- ლამაზად გამოიყურები - სესილია უადგილო კომპლიმენტმა გააღიზიანა.
- დასხედით... - ჩაახველა დევიდმა. ახალმისულებს სახეზე დაბნეულობა შეატყო.
- ვიცი, შეიძლება ჩემმა დანახვამ გაგაკვირვათ, უბრალოდ, მაქსიმს გვერდში დგომა სჭირდებოდა... ხომ გესმით, ის სულ მარტოა, ჩემთვისაც არ აპირებდა რამის თქმას, სანამ სესილია მისცემდა უფლებას. ერთია, როცა რთულ მდგომარეობაში ხარ და ამაზე ბევრად უარესია, როცა მარტო ხარ.
- დევიდი ჩემთვის ძალიან ახლობელია, თვალდახუჭული ვენდობი. შეგიძლიათ თქვენც ენდოთ. - ჩაერთო მაქსიმი.
- გასაგებია, გვესმის... ასეა თუ ისე, ახლა ყველანი დიდი თავსატეხის ქვეშ ვართ... მე ვიცი, რომ თქვენ ბავშვები ხართ, მესმის, რომ ამხელა პასუხისმგებლობის აღება ძალიან გერთულებათ და გაშინებთ, მაგრამ თქვენს ხელში სიცოცხლეა, ბავშვის სიცოცხლე, რომელიც თქვენი სიყვარულის ნაყოფია... - ენდი პირდაპირ საქმეზე გადავიდა. სესილია დუმდა, საუბრის წამოსაწყებად ძალა არ ჰყოფნიდა. აქა-იქ, როცა სიტუაციას სიღრმისეულად გააანალიზებდა, თავს ვერ იკავებდა და ერთი-ორი ცრემლი გადმოუგორდებოდა ხოლმე, რაც ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებდა.
- მე მიყვარს სესილია, გესმით?! - წამოიძახა მაქსიმმა. - მიყვარხარ, ჩემი ცხოვრება დიდი ხანია დაგიკავშირე და ჩემი მომავალი შენ გვერდით მაქვს წარმოდგენილი! რატომ გამოგყავვართ მკვლელი? რატომ ლაპარაკობთ ისე, თითქოს... თითქოს ბავშვის მოკვლა მინდა?! დიახ, არ მინდა, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ? ბავშვს გაზრდა ხომ უნდა? განათლების მიცემა, ყოველდღიური საზრდო?! სესილია, - მიუბრუნდა სესილიას. - გაიხსენე შენი გეგმები! შენი სიტყვები, ყოველთვის იმას გაიძახოდი, მშობლების ხარჯზე ოჯახის შექმნა პარაზიტობააო. ხო, ზუსტად ასე ამბობდი! მით უმეტეს, მე არც კი ვიცი, რას იტყვიან ამ ყველაფერზე ჩემი მშობლები, დამიდგებიან კი მხარში? დედაჩემს უკვე თვეზე მეტია საერთოდ არ დავლაპარაკებივარ. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მოვიკლებდი ყველაფერს და ბავშვს და შენ მოგცემდით, მაგრამ... მაგრამ იმის გარანტიაც არ მაქვს, რომ მე მექნება რამე... არ ვმუშაობ, არასდროს მიმუშავია, გესმით? ვსწავლობ და ასე მოულოდნელად... სამსახურის პოვნასაც ხომ სჭირდება დრო? - თვალებამღვრეულს სიტყვა გაუწყდა და დადუმდა.
- მე... არ შემიძლია მოვკლა ბავშვი... და თუ მაინც გავაკეთე ეს, მასთან ერთად გაქრები შენც ჩემი ცხოვრებიდან.
- რატომ? ვერ ვხვდები, რატომ ამბობ ამას?!
- როგორ წარმოგიდგენია ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა?!
- რა გამოდის, მხოლოდ ბავშვის გამო გინდა ჩემთან ყოფნა? ანუ ცოლად თუ გამომყვები, მხოლოდ ბავშვის გამო?
- ღმერთო! - წამოიყვირა აღშფოთებულმა სესილიამ - როგორ არ გესმის?!
- ეს არაფერ შუაშია, უბრალოდ, ნებისმიერი ქალისთვის წარმოუდგენელია ურთიერთობის გაგრძელება კაცთან, რომელთან ერთადაც ყოველთვის გაახსენდება, რომ საკუთარი შვილი მოკლა! - მკვახედ მიახალა ენდიმ.
