- როგორ ხარ? - ტრადიციულად წამოიწყო საუბარი კარლმა და სარკიდან შემომხედა.
- კარგად, თქვენ როგორ ხართ?
- ძველებურად.
- რას შვრება პატარა, გირტყამს ფეხებს? - მკითხა ანტონიომ და ჩემკენ შემობრუნდა.
- ხანდახან. - ვუპასუხე მორცხვად, რატომღაც მეუხერხულებოდა შვილზე ლაპარაკი.
- ჯერ სად ხარ... - მომიგო მხიარულად, გაიცინა და წინ შებრუნდა.
მთელი გზა ჩუმად ვისხედით, მეტი აღარაფერი გვითქვამს. ლევი და ტამარა 5 წლის ანიტასთან ერთად პატარა ბინაში ცხოვრობდნენ. ანიტა ნაშვილები ჰყავდათ, ბავშვის აყვანა თვრამეტწლიანი ლოდინისა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ გადაწყვიტეს. ანიტა აივანზე იდგა და სულმოუთქმელად გველოდა. როგორც კი დაგვინახა, აღტაცებულმა დაიყვირა, სესილიაო და ელვის სისწრაფით სახლში შევარდა, რომ პირველი შეგვგებებოდა... უფრო სწორად, შემგებებოდა. ჩემი ნახვა ყოველთვის უხაროდა, ბავშვებს უყვართ ახალი ოჯახის წევრები. კიბეზე მაქსიმი ჩამომჯდარიყო და სიგარეტს აბოლებდა. კარი გაიღო, ანიტა კისკისით გამოვარდა, მაქსიმს გადააბიჯა და ჩემკენ გამოექანა.
- ანიტა! სად გარბიხარ?! არ წააქციო გოგო, ანიტა! - დედას ყურადღება არ მიაქცია, თითქოს არც არაფერი გაუგონია.
- პრინცესა ანიტა! რა ლამაზად გამოიყურებით?! - ვიცოდი, ქათინაურები როგორ ახარებდა, თვალები კიდევ უფრო გაუბრწყინდა და წელზე შემომეხვია.
- ლამაზად შენ გამოიყურები! - არ დაიბნა, კომპლიმენტითვე მიპასუხა.
- მადლობა, ჩემო საყვარელო, მე კი შენმა სილამაზემ აღმაფრთოვანა!
- მართლა? დედა, გაიგონე? - სიხარული მარტომ ვეღარ დაიტია.
- გამარჯობა, ტამარა.
- გაგიმარჯოს, ჩემო საყვარელო! - თბილად მომესალმა ტამარა და ღია კარში დადგა. - გამოუშვი ანიტა, ნუ შეაწუხე!
- არ მაწუხებს, რას ამობთ?!
მაქსიმს ცივად მივესალმე და გვერდი ანიტასთან ხელჩაჭიდებულმა ჩავუარე.
სახლში შესვლისთანავე გემრიელი კერძის სუნი ვიგრძენი. ვერ მივხვდი, რომელი კერძი იყო, თუმცა მომინდა, მაშინვე დავძგერებოდი და მთელი ქვაბი მუცელში გადამეშვა. უმადობას არასდროს ვუჩიოდი, მაგრამ ორსულობამ, თამამად შემიძლია ვთქვა, გამაცხოველა. სანამ ერთმანეთი მოვიკითხეთ, დავსხედით, ტამარამ სუფრა გააწყო და ყველამ ერთად თავი მოვიყარეთ, მომეჩვენა, რომ დრო უსაშველოდ გაიწელა. რამდენჯერმე შევთავაზე სუფრის გაწყობაში დახმარება, თუმცა კატეგორიული უარი საერთოდ არ მეწყინა. მაქსიმს უბრძანეს, ჩემ გვერდით დამჯდარიყო.
- მოკლედ, ყველა ვღელავთ თქვენზე. რას ფიქრობთ? რა ხდება თქვენ შორის? - კარლი საქმეზე გადავიდა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო და ლევი მიეშველა.
- მახსოვს, ტამარა სასწავლებელში რომ დადიოდა, გამოიპრანჭებოდა, სარკესთან ერთი საათი ტრიალებდა და გასვლის წინ დავუძახებდი ხოლმე - ფეხზე წამოდგა, სამზარეულოდან ქილით მწნილი გამოიტანა, - დადექი აქ! - კმაყოფილი სახე ოდნავ უკან გადასწია და საჩვენებელი თითი წინ მიმართა, - დადგებოდა, ვეტყოდი: "დატრიალდი!", დატრიალდებოდა და ვაი იმის ცოდვა, თუ რამე არ მომეწონებოდა. - გადაიხარხარა და ტამარას გახედა.
