის მცდელობაც კი არ ყოფილა!
გაოგნებულმა პირი გააღო, მაგრამ მიხვდა, რომ უკვე ყველაფერი არაერთხელ ჰქონდა ნაკითხი და ისევ დამუწა. ფანჯარასთან იდგა და აღელვებული აბოლებდა, მერე სიგარეტი ჩააქრო და დადუმდა... რეალურად, მეც გაოცებული ვიყავი, ადრე არასდროს მიფიქრია, თუ შესაძლებელი იყო ასეთი რამ, რომ მეფიქრა, სიფრთხილესაც გამოვიჩენდი.
- ექიმმა რაო? მქონია ასეთი შემთხვევაო? - დიდხანს მაინც ვერ მოითმინა და ისევ მკითხა.
- თეორიულად შესაძლებელია. ვესტიბულარული კოიტუსით დაორსულება შესაძლებელია, თუ საშოს კარიბჭეში ან მასთან ძალიან ახლოს სპერმა მოხვდება, მაგრამ პრაქტიკულად, მილიარდში ერთი შემთხვევააო... - ვიხსენებდი ექიმის სიტყვებს, მაგრამ უცებ გავაცნობიერე, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს? რა გზით დავფეხმძიმდი, არაფერს ნიშნავს, მთავარი შედეგია!
ენდი ჩემზე შვიდი წლით უფროსი იყო. ბავშვობაში ყოველთვის ვჩხუბობდით, მაგრამ რაც უფრო ვიზრდებოდით და ვსერიოზულდებოდით, უფრო მეგობრული ურთიერთობა გვიყალიბდებოდა.
იმ დროს მისი ქმარი, ტიმი მეორე პატიმრობიდან ახალი გათავისუფლებული იყო. შვილები, უფროსი - სიმონი 5 წლის იყო, უმცროსი კი სოფია - 3 წლის. ენდის ტიმი არასდროს ჰყვარებია, ყოველთვის მიკვირდა, ცოლად რატომ გაჰყვა. ხმამაღლა არასდროს უთქვამს, მაგრამ ვიცოდი, ვხედავდი და ყველა გრძნობის ორგანოთი ვგრძნობდი, რომ ჩემს დას ისევ დევი უყვარდა.
ჩემი ოჯახი მათი ურთიერთობის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ადრე თუ გვიან, დააშორეს და ენდის ამის გადატანა ძალიან გაუჭირდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა მის ცხოვრებაში ტიმი. მას არც ისე ლამაზი ნაკვთები ჰქონდა, მაგრამ თავისებური ენერგეტიკით გოგონებთან ურთიერთობა არ უჭირდა. თვალები ეშმაკურად უელავდა, საშუალო სიმაღლის იყო, მაგრამ ისეთი აღნაგობა ჰქონდა, იმაზე მაღალი ჩანდა, ვიდრე იყო.
ფლორენცვილში ცხოვრობდა. როგორც თავად განმარტავდა, ხინესში საქმიანი ვიზიტით იყო ჩამოსული, როცა ხიდზე მიმავალმა მანქანიდან ჩემი და დაინახა, გადმოვიდა, დაედევნა, ბედმა გაუღიმა, ხიდის ბოლოში ყვავილების გამყიდველი იდგა, ლამაზი თაიგული იყიდა, ჩემს დას დაეწია და ლურჯი ვარდები აჩუქა.
ბუნებრივია, შუა ხიდზე გაჩერებულმა ავტომობილმა დიდი საცობი და არეულობა გამოიწვია. ამიტომ ტიმი უსიტყვოდ, გაღიმებული გაეცალა ენდის და საჭეს დაუბრუნდა. დღემდე არ ვიცით, საიდან გაიგო მისი საკონტაქტო ინფორმაცია, მაგრამ მოგვიანებით დაუკავშირდა, რამდენჯერმე შეხვდა და ყურებამდე შეყვარებულ პრინცს დაემსგავსა. ენდი თავიდან მასთან ურთიერთობით დევის დავიწყებას ცდილობდა, ყურადღება გადაჰქონდა. მერე, როცა შენიშნა, რომ ტიმი ძალიან ჩქარობდა და ზედმეტად აქტიურობდა, ცოტა შეშინდა და ურთიერთობის შეწყვეტა გადაწყვიტა და აბიტურიენტობისთვის საჭირო ყურადღება მოიმიზეზა.
ტიმი ძალიან მიზანდასახული იყო და დანებება არ უყვარდა. ურეკავდა საათში შვიდჯერ, მირეკავდა მე, ურეკავდა მის მეგობრებს. უგზავნიდა ფერად თაიგულებს, ტექნიკას, სამკაულებს, არ ეშვებოდა. მახსოვს, ორივე ახალი დაწოლილები ვიყავით, ენდი მობილურს გაღიმებული უყურებდა და როგორც ჩანს, ის მომენტი ჰქონდა, როცა იმდენად გინდა, ვიღაცას გაუზიარო ემოცია, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ის.
