მაშინ ჯერ სკოლას ვამთავრებდი. დედამ ყავაზე დაპატიჟა თავისი თანამშრომელი ქეთი, რომელთანაც მეგობრობდა.
მე მხოლოდ წამით გამოვჩნდი მათთან, რათა სტუმარს მივსალმებოდი და მერე ოთახში შევიკეტე. ვიჯექი და საღამოს კაბებს ვათვალიერებდი საბანკეტოდ. მისაღებში ხმას შედარებით რომ აუწიეს და დედაჩემმაც აღფრთოვანებული შეძახილების კორიანტელი დააყენა, ვეღარ მოვითმინე და მისაღებში გავვარდი.
- ვისზე ლაპარაკობთ? - უკან ამოვუდექი დედას და სტუმრის მობილურში გახსნილ ფოტოს დავაკვირდი.
- რა და ქეთის გოგონა, პელო გათხოვდა. - ისე მიპასუხა დედამ, თითქოს მე და ის ვიღაც პელო კარგა ხნის ნაცნობები ვყოფილიყავით.
- ა, გილოცავთ! - ღიმილით მივულოცე ქალს და ფოტოზე გამოსახული გოგონაცა და ბიჭიც კრიტიკული თვალით გავზომე.
მართლაც რომ ჩემი დასაწუნი არაფერი ჰქონდათ. ფოტოზეც კი ნათლად ჩანდა, როგორ უბრწყინავდათ თვალები ბედნიერებისგან. ბიჭს გოგოსთვის მხარზე ჰქონდა ხელი შემოხვეული და იღიმოდა. უზომოდ მომხიბვლელი იყო, განსაკუთრებულ ქარიზმას ასხივებდა. შურის დიდი, ეკლიანი ბურთი ძლივს გადავყლაპე. შეიძლებოდა გოგო უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ მე ბიჭს ვეღარ ვაშორებდი თვალს და მის გვერდით მდგომის ყავისფერ, ტალღოვან თმას, პატარა, ვარდისფერ ტუჩებს და ლამაზად ჩაწყობილ კბილებს ვაიგნორებდი.
- დედა, როგორ ჰგავხარ ჩემს გოგონას, შვილო! - შეიცხადა ქალმა და მეც მაშინ შევნიშნე, რომ ფოტოზე გამოსახულ გოგონას ძალიან ვგავდი.
ერთნაირი ფერის თმა, თვალები და სახის მოყვანილობა გვქონდა. გაღიმებაც კი ვცადე და კედელზე ჩამოკიდებულ სარკეში საკუთარი თავი რომ დავინახე, ელდა მეცა. ძალიან უნდა დაგვკვირვებოდით ორივეს, განსხვავება რომ შეგენიშნათ. ის შედარებით ბავშვური იყო და ჩემზე მუქი ფერის კანი ჰქონდა.
- როგორ არ დავაკვირდი, შვილო... ასეთი მსგავსებაც თუ არსებობდა, არ მეგონა! - ჯერ რომ მე გამომხედა დედამ და მერე მობილურის პატარა ეკრანზე ქეთის შვილს, მანაც იგივენაირი რეაქციით გამოხატა გაოცება.
ამ თემაზე საუბარი აღარ გაგვიგრძელებია იმ დღეს. მეტჯერ კი ქეთის აღარც შევხვედრივარ. სამსახურში შემცირებაში მოყვა დედასთან ერთად და მათი ნაცნობობაც ამით დასრულდა.
დღეს კი, ათი წლის შემდეგ შევხვდი მას, ვინც უცნაურმა დამთხვევამ გადამავიწყა... ჰო, ის იყო, ქეთის სიძე... მისი ქალიშვილის, პელოს ქმარი და ახლა უკვე კაცი, რომელზე ფიქრიც აღარ მასვენებდა!
დედისგან ქეთის მისამართს ვიგებ. ჩაწერილი ჰქონია ადრე და ახლა ისიც კი არ იცის ზუსტად, კვლავ იქ ცხოვრობს თუ არა მისი ყოფილი კოლეგა. ბევრს აღარ ვფიქრობ, არც სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავ და იმისთვის, რომ გიორგისთან შეხვედრა თავიდან ავიცილო, საჭირო ინფორმაციის გაგებისთანავე სახლიდან გავდივარ.
ნოემბრისთვის დამახასიათებელი ღრუბლიანი ამინდია. გზაზე ამოღრმავებულ ადგილებში წყალია ჩაგუბებული. სიარულის დროს ვცდილობ, გვერდი ავუარო მათ და შარვლის ფართხუნა ბოლოები არ დავისვარო. ღრმაღელის მეტროში ჩავდივარ და ვაჟა-ფშაველას გამზირზე წასასვლელი მეტროთი ვმგზავრობ. მიწის ზემოთ რომ ამოვდივარ, ვიბნევი, რადგან აქაურობას არც ისე კარგად ვიცნობ. ბოლოს ვიღაც გამვლელ ქალს ვთხოვ დახმარებას და ისიც იმ კორპუსს მანახებს თითით, რომელსაც მე ვეძებ.