- თუ არ გრცხვენია მაინც, მაგას რომ ამბობ! - გაუწყრა შერცხვენილი ცოლი.
- რა ვქნა, ძმაო, ვერ შევეგუები, ჩემს ცოლს კაბაში საცვლები რომ ულანდავდეს და ღრმად ამოჭრილ დეკოლტეში კაცები მოშიშვლებულ მკერდზე აშტერდებოდნენ! - თანაგრძნობისთვის მამასა და ძმას გადახედა, მათაც გაუცინეს და განაგრძო - სულ ვჩხუბობდით... გახსოვს, ტამარა, რომ ჩაალაგებდი ბარგს და დედაშენთან გარბოდი? მეც ვერ ვძლებდი მის გარეშე და შუაღამისას რამდენჯერ ფეხით დავდევნებივარ მის კვალს. - ტკბილ მოგონებებში გადაეშვა ლევი, თვალები ჭერზე მიეშტერებინა და სახე გაბადვროდა.
-ჰა-ჰა-ჰა! ეგ კიდე ახლოში მაინც იყო, თქვენ უნდა გენახათ, დედათქვენი რომ ჩაბარგდებოდა და ხან კარლისა და ლევის მიათრევდა, ხან შენ და ლევის, იმხელა გზაზე, ბიჭო?! რა დრო იყო?! - გადაიხარხარა ანტონიომ. - მაგრამ ბრუნდებოდა ისევ უკან, რა გზა ჰქონდა სხვა?
- რაც იყო, იყო! წარსულს ჩაბარდა ეგ თქვენი ისტორიები, ახლა მოგონებებზე სალაპარაკოდ არ ვართ აქ - მკვახედ გამოაფხიზლა კარლმა ძმა და მამა. - ამათ მომავალზე უნდა ვილაპარაკოთ!
- ჰო, მართალია. - დასერიოზულდა ბაბუა.
- რა მოხდა, სესილია?
- მაქსიმს ჰკითხეთ, ის უკეთ მოგიყვებათ.
- მაქსიმი ამბობს, რომ რაღაც წვრილმანზე იკამათეთ, გამათბობლის ჩასართავად არ გასულხარ მეორე ოთახში, რომ გთხოვა, მერე ხელი გაგირტყამს და სახლიდან გაქცეულხარ. მთელი ღამე ვეძებდიო, ასეა?
ირონიულად გამეღიმა.
- ასეა, მაქსიმ? - შევუბრუნე კითხვა.
- ჩვენ შენი ვერსია გვაინტერესებს.
- რა მოხდა მერე, ორსულადაა გოგო, ეგებ წელი სტკიოდა ან შეეზარა და ვერ გავიდა?! ვიცი, თქვენ როგორი მწარე ენაც გაქვთ მთელ გვარს, გაამწარებდი, თორემ ტყუილად არ გაგარტყამდა! - ჩაერია ტამარა.- ორსულ ქალს სხვანაირი მოფრთხილება და გაგება უნდა.
- ტყუილია, ჩავურთე წყლის გამათბობელი, თუმცა ახლა ამ სისულელის განხილვას არ ვაპირებ.
- ჩაურთე? აბა, რაღა უნდოდა?
- როგორ გგონიათ, გამათბობლის ჩართვა-არჩართვა წყვეტს ოჯახის დანგრევის საკითხს?
სახეზე დაბნეულობა დაეტყოთ.
- ეს არაფერ შუაშია, მაქსიმმა ხელი დამარტყა, რასაც ვერ შევეგუები არც გამათბობლის არჩართვის მიზეზით და არც წყევლის, გინების ან თუნდაც ღალატის გამო. რის საშუალებას მომცემს ჩემი ზრდილობა, რას გავაკეთებ და როგორი ცოლი ვარ და ვიქნები, ეგ მე ვიცი. თუ თავადაც დაინახავს და დააფასებს, თავადვე დარჩება მოგებული, მაგრამ... ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს, რაც უნდა მოხდეს, სულ ერთია, თუნდაც დავიმსახურო, კაცმა ხელი არ უნდა დამარტყას, არ მჭირდება კაცი, რომელიც დამარტყამს! გესმით ჩემი? არ შემიძლია ასეთ ადამიანთან ცხოვრება.
- ოოო... - აღმოხდა ანტონიოს, ყველამ შეშფოთებული გამომეტყველება მიიღო.
- ხელის დარტყმა არაა სწორი საქციელი. ქალზე ხელი არ უნდა აწიო, ბაბუ!