- იცი, მგონია, ტიმი ძალიან კარგი ქმარი იქნებოდა... 19 წლისაა და უკვე რამდენს მიაღწია დამოუკიდებლად?! 1500 გრინლი ფიქსირებული შემოსავალი აქვს, ყურადღებიანია, თბილი, ქალის პატივისცემა იცის... - აღტაცებული ლაპარაკობდა, მაგრამ მის სიტყვებში სიყალბე შევნიშნე, თითქოს საკუთარ თავს აჯერებდა - მასთან ურთიერთობა მსიამოვნებს...
- გიყვარს? - შევაწყვეტინე გამომცდელად. შეცბა, პირი გაუბედავად დააღო, მაგრამ ფარხმალდაყრილი გამომეტყველებით ამოილუღლუღა:
- არა, არ მიყვარს... მაგრამ ხომ შეიძლება, მერე შემიყვარდეს, ან უბრალოდ ასე, მეგობრული დამოკიდებულებით ბედნიერად ვიცხოვროთ?
- მაგით რისი თქმა გინდა?
- ახლავე აგიხსნი... - რამდენიმეწამიანი პაუზა გააკეთა, გულაღმა დაწვა და ჭერს ახედა - მხოლოდ სიყვარული საკმარისი არ არის ოჯახის შესაქმნელად, საჭიროა პატივისცემა, ფინანსები, ძლიერი ხასიათი, ყურადღება, გაგება და სხვა ბევრი რამ, რაც ვფიქრობ, მასში და ჩვენს ურთიერთობაში საკმარისადაა. ტყუილს ვერ ვიტყვი, არ მიყვარს, დევის მიმართ სულ სხვა გრძნობა...
ვიგრძენი, როგორ შეყოყმანდა, უნდოდა, ახლანდელ დროში ეთქვა, მაგრამ მაინც მოიტყუა, მოატყუა საკუთარი თავი - მქონდა... ყოველთვის მემახსოვრება, მაგრამ უკვე ჩემი წარსულია და ეს აღარ შეიცვლება.
სამწუხაროდ, მისი წარმოდგენები არ გამართლდა, ნახევარი წელიც არ იყო გასული, რაც დევისთან ურთიერთობა შეწყვეტილი ჰქონდა, პირველი მისაღები გამოცდის ჩაბარებისთანავე ტიმს ცოლად რომ გაჰყვა. თვითონ ამბობს, რომ არ გაპარულა, ძალიან გადაღლილი და ნანერვიულები იყო და ამით ტიმმა ბოროტად ისარგებლა. ცოლის მოყვანიდან მალევე, ტიმმა სამსახური დაკარგა, გაურკვეველი მიზეზების გამო საიდუმლო ორგანიზაციის თანამშრომელი აღმოჩნდა, აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილება გამოავლინა, გასუქდა და საბოლოო ჯამში, აღარც სიყვარული ჰქონდათ და აღარც ფინანსები, აღარც პატივისცემა, აღარც - ყურადღება და სითბო. ორჯერ დაიჭირეს, შეთითხნილი სამხილებითა და გაურკვეველი ბრალდებებით. მე ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებდი მას, ძალიან მაეჭვებდა ასევე მამაჩემით ტიმის დაინტერესება. {{ArticleSplitCont}}
მამაჩემი დირლანიის წარმატებული მოღვაწე იყო, თვეში ათი-თხუთმეტი ათასი სტელა მისი საშუალო შემოსავალი იყო, გარდა ამისა, მდიდრულ პენტჰაუსში ცხოვრებას მთელ ოჯახთან ერთად, ოჯახის ყველა წევრის ჯანმრთელობას, ტექნიკას, ავეჯსა და საწვავის ხარჯებსაც დირლანიის ხელისუფლება უფინანსებდა, როგორც მსოფლიო ჩემპიონს. ოჯახს ძალიან გაუჭირდა მისი დაღუპვით გამოწვეული ტრაგედიის გადატანა. დედაჩემი მოსიარულე გვამად იქცა, მთელი დირლანია-ლენდჰილი, განსაკუთრებით, ხინესი და საერთოდ, მთელი მსოფლიო გლოვობდა არტურს. მაგრამ ერთ დღეს, როცა მე ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი, დედაჩემმა უცნაურ დიალოგს მოჰკრა ყური. არტურის ბიძაშვილთან, ადამთან ვიყავით სტუმრად კუნძულზე, როცა დედამ და ადამის უფროსი ძმის ცოლმა, ელინმა შენიშნეს, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.
- ირენ, ადამი ყოველ ღამე სადღაც დადის. პაემანს არ ჰგავს, გოგონებთან ურთიერთობას არასდროს მალავდა, რაღაც ძალიან საეჭვოდ მეჩვენება...