გზაში დედა ზარებით მიკლებს. აინტერესებს, რაში მჭირდება მისი თანამშრომლის მისამართი. ჯერ მარტო დილით უამრავჯერ დამისვა ეს კითხვა, მაგრამ მე მოხერხებულად დავიძვრინე თავი. ახლა საერთოდ აღარ ვპასუხობ ზარებს და მესამე სართულზე ასული თეთრად შეღებილ კარებზე ვაკაკუნებ. შიგნიდან ჩუმი ფხაკუნის ხმა ისმის, მერე კი კარი იღება და სათვალეებიანი, ჭაღარა ქალი მხვდება მასპინძლის ამპლუაში.
- გამარჯობა. მე ქალბატონ ქეთისთან მოვედი. ელენიკა ვარ, თქვენი ყოფილი თანამშრომლის, მანანას შვილი. - ვაცნობ საკუთარ თავს და მხარზე ჩანთას ვისწორებ.
-კი, მე ვარ, შვილო. შემოდი, შემოდი.
როგორც ჩანს, ახსენდება, ვინც ვარ და შინ მიპატიჟებს. სახლი ძველებურ ყაიდაზეა მოწყობილი. ოთახი, სადაც მასპინძელს მე შევყავარ, ჩაბნელებულია. ხის მაგიდაზე რაღაც წიგნი და ლამაზი ფინჯანი დევს. ორნამენტებიან სავარძელში ვჯდები და ველი, როდის წამოიწყებს ლაპარაკს ქეთი.
- რამდენი ხანია, დედაშენი არ მინახავს. იცის, აქ რომ ხარ? თვითონ რატომ არ წამოვიდა? ხომ მშვიდობაა? - დაღლილი ხმით მეკითხება ქალი. - ყავას მოგიდუღებ. შაქრით თუ უშაქრო?
- უშაქროს ვსვამ. - ვირჩევ ჩემთვის სასურველს.
- მე მალე დავბრუნდები. - ამ სიტყვებით გადის ქეთი სამზარეულოში, მე კი მისი ასეთი სახეცვლილებით გაკვირვებული რამდენიმე წუთი წამოდგომას ვერ ვახერხებ.
რა თქმა უნდა, არ მეგონა, რომ ათი წლის შემდეგ ისევ ისეთივე უნაოჭო და ახალგაზრდა დამხვდებოდა, მაგრამ ისეა ჩამომჭკნარი, რომ შეუძლებელია, ეს ბუნებრივი იყოს და რაიმე პირადულ მიზეზს არ გამოეწვიოს, თუმცა ახლა ამის გარკვევის დრო არ არის. უჩუმრად ვდგები და უჯრებიან კარადას ვუახლოვდები. ჩარჩოში ჩასმულ სურათს ვიღებ და ფარდებს შორის შემოსულ მზის სინათლეს ვაგებებ. ეს მე ვარ. უფრო სწორად, მე კი არა, ჩემი ორეული. ისევ ისეთი მკვირცხლი, ცქვიტი და ბედნიერია, ოღონდ გვერდს ქმარი აღარ უმშვენებს. მაღლა კედელზეც კიდევ ერთი ფოტოა. აქაც პელო. უკან რომ ვბრუნდები, ერთსაც ვაწყდები. პელო. პელო. პელო. ღმერთო, რატომ უნდა იყოს ახალგაზრდა გოგოს სურათებით ავსებული ოთახი? როგორც გამიგია, ეს ავის მომასწავებელია. მე თუ ვიცი და მე თუ მსმენია, როგორ დავიჯერო, რომ ჩემზე ოცი წლით მაინც დიდ ქეთის არ ეცოდინება? ან რატომ არის ეს გოგო სულ მარტო? რატომ ვერ ვხედავ მის გვერდით ქმარს ან თუნდაც შვილს? ანუ... უხმაუროდ ვწევ პირველ უჯრას ჩემკენ და იქ კონვერტების დანახვას ვახერხებ. დიაგონალურად რაღაც ფურცლებიც აყრია. ეს არეულობა იმაზე მიმანიშნებს, რომ ამ უჯრაში ხშირად იქექებიან, ხან რას იღებენ, ხან რას და მერე უკან ჩაბრუნებისას იმის განწყობა არ აქვთ, რომ დაალაგონ და უჯრა მოაწესრიგონ.
- მაპატიე, რომ ასე დაგტოვე, შვილო. უბრალოდ, სტუმარს არ ველოდი და... - თავჩახრილი შემოდის მასპინძელი და მეც სწორედ ეს მეხმარება იმაში, რომ უჯრის მიხურვა და შემობრუნება მოვასწრო.
