ყველა ქალს აქვს ინტიმური პრობლემები, რომელთა გადაწყვეტა არც ისე მარტივია. ბევრს რცხვენია მათზე სპეციალისტებთან საუბრის და ხშირად თვითმკურნალობას ეწევა ან უყურადღებოდ ტოვებს. არადა, ეს სახიფათოა…
გინეკოლოგის რჩევები, რომლებსაც ახლა გთავაზობთ, დაგეხმარებათ ამ პრობლემების მოგვარებაში.
1. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გამონადენს
გამონადენი ყველა ქალს აქვს, თუმცა ზოგიერთს გამჭვირვალე, ზოგიერთს კი ხანდახან მოყვითალო და უფრო სქელი. ეს უკანასკნელი სტაბილურია მხოლოდ ერთ შემთხვევაში: როცა ქალი ორალურ კონტრაცეპტივებს იღებს. ძალიან მნიშვნელოვანია, სისტემატურად აკონტროლოთ, რამდენად იცვლება გამონადენის რაოდენობა და კონსისტენცია მენსტრუალურ ციკლთან მიმართებაში. ასე დროულად აღმოაჩენთ სხვადასხვა დარღვევას. მისი უცნაური თვისება რაიმე ინფექციის ნიშანია.
მაგალითად, თეთრი ხაჭოსებრი გამონადენი და ძლიერი წვა სოკოვან ინფექციაზე მიანიშნებს. თხელი, უფერული გამონადენი უცნაური სუნით, ჩნდება სექსის შემდეგ და შესაძლოა, იყოს ბაქტერიული ვაგინოზის – 40 წლამდე ქალებში ყველაზე გავრცელებული სქესობრივი ინფექციის - მიზეზი. ხოლო უსიამოვნო სუნის, მომწვანო, ქაფიანი გამონადენი ტრიქომონიაზის ნიშანია.
ქალებმა 15-დან 25 წლამდე, რომელთაც სქესობრივი ცხოვრება აქვთ, ყოველწლიურად უნდა ჩააბარონ ანალიზი ქლამიდიოზზე. თუკი შედეგი დადებითი იქნება, აუცილებელია, ჰონოკოკების სიმრავლეც განისაზღვროს. ეს უკანასკნელი ვენერიული დაავადების, გონორეის გამომწვევი ბაქტერიაა, რომელიც, როგორც წესი, თან ახლავს ქლამიდიოზს.
2. ნუ დატოვებთ უყურადღებოდ განმეორებად სიმპტომებს
ქალების 75%-ს ერთხელ მაინც ჰქონია სოკოვანი ინფექცია – კანდიდოზი, ანუ რძიანა. თუკი შეგიძლიათ მისი ამოცნობა დამოუკიდებლად, გამოიყენეთ სპეციალური ვაგინალური სუპოზიტორები ან კრემები. თუკი არ ხართ დარწმუნებული დიაგნოზში ან სიმპტომებმა მკურნალობის შემდეგ არ გაიარა, აუცილებლად მიაკითხეთ გინეკოლოგს.
- გენიტალიური ჰერპესი ადამიანების თითქმის 90%-ში "ცხოვრობს". თუმცა ის მხოლოდ 10-20% შემთხვევაში აქტიურდება, ძირითადად, დასუსტებული იმუნიტეტის, გაციებისა და სტრესის შემთხვევაში. ჰერპესით დავირუსება არა მხოლოდ სექსით შეიძლება, არამედ პირადი ჰიგიენის ნივთების გამოყენებითაც.
3. დაიმახსოვრეთ ინფექციების განვითარების ფაქტორები
დაავადების გაჩენის რისკს ზრდის ყველაფერი, რაზეც დამოკიდებულია ჰორმონების დონე და საშოს მჟავე-ტუტოვანი გარემო: დიაბეტი, ორსულობა, ანტიბიოტიკები, კონტრაცეპტივი-აბები. ამიტომაც მუდამ იქონიეთ შინ სოკოს საწინააღმდეგო წამლები და დაიწყეთ მათი მიღება დაავადების პირველივე სიმპტომების გაჩენისას. სხვათა შორის, ანტიბიოტიკები და ორალური ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები ზრდის ბაქტერიული ვაგინოზის გაჩენის ალბათობას, რაც ხშირად სოკოში ერევათ და ცდილობენ, იმავე საშუალებებით იმკურნალონ. თუკი შეამჩნევთ სიმპტომებს (მაგალითად, სუნიან გამონადენს), სასწრაფოდ მიაკითხეთ ექიმს.
- ინფექციის პროვოცირება სხვა ფაქტორებსაც შეუძლია. პირადი ჰიგიენის არასწორად დაცვის დროს ხშირად ვკლავთ საშოს სასარგებლო ბაქტერიებს, რომლებიც დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს ებრძვიან. სწორედ ეს იწვევს ხშირ შემთხვევაში ვაგინოზს. შხაპის გელი ან პარფიუმის შემცველი ტალკი, რომელსაც ინტიმური ჰიგიენისთვის იყენებთ, არღვევს საშოს ბუნებრივ დამცავ ფლორას.
ასევე, ამ პროდუქტებს შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, ე.წ. არასპეციფიკური ვაგინატი. ამიტომაც, თუკი შენიშნეთ, რომ აბაზანის არომატულმა მარილმა საშოს ლორწოვანი გაგიღიზიანათ, სასწრაფოდ მოისროლეთ ის დაუნანებლად.
4. არასოდეს უგულებელყოთ უსაფრთხო სექსი
არ ღირს ყურადღების მოდუნება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი აბსოლუტურად დარწმუნებული ხართ თქვენს პარტნიორში. დაიმახსოვრეთ, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება – პრეზერვატივია. თუმცა, 100%-იან გარანტიას არც ეს კონტრაცეპტივი იძლევა. ამიტომაც, თუკი მაინც შენიშნეთ საეჭვო სიმპტომები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
- B ჰეპატიტი – ერთადერთი დაავადებაა, რომელიც სქესობრივი გზით გადამდებია და რომლის საწინააღმდეგო ვაქცინაც არსებობს. პროფილაქტიკური აცრა 3 ეტაპად კეთდება. ყოველ 10-12 წელიწადში აუცილებელია მისი გამეორება.
5. რეგულარულად ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევა
ბევრი ქალი დარწმუნებულია: პაპ-ტესტის უარყოფითი პასუხი ავტომატურად გამორიცხავს ვენერიული დაავადებების ქონას. არადა, ძალიან ცდებიან. ის მხოლოდ სიმსივნური უჯრედებისა და პაპილომა-ვირუსის არქონაზე მეტყველებს.
- ამიტომაც თუნდაც არანაირი სიმპტომი არ გქონდეთ, წელიწადში ორჯერ გინეკოლოგთან ვიზიტი და ანალიზების აღება აუცილებელია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალი სექსუალური პარტნიორი გყავთ – ეს ფაქტორი ბაქტერიული ვაგინოზის, ქლამიდიოზისა და ტრიქომონიოზის გაჩენის რისკს ზრდის.
ეს დაავადებები გამოხატული სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს და სწორედ ისინი იწვევენ უნაყოფობას, გარე ორსულობას ან ნაადრევ მშობიარობას. გარდა ამისა, ეს ინფექციები ზრდის იმუნოდეფიციტური ვირუსით დაავადების რისკს: თუკი თქვენ თუნდაც ერთი გინეკოლოგიური ინფექცია გაქვთ, ორგანიზმის დამცავი ფუნქციები დაქვეითებულია.