ალბათ, ქვემოთ ჩამოთვლილი ნივთებიდან ბევრი მართლაც მხოლოდ თქვენ გეკუთვნით და სხვა არავინ იყენებს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი რომ თქვენი პირადი ნივთი უნდა იყოს და სხვებს არ უნდა გაუზიაროთ, ამის შესახებ, შესაძლოა, დღეს გაიგოთ.
1.საპონი
კარგი რა, იტყვით თქვენ, ის ხომ არ ისვრება. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. ყოველი გამოყენების შემდეგ საპონი მიკროორგანიზმებით იფარება, დაწყებული უვნებელი მიკრობებით და სერიოზული ვირუსებით დამთავრებული. თუნდაც ის ანტიბაქტერიული საპონი იყოს, მაინც არ იქნება ბაქტერიების ისეთი ეფექტური მკვლელი, როგორიც არის, მაგალითად, სპირტი. სიტუაცია გაუარესდება, თუკი საპონი სველ დასადებზე დევს, რადგან სინესტე ბაქტერიების, სოკოსა და ვირუსების გამრავლებას უწყობს ხელს. ერთი დამამშვიდებელი სიახლე ის არის, რომ ექსპერტები ამბობენ, საპნის პარტნიორისთვის გაზიარება არც ისეთი საშიშია, რადგან თქვენი სხეულები უკვე მიეჩვივნენ ერთმანეთის უნიკალურ "ბაქტერიულ მიკროფლორას".
2. პირსახოცი
ნესტიან პირსახოცს არასასიამოვნო ობის სუნი სდის? ეს, სინამდვილეში, ბაქტერიები, სოკო და ობია ერთდროულად. პირსახოცი მიკრობების საუკეთესო საცხოვრებელია, განსაკუთრებით მაშინ, თუკი აბაზანაში, მაღალ ტენიანობაში ჰკიდია. ჭუჭყიან პირსახოცს შეუძლია მფლობელი დააავადოს სერიოზული სოკოვანი ინფექციით, ბაქტერიებით, გამონაყარით და კონიუნქტივითაც კი. იმისათვის, რომ ეს უსიამოვნებები თავიდან ავიცილოთ, პირსახოცი უნდა ვრეცხოთ ყოველი მეოთხე გამოყენების შემდეგ და ყოველთვის კარგად უნდა გავაშროთ ის.
3. ტანის სახეხი
იმის გამო, რომ ტანის სახეხი ვერ ასწრებს ბოლომდე გაშრობას გამოყენებიდან გამოყენებამდე, სოკოები და ვირუსები მის ქსოვილში თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში და მშვიდად მრავლდებიან. დაბინძურებულ ტანის სახეხს შეუძლია გადაიტანოს ისეთი ინფექციები, როგორებიც არის ფეხის ფრჩხილის სოკო და სტაფილოკოკი. საერთოდ, ერთი მარტივი წესი დაიცავით – როცა ნივთი გამუდმებით სველდება, არასოდეს გაუზიაროთ ის სხვას.
4. საპარსი
თუნდაც სხვა გამოსავალი არ გქონდეთ, არასოდეს გამოიყენოთ სხვისი საპარსი. როცა იპარსავთ, სამართებელზე რჩება კანის მკვდარი უჯრედები, რომლებშიც ბაქტერიებია შერეული. ამიტომაც, რაც მეტი ადამიანი იყენებს საპარსს, მით მეტია ინფექციის რისკი. ადამიანი შესაძლოა იყოს უამრავი დაავადების მატარებელი ისე, რომ არც კი იცოდეს ამის შესახებ. ასე რომ, ზედაპირულ ბაქტერიებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სამართებლით კანის გაჭრის შემთხვევაში, შესაძლოა, გადაგედოთ ისეთი სერიოზული დაავადებები, როგორებიც არის ჰეპატიტი და შიდსი.
5. ფრჩხილების საკვნეტელა
თუნდაც ფიქრობდეთ, რომ ადამიანს სუფთა და ჯანმრთელი ფრჩხილები აქვს, მისთვის ფრჩხილის საჭრელის გაზიარება – ცუდი იდეაა. მანიკიურის ეს მოწყობილობა ხომ საშიშ ადგილებთან, სოკოსა და სხვა ინფექციების ბუდესთან შედის კონტაქტში. ერთი საკვნეტელას სხვადასხვა ადამიანის მიერ გამოყენებამ შესაძლოა, სერიოზული დაავადებები გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ყოველი გამოყენების შემდეგ სპირტით გაწმინდოთ ის, მაგრამ მაინც აჯობებს, ყველას თავისი ფრჩხილის საჭრელი ჰქონდეს.
6. პინცეტი
თუკი დაქალს პინცეტი ეთხოვეთ, რათა ერთი-ორი ზედმეტი წარბი ამოიქნათ, ეს კიდევ კატასტროფა არ არის, მაგრამ თუკი სხვა ადამიანს ეთხოვეთ ის, რათა ღრმად ჩაზრდილი თმა ამოიღოთ და ამასთან, სისხლიც წამოგივიდათ, ამ შემთხვევაში ეს ერთი შეხედვით უვნებელი ინსტრუმენტი, შესაძლოა, სერიოზული სისხლით გადამდები დაავადების მიზეზი გახდეს.