- მე მგონი, აჯობებს, მარტო დავტოვოთ, დაილაპარაკებენ. - მშვიდად უთხრა ენდის დევიდმა და ორივენი უსიტყვოდ ადგნენ და გარეთ გავიდნენ.
მაქსიმი გაუბედავად მიუახლოვდა სესილიას და ხელზე ფრთხილად, სათუთად გადაუსვა საჩვენებელი თითი. სხვა დროს, ალბათ ეს ჟესტი სასიამოვნო მღელვარებას გამოიწვევდა სესილიაში, მაგრამ იმ მომენტში, როცა თავს ყველაზე უბედურად გრძნობდა, მოფერებამ საკუთარი თავისადმი სიბრალულის გრძნობა აღუძრა და აქვითინდა. მოულოდნელი რეაქციით შემცბარმა მაქსიმმა პირი გააღო, მაგრამ საჭირო სიტყვები ვერ მოძებნა. საყვარელი ქალის ცრემლები გულს უკლავდა, გაუსაძლისი იყო ამ სურათის ყურება მისთვის. იმ წამს მზად იყო, ყველაფერზე წასულიყო, ოღონდ მისთვის ყველაზე ძვირფასი, ბავშვური და სასაცილო ღიმილი დაენახა ცრემლებით გაჟღენთილი, ტკივილით დამანჭული გამომეტყველების ნაცვლად. სული შეეხუთა, გადაიხარა გოგონასკენ და ძლიერად მოეხვია.
- გთხოვ, შეწყვიტე!
- არ... შემიძლია - საბრალოდ ამოიგმინა და დადუმდა... რამდენიმე წამი ორივე დუმდა.
- არ ვიცი, რას გადავწყვეტ ხვალ, უბრალოდ მინდოდა, შენი იმედი მქონოდა ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ მეტისმეტად სუსტი ყოფილხარ იმისთვის, რომ ვინმეს დასაყრდენი იყო.
მაქსიმმა კვლავ გააღო პირი, უნდოდა, ეთქვა, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მენდოო, მაგრამ არაფერი თქვა. არ უნდოდა მასზე გავლენის მოეხდინა. რაოდენ ირონიულიც არ უნდა იყოს, სწორედ იმის შიშით გაუცრუა იმედები საყვარელ ქალს, იმედები რომ არ გაეცრუებინა. ჰო, პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ფაქტი ამგვარი იყო: არ შეეძლო მისთვის საიმედო სიტყვები ეთქვა, რადგან ვერ მისცემდა იმას, რასაც იმსახურებდა, რაც იმედგაცრუებას გამოიწვევდა მომავალში. მაგრამ სადღაც, გულის სიღრმეში ორივემ იცოდა, რომ საკმარისი იყო სესილიას ეთქვა, ბავშვს სიცოცხლეს ჩუქნიდა, მაქსიმიც გაიზიარებდა გადაწყვეტილებას და მასთან ერთად იზრუნებდა ამ ბავშვის სიცოცხლის უზრუნველსაყოფად.
- გთხოვ, დამშვიდდი, შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება... - თქვა, მაგრამ თავადაც გააცნობიერა, რაოდენ არაფრისმომცემი და სულელური სიტყვები ამოსდიოდა პირიდან, რამდენჯერაც არ უნდა ეცადა რაიმეს თქმა და საკუთარი თავისადმი ზიზღი იგრძნო. მუჭი ძლიერად შეკრა და მაგიდას დაარტყა ბრაზის გასაქარვებლად.
- დამპირდი, რომ არ მიმატოვებ... გთხოვ! - უთხრა და გოგონას მუდარით სავსე, ზურმუხტისფრად აელვებული თვალები შეანათა.
- უნდა წავიდე.
სესილია ადგა და წავიდა, ხმაურიანი ნაბიჯით მივიდა მძიმე კარებამდე, გამოაღო და გარეთ გასულმა მძიმედ მიიხურა. დევიდი და ენდი კართან იდგნენ და სიგარეტს ეწეოდნენ, სესილიას დანახვაზე ორივე დაიძაბა.