- არა, რას ამბობთ. ეს მე უნდა მოგიხადოთ ბოდიში, რომ ასე მოულოდნელად მოვედი თქვენთან. იცით, დედა ცოტა ხნის წინ შეუძლოდ იყო და ერთი-ორჯერ თქვენც გახსენათ. ძალიან აინტერესებდა, როგორ იყავით. ჰოდა, მეც მოვურიგდი, რომ მე მარტო გინახულებდით და მერე მას მოვუყვებოდი ჩვენი შეხვედრის შესახებ. - წინასწარ მოგონილი ტყუილით ვიმართლებ თავს.
- ახლა როგორ არის? ყველასთან გავწყვიტე ურთიერთობა... არავინ დარჩა, რომ ან დამირეკოს, ანდაც სახლში მესტუმროს... ერთი გოგონაღა მყავდა და ისიც... - თან მელაპარაკება და თან სუფრას შლის. ჩემთვის საინტერესო მომენტს უახლოვდება თუ არა, ფინჯანი უვარდება ხელიდან.
- ღმერთო, ეს რა მემართება! როგორი მოუქნელი გავხდი, როგორი უსარგებლო... - ბუტბუტით იხრება ნამსხვრევებისკენ ქეთი, მე რომ ვდგები და ხელს უკან ვაწევინებ.
- ასე ხომ ხელი გაგეჭრებათ.... დამშვიდდით! - ვამშვიდებ და აცახცახებულ ქალს იმ სავარძელში ვსვამ, რომელშიც წუთის წინ ვიჯექი.
- ყველაფერი შეიცვალა... აღარაფერი დამრჩა... აღარავინ! სულ არავინ! - ოხრავს ქეთი. - შემოსასვლელში ცოცხი და ნაგვის ასაღებია. თუ არ შეწუხდები, შემოიტანე და ეს ნამსხვრევები აკრიფე.
მის მითითებას უსიტყვოდ ვასრულებ. უბრალოდ ფინჯანი გატყდა, სხვა ხომ არაფერი? წესით, ასე არ უნდა ანერვიულებულიყო, მაგრამ როგორც ჩანს, ნერვები რიგზე ვერ აქვს. ერთი გოგონა ჰყავდა და ისიც... როდის კიდებენ კედლებზე ადამიანის უამრავ ფოტოს? უმეტესად მაშინ, როცა ის კვდება... როცა ის ენატრებათ და უნდათ, რომ სურათზე მაინც მოესიყვარულონ მას... ღმერთო, ნუთუ რაც ნინომ მითხრა, სიმართლეა? როცა გიორგი პირველად შემხვდა, ისე მიყურებდა, როგორც მოჩვენებას. რა თქმა უნდა, გაუკვირდებოდა ჩემი ნახვა, თუ ჩემნაირს მხოლოდ ერთს იცნობდა და ის ერთიც ცოცხლებში აღარ ეწერა. შემზარავი ეჭვები თავბრუს მახვევს. ჩემს ორეულთან არაფერი მაკავშირებდა, მაგრამ იმის წარმოდგენაზე, რომ გიორგი ჩემში თავის ყოფილ ცოლს ხედავს, კინაღამ იქვე ვიკეცები.
- მოდი, შვილო, საკმარისია... იატაკი უკვე სუფთაა. - მაჩერებს ქალი.
უცებ უცნაური აზრი მიელვებს გონებაში. თუ გიორგის ჩემ დანახვაზე ასეთი რეაქცია ჰქონდა, ქეთიმ რატომ არაფერი შეიმჩნია? გასაგებია. მას სინათლეზე არ ვუნახივარ. ჯერ იყო და სიბნელიდან რომ გამოვიდა, სადარბაზოში სინათლეს თვალი ვერ შეაჩვია და მერე აქაც მხოლოდ ჩემს სილუეტს ხედავდა. იმასაც ვითვალისწინებ, რომ სათვალე უკეთია და ესე იგი, კარგად ვერ ხედავს. ისიც აღარ ემახსოვრება, დედაჩემს ერთადერთხელ რომ ესტუმრა და ჩემი და პელოს ორეულობის შესახებ შეიტყო.
- რა გჭირს... რა გქვია, შვილო? - ჩემი სახელი ავიწყდება მას და ვეღარ მომმართავს.
- ელენიკა. - ვაშველებ მე.
- რა დაგემართა, ელენიკა? უცებ დადუმდი. - ჩემს ცვლილებას ამჩნევს ის, რადგან ამჯერად სიბნელე ვეღარ მშველის.
- თქვენი გოგონა ახსენეთ... როგორ არის? - ძლივს ვღერღავ და მთელი სხეულით ვიჭიმები.
