რუსთავში მცხოვრებმა ნინო მაღედანმა ბინაში ყვავილების მოშენება გადაწყვიტა. ვინაიდან მცენარეებში დიდად ვერ ერკვეოდა, წიგნების მაღაზია "ბიბლუსს" მიაკითხა და შესაბამისი ლიტერატურა მოიკითხა.
"გამოცემა, სადაც ოთახის მცენარეებზე პრაქტიკული რჩევა-დარიგებები იქნებოდა მოცემული, მხოლოდ რუსულ ენაზე შემომთავაზეს. ქართულად ერთადერთი გამოცემა აღმოაჩნდათ - ახალი ჟურნალი "შინ". იქვე გავხსენი და ჩემთვის საინტერესო რჩევების გარდა, სასაჩუქრე ბარათიც აღმოვაჩინე. ვიფიქრე, რაიმე მარკეტინგული ხრიკი იქნება-მეთქი, მაგრამ მითითებულ ნომერზე რომ დავრეკე, აღმოჩნდა, რომ წიგნის ძალიან ლამაზ თაროს მჩუქნიდნენ", - ამბობს ნინო მაღედანი, რომელიც ჟურნალ "შინ"-ის პირველი გამარჯვებული გახდა.
ჟურნალი "შინ" პირველად გამოვიდა. ესაა ჟურნალი თქვენი სახლისთვის - ყველაფერი სახლზე, პრაქტიკული რჩევები ბინის, ეზოს, აგარაკის მოსაწყობად და მოსავლელად, ექსკლუზიური ფოტორეპორტაჟები ცნობილი ადამიანების სახლებიდან, მასტერკლასები საოჯახო ნივთების შინ დასამზადებლად, ქართული ტრადიციული ხელსაქმე, სამკურნალო ბალახეული, საინტერესო ამბები ქართული სოფლებიდან, დიასახლისებისთვის საჭირო რჩევები და კიდევ ბევრი სხვა რამ.
რაც ყველაზე საინტერესოა, ჟურნალის პირველ ნომერში მკითხველებს საჩუქარი მოუმზადეს. 10 იღბლიანი მკითხველი ჟურნალში იპოვის სასაჩუქრე ვაუჩერს და წიგნის თაროს მიიღებს. სულ 10 ცალი წიგნის თარო ელოდება იღბლიან მკითხველებს. ამ თაროს დადგმა შესაძლებელი იქნება როგორც კედელთან, ისე - ოთახის გადასატიხრად.
ის დაამშვენებს ნებისმიერ ინტერიერს. თარო გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ინოვაციური პროექტია, რომელიც მომხმარებლის თხოვნით შეიქმნა. მისი გასაყიდი ფასი 120 ლარია. ნინო მაღედანის გარდა, სასაჩუქრე ბარათი შეხვდათ თამთა ინასარიძეს რუსთავიდან და შალვა პაპუაშვილს, რომელმაც თბილისში შეიძინა ჟურნალი.
"ჟურნალით დავინტერესდით, რადგან ბინაც გვაქვს, აგარაკიც და თან რემონტს ვაკეთებთ. ასეთი ტიპის რჩევები ძალიან გვჭირდებოდა, მით უმეტეს, ამ ყველაფერს საჩუქარიც დაემატა", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
ჟურნალი "შინ" სეზონურად, სამ თვეში ერთხელ გამოდის. ზაფხულის ნომერი მომგებიანი ვაუჩერებით უკვე გაყიდვაშია, მომავალი ნომერი კი ოქტომბრის დასაწყისში გამოვა. მსგავსი სიურპრიზები მკითხველს იქაც ელის.
იხილეთ ვიდეო