- ეს მომესმა თუ მართლა მოხდა? - იკითხა კარლიმ. მერე მაქსიმს მიუბრუნდა - მართლა ასე იყო?
- ნუ იგონებ და აზვიადებ რაღაცებს! არ იყო ასე! - გაბრაზდა მაქსიმი, თუმცა რთული სათქმელია, რაზე.
- არ იყო ასე? - გაიმეორა კარლმა.
- ჰო, ვკამათობდით და ოდნავ მივარტყი, მირტყმაც არ ერქვა, მასე სხვა დროსაც ბევრჯერ გამიკეთებია ხუმრობით... ისე ჰყვება, თითქოს მოძალადე ვიყო!
- აჰ, ოდნავ თუ დამარტყი, მაშინ შევრიგდეთ... - ჩავილაპარაკე ხმადაბლა, მაგრამ გარკვევით.
- მასე როგორ შეიძლება?! გოგოს იმისთვის არ ვზრდი, რომ ქმარმა ულაწუნოს! ასე არ უნდა მოსპო ურთიერთობა. ხელი დაარტყი ცოლს? ორსულ ცოლს? არ ხარ მართალი! - ლაპარაკში ჩაერია განრისხებული ტამარა. მაქსიმი უხერხულად შეიშმუშნა. მოულოდნელად კარლიმ გულიანად გადაიხარხარა. ყველამ მას შევხედეთ.
- შერონთანაც მომივიდა იგივე, რაღაცაზე ვჩხუბობდით და გაბრაზებულმა მივარტყი, ძლიერად არა, ისე.. - კვლავ გადაიხარხარა - პანიკა ამიტეხა, ხელი დამარტყიო.
- ცოლ-ქმრის ჩხუბი ბრიყვს მართალი ეგონაო! - ჩაერთო ბაბუა ხალხური ანდაზით.
- აბა რა, მასეა. თქვენი დაშორება არ შეიძლება, - წამოიწყო კარლიმ დამრიგებლური ტონით. - გადალახავთ რთულ პერიოდს და ყველაფერი კარგად იქნება, აი, ნახავთ. ოჯახის დანგრევა სულ შეიძლება, შენარჩუნება იქნება მერე გვიანი. ხან მაქსიმს შეეშლება, ხან შენ, შეუცდომელი არავინ არაა, შეცდომების პატიება უნდა ისწავლოთ და ერთად გაძლიერდებით. სიყვარული გაგაძლიერებთ!
ლევი წამოდგა, სიგარეტი და სანთებელა აიღო და კარისკენ გაეშურა. მაქსიმს თვალით ანიშნა, გამომყევიო და ორივენი გარეთ გავიდნენ, მოსაწევად.
- სესილია, - ხმადაბლა დამიძახა კარლიმ და ახლოს მოიწია. - ძალიან გთხოვ, ამ ერთხელ, დაივიწყე ეს წყენა, ამ ერთხელ დათმე, აპატიე და შეურიგდი. თუ იგივე განმეორდება, პასუხისმგებელი მე ვიქნები.... ჩემი ხათრით.
არაფერი მიპასუხია. არ ვიცი, გარეთ რა უთხრა ლევიმ მაქსიმს, თუმცა ოთახში უსიტყვოდ შემოვიდნენ და შეთანხმებულებივით წასასვლელად გავემზადეთ. კარლის მანქანაში ჩავსხედით და სახლისაკენ მიმავალ გზაზე ორივენი ვდუმდით. შევრიგდით, თუმცა ეს არ იყო შეყვარებულების მღელვარე შერიგება ხანგრძლივი განშორების შემდეგ, ეს არ იყო ემოციური, მშფოთვარე მომდევნო შანსი... ეს უფრო წარსულის დაბრუნების უმწეო მცდელობას ჰგავდა, მაგრამ დაბრუნდებოდა კი ის? ახლა თითქოს სხვანი ვიყავით, სხვა იყო ის და სხვა ვიყავი - მე. ადრეც ბევრჯერ მიფიქრია, რომ ქორწინება ურთიერთობებს ანადგურებდა, მაგრამ მაშინ ეს თვალნათლივ დავინახე. ჩვენ შევრიგდით და ყველაფერი კვლავ შავ-თეთრი იყო, ერთმანეთს არც კი ვუყურებდით, ყოველი შემთხვევისთვის, არ ვუყურებდი მე... ეს იყო ბზარი, რომლის ამოვსებაც, ღმერთმა იცის, აღემატება თუ არა ადამიანურ ძალებს.
გაგრძელება იქნება ორშაბათს
ავტორი ლეანდრა ჯერარდი
იხილეთ: სხვა ხედი. თავი 16. წარსულის ექო