- მართლა? მეც შევამჩნიე, რომ რაღაცას მალავს. - ისინი თითქოს ორივე უბრალოდ ადამის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ, მაგრამ არაცნობიერად, ორივენი სხვა რამეს ეჭვობდნენ.
- ყოველ ღამე საძინებლის კარს შიგნიდან კეტავს. გუშინ ღამე არ დამეძინა, სიგარეტი აღარ მქონდა და ვიფიქრე, გამოვართმევ-მეთქი. დავუკაკუნე - არ გამიღო, მერე გასაღები მოვძებნე და გარედან გავაღე კარი. ვიცი, სხვისი პირადი სივრცის შევიწროება უსამართლობაა, მაგრამ გული რაღაცას მეუბნებოდა, ვერ მოვისვენე. ოთახში შევედი და საწოლი ცარიელი იყო, აივნის კარი ღია. - ნელ-ნელა უფრო და უფრო ხმადაბლა ლაპარაკობდა ელენი, ბოლოს ჩურჩულზე გადავიდა - არაფერი მითქვამს, დღეს ღამე მინდა ჩავუსაფრდე და გავყვე, გავიგო, სად დადის... თუ აღმოჩნდება, რომ პაემანზეა ან წვეულებაზე, ან უბრალოდ მეგობრებთან ერთად მარიხუანას ეწევა, ხომ კარგი, თუ არადა - უნდა ვიცოდეთ, რაშია საქმე...
- რას ამბობ?! რომ დაგინახოს, რომ ეწყინოს?
- მიღირს. - მოკლედ მოუჭრა ელენმა. - შენ რას იზამ? ზურგს გამიმაგრებ?
ირენი დაიბნა.
- წამომყვები-მეთქი? - შეუყვირა ელენმა.
- კი, წამოგყვები... სესილიას და ენდის დავაძინებ და მეც გამოგყვები.
შუაღამისას ელენი და სესილია ადამის ფანჯრის მოპირისპირე მხარეს მანქანაში ჩასხდნენ და საათ-ნახევარი იცდიდნენ. ის იყო, ძილი ერეოდათ, ირენმა წამოიწყო.
- აზრი არა აქ, სძინავს ალბათ. წამოდი, სახლში ავიდეთ, ტყუილად დავკარგეთ ამდენი დრო...
- ჩშშშშშ!... - შეაწყვეტინა ელენმა, თავი ძირს ჩახარა და ირენიც ძირს ჩაქაჩა. - თავი ჩახარე! ჩქარა.
ადამი ფანჯრიდან ფრთხილად გადმოძვრა და გზას გაუყვა. გარეთ არავინ იყო, ამიტომ მანქანით რომ გაჰყოლოდნენ, აუცილებლად შეამჩნევდა. დაელოდნენ, როდის მოეფარა თვალს და მთავარი გზიდან გადაუხვია თუ არა, მანქანიდან გადმოვიდნენ და სწრაფი, ჩუმი ნაბიჯით მიჰყვნენ მის კვალს. ადამმა ვიწრო, ბნელი ჩიხებით იარა, რაც ირენსა და ელენს ავისმომასწავლებლად ეჩვენებოდათ და 40-წუთიანი საიდუმლო მგზავრობა-დევნის შემდეგ ადამი დანგრეული ხიდის ქვეშ შეჩერდა. საათს დახედა, ირგვლივ მიმოიხედა და სიგარეტს მოუკიდა. ირენი და ელენი იქვე, შორიახლოს შეჩერდნენ და ხეებს ამოეფარნენ.
- ვიღაცას ელოდება. - ჩურჩულით დაასკვნა ელენმა.
- პაემანი აქვს, როგორც ჩანს! ბავშვები ხომ არ ვართ, რა ჩვენი საქმეა, სად დადის? არ უნდა გამოვყოლოდით, ახლა რომ...
- მოკეტე! - ისევ შეაწყვეტინა ელენმა და ადამისკენ გაახედა. ადამი ფეხზე წამოდგა, ირგვლივ მიმოიხედა და რამდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა. სიბნელიდან მეორე სილუეტი აილანდა, კაცის სილუეტი იყო, მაღალი და ათლეტური.
- ეს ვინ არის? - თითქო ცხელი, ბლანტი სითხე ჩაეღვარა სხეულში ირენს.
ადამი კაცს მიესალმა და ლაპარაკი დაიწყეს. რას ლაპარაკობდნენ, არ ისმოდა, არც კაცის სახე ჩანდა სიბნელეში. ირენმა და ელენმა რამდენიმე ნაბიჯით წინ წაიწიეს, რომ დაენახათ და ორივეს თავზარი დაეცა. ეს არტური იყო!
გაგრძელება იქნება ხუთშაბათს
ავტორი ლეანდრა ჯერარდი
იხილეთ წინა თავები: სხვა ხედი. II თავი. გამოღვიძება