- ჩემი გოგონა? ჩემი გოგონა, პელო... - ციებიანივით კანკალებს ქეთი. - წარმოიდგენდი, რომ ასეთი ახალგაზრდა დაგვტოვებდა?
- დაგტოვებდათ? - სიმტკიცე მეკარგება ხმაში.
- გარდაიცვალა, შვილო. სამი წლის წინ ავი სენით დაავადდა და... სულ ცოტა ხანიღა იცხოვრა... ძალიან, ძალიან ცოტა ხანი....
ხომ აქამდეც ვეჭვობდი, მაგრამ ახლა ჩემი ეჭვები რომ მართლდება, უჰაეროდ ვრჩები. მინდა ფეხზე წამოვხტე და აქედან გავიქცე, მაგრამ რაღაც მაკავებს, მბოჭავს. ამ ქალს ასე ვერ დავტოვებ... ასე უნუგეშოდ ვერ მივატოვებ... ენაგადაყლაპული ვზივარ და არც არაფერი მესმის და ვერც ვერაფერს ვხედავ.
- საწყალი ბიჭი... მისი ქმარი, გიორგი... გაუბედურდა, მოკვდა. ძალიან უყვარდა ჩემი შვილი... ძალიან... - სადღაც შორს იხედება ქალი ამის თქმისას.
- ახლა სად არის? - თავს ძალას ვატან და ვეკითხები.
- ახლა? არ ვიცი. პელოს დასაფლავების შემდეგ აღარ მინახია. მერე გავიგე, საზღვარგარეთ წავიდაო. ეს სამი წლის წინ იყო.
- მაპატიეთ, მაგრამ უნდა წავიდე. დედა ჯერ კიდევ ვერ გრძნობს თავს კარგად და ამდენ ხანს მარტო ვერ დავტოვებ. - ვებოდიშები ქეთის და ისიც ნელი ნაბიჯებით და გულისმომკვლელი ჩურჩულით მაცილებს.
წასვლისას გაუცნობიერებლად ვეხვევი და კიბეებზე ვეშვები. შიგნიდან ვიწვი. არ მსურს, ვინმემ დამინახოს და მერე იფიქროს, რომ მკვდარი გოგონა, პელო ვარ. გოგონა, რომელიც მუდამ იღიმოდა, რომელსაც ოცნებები აუსრულდა, რომელიც უყვარდათ და... მოკვდა.
ისეთი საღამოა, პარიზი მახსენდება... მხიარული, თავისუფალი, მღვრიე ქალაქი, რომელშიც არავინ არავის იცნობს, მაგრამ ყველა ყველას უღიმის... აქ ღამით მარტო არ უნდა გამოხვიდე. ის სულ სხვაა, თუ შეყვარებულის მკლავს ჩამოეკიდები და მასთან ერთად გათენებამდე იხეტიალებ. გზად ბარში შეივლი და ვაშლის კალვადოსს იყიდი, ერთი ბოთლიდან შენც დალევ და ისიც და მზის ამოსვლისას დაინახავ, რომ დაცლილია. ვერ იგრძნობ. ისეთი გახურებული და ენერგიით სავსე იქნები, როგორც არასდროს. მოგინდება, რომ ჩაგეხუტონ და ხელი აღარ გაგიშვან. მოგინდება, რომ იცოცხლო მანამ, ვიდრე გიყვარს.
მე არ ვარ პარიზში, ვერც თავისუფლებას ვგრძნობ და გვერდითაც არავინ მიდგას, რომ მხარზე თავი ჩამოვადო. რომელ ბარშიც არ უნდა შევიარო, კალვადოსს ვერ ვიპოვი და ისევ და ისევ იმედგაცრუება გამეჩხირება ყელში.
ჩემს კორპუსთან ლანდს რომ ვხედავ, ნაბიჯს ვუჩქარებ და ქოშინით ავრბივარ კიბეებზე. არ უნდა დამეწიოს. მიქელგაბრიელი რომ გამომცხადებოდა, ასე არ შემეშინდებოდა. ისე არ უნდა მიყურებდნენ, როგორც მკვდარს. მე ელენიკა ვარ და არა პელო. არ შემიძლია შევცვალო ის. არ შემიძლია ვიყო სხვა პიროვნება, მიუხედავად იმისა, რომ ელენიკას ცხოვრება არ მომწონს. გასაღებს რამდენიმე მცდელობის შემდეგ ვატრიალებ საკეტში და კარს შიგნიდან ვკეტავ. შედარებით ვმშვიდდები და სულს ვითქვამ. გიორგისთან სიახლოვით მხოლოდ მე თუ ვუღალატებ საკუთარ თავს, ის კი ამას სულაც არ ჩათვლის ცოლის ღალატად.
გაგრძელება იქნება ხუთშაბათს