7. ყველაფერი, რაც ქილებშია – ნებისმიერი კრემი, ვაზელინი და ა.შ.
ყოველთვის, როცა თითს კრემში ჰყოფთ, მთელ ქილაში ახალი ბაქტერიები ვრცელდება და სახესა და მთელ კანზე გადადის. ამ ბაქტერიების რიცხვში შედის სტრეპტოკოკები და სტაფილოკოკები, რომლებმაც შესაძლოა, გამოიწვიოს ფოლიკულიტი და აკნე. ასე რომ, კრემის სხვისთვის გამოყენება – ძალიან ცუდია. თუ სხვა გზა არ გაქვთ, ამოიღეთ ქილიდან კრემი სპეციალური ჩხირით – მთავარია, არავის მისცეთ უფლება, თითი ჩაყოს თქვენს კრემში.
8. ცხვირის ტრიმერი
ცხვირის ღრუში მრავლდება ოქროსფერი სტაფილოკოკები, რომლებიც შანსს არ გაუშვებენ, რომ ახალ საცხოვრებელში გადასახლდნენ. თმის შესაჭრელი ყველა ინსტრუმენტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუზიაროთ თუნდაც ყველაზე ახლობელ ადამიანსაც კი.
9. თმის საკრეჭი მანქანა
ასეთი მანქანები აუცილებლად უნდა დეზინფიცირდეს, როგორც ამას სალონებში აკეთებენ. ამიტომაც მოერიდეთ მეგობრის საკრეჭი მანქანის გამოყენებას, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ძალიან დაბალზე იღებთ თმას.
10. დეზოდორანტები და ანტიპერსპირანტები
დეზოდორანტის დაბინძურებულ ბურთულებს შეუძლია სერიოზული ინფექციები გამოიწვიოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ის გაპარსვისგან გაჭრილ ადგილას მოხვდება.
11. ტუჩის საცხი
ტუჩების ზედაპირზე სისხლძარღვების ფართო ბადეა, რომელიც მზად არის, შთანთქოს ყველაფერი, რაც ტუჩზე მოხვდება, მათ შორის, მიკრობებიც. ჰერპესის ვირუსი, რომელიც ტუჩზე ხშირად ჩნდება, თავისუფლად შეიძლება გადავიდეს სხვისი ტუჩსაცხის გამოყენებით.
12. ქუსლის გასახეხი პემზა
პემზის ქვაზე მკვდარი კანის ყველაზე საშინელი ნაწილაკები რჩება. ასე რომ, არ გვგონია, მოგინდეთ სხვის მიერ გამოყენებული პემზით ქუსლების გახეხვა.
13. კბილის ჯაგრისი
აქ ალბათ ლაპარაკი საერთოდ ზედმეტია. საკუთარ შეურაცხყოფად ნუ მიიღებთ, მაგრამ რადგან სიაში პირადი ჰიგიენის ეს ნივთიც აღმოჩნდა, ესე იგი, არსებობს შემთხვევები, როცა ერთი ჯაგრისით სხვადასხვა ადამიანს უსარგებლიათ. რა და რამდენი დაავადება შეიძლება გადავიდეს ამ გზით, ალბათ, ამის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
14. კბილის პასტა
რა თქმა უნდა, აქ არც ისე ცუდად და საშიშად გვაქვს საქმე, მაგრამ ერთი კბილის პასტის ტუბის გამოყენებისასაც არსებობს საფრთხე, გადავიდეს ბაქტერიები, რადგან პასტის ჯაგრისზე დადების დროს ტუბის ყელზე რჩება მილიონი ბაქტერია. ასე რომ, თუკი ოჯახის წევრები ერთი კბილის პასტით სარგებლობთ, უბრალოდ, მოერიდეთ ჯაგრისის პასტის ტუბზე შეხებას.
15. საყურეები
როცა მეგობრის ლამაზ საყურეს ითხოვებ, დარწმუნდი, რომ ის სუფთაა, ან აჯობებს, ნებისმიერ შემთხვევაში სპირტით გაწმინდო. საყურეზე ხშირად რჩება გაღიზიანებული ყურიდან გამოსული სისხლი.
16. "შლოპანსები" და სანდლები
იმას აღარ ვამბობთ, რომ უცხო ადამიანის ჭუჭყიან "შლოპანსში" არ უნდა გაჰყოთ ფეხი. მეგობრის ან სხვა ძალიან ახლობელი ადამიანის ღია ფეხსაცმელსაც თუ არ მოირგებთ, ურიგო არ იქნება. "შლოპანსები" და სანდლები – სამოსის ძალიან პირადი აქსესუარია, რომელსაც ხშირად შიშველ ფეხზე