- წავედით - უთხრა დას ისე, რომ არც კი შეუხედავს და ისიც უსიტყვოდ გაჰყვა.{{ArticleSplitCont}}
* * *
კვლავ ჰორიზონტს გავყურებდი და აღარც კი ვიცოდი, მერამდენედ ვაანალიზებდი, რა მოხდა ჩემს თავს. რამდენჯერაც არ უნდა გამეხსენებინა ის დღეები, ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, რომ სამყაროში შეუძლებელი არაფერია. იცით, ხანდახან მგონია, რომ სამყაროს თავისი ენა აქვს. ყველაფერი ესმის, რასაც ვლაპარაკობთ და ვფიქრობთ, გვიხარია, გვწყინს, ყველაფერი, რისიც გვეშინია, მაგრამ არა ისე - როგორც ჩვენ ვგულისხმობთ, არამედ სხვანაირად, თავისებურად... თითქოს რაღაც უხილავი ძალა ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ და არაფერია ისე, როგორც გვგონია. გვიყვარდება ის, ვინც ყველაზე მიუღებელია ჩვენთვის, გვემართება ის, რაზეც უწინ სხვას დავცინოდით ან უბრალოდ, ვაკრიტიკებდით, აუცილებლად შეგვემთხვევა ის, რაც ყველაზე მეტად გვაშინებს და ყველაზე პარადოქსული კი ისაა, რომ მსგავსი სიურპრიზები მთლიანად გვიცვლის მსოფლმხედველობას. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის, რაც ყოველთვის ყველაზე მეტად მაშინებდა, იგივე ის, რის გამოც თავს ყველაზე უბედურად ვგრძნობდი, ყველაზე დიდი ბედნიერების დასაბამი აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში.
ხანგრძლივი გოდებითა და გლოვით დაქანცულს სასწაულის მოლოდინში რამდენიმე წამით ჩამთვლიმა. ჯერ კიდევ ძილ-ბურანში ვიყავი, რომ იქვე, გვერდით საწოლთან დედაჩემის ტელეფონმა დარეკა. უცნაური გრძნობა დამეუფლა, სასწაულის იმედი და უარესის შიში ერთდროულად დამეუფლა.
- გისმენთ... - უპასუხა შეშინებულმა, ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე ირენმა.
- გამარჯობა, ირენს ვესაუბრები? - სამარისებურ სიჩუმეში გარკვევით მესმოდა უცნობი მოსაუბრის ხმა. ქალი იყო, დავიბენი.
- დიახ, გისმენთ.
- არაფერს გეკითხებით, მხოლოდ ინფორმაციის დადასტურება მინდა თქვენგან. როგორც ვიცი, სესილია ფეხმძიმედაა მაქსიმისგან, ასეა თუ არა?
- ვინ ბრძანდებით? - იკითხა თავზარდაცემულმა ირენმა.
- მაქსიმის დედა ვარ, ნადია.
- საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?
- არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ რახან გაინტერესებთ, გეტყვით, რომ თავადაც არ ვიცი ინფორმაციის წყარო, ვიღაცამ ანონიმურად შემატყობინა ეს ამბავი და თუ სიმართლეა, ვინც არ უნდა იყოს, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის... მიპასუხეთ, ასეა თუ არა? მე სესილიას ვიცნობ, ძალიან მიყვარს და რაც ყველაზე მთავარია, ჩემს შვილს ძალიან უყვარს. სანამ თქვენ დაგირეკავდით, მაქსიმს ველაპარაკე, მას სესილიას ცოლად მოყვანა უნდა და მე მზად ვარ, გვერდში დავუდგე მათ როგორც მორალურად, ისე - ფინანსურად შეძლებისდაგვარად, რა თქმა უნდა და... სულაც, კარგი იქნებოდა, თავად ეთქვა სესილიას ამ ამბის შესახებ.
- სესილია, ჯერ ძალიან პატარაა ოჯახის შესაქმნელად. - მიახალა შეშინებულმა, სულ მთლად აცახცახებულმა ელინმა მკვახედ.
- მე მესმის თქვენი პოზიცია, ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, ვერც მე წარმომიდგენია მაქსიმი მამად, მაგრამ ახლა უკვე ფაქტის წინაშე ვართ და ვერაფერს შევცვლით. მე მაქსიმის მამასაც ვესაუბრე, ჩვენ ყველანი მათ სიყვარულს ვუჭერთ მხარს! ნუ ინერვიულებთ, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისინი ბედნიერები იყვნენ, მივაღებინებ სესილიას განათლებას და მისთვის, გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ. აბორტზე არც იფიქროთ, ბავშვს ცხოვრება არ დაუნგრიოთ! ახალგაზრდები არიან, ერთმანეთი უყვართ...
- მაგრამ... ალო, გესმით? ალო?!
- დიახ, გესმით ჩემი?
კავშირი გაწყდა...
სასწაული მოხდა...
გაგრძელება იქნება ხუთშაბათს
ავტორი ლეანდრა ჯერარდი
იხილეთ: სხვა ხედი. IV თავი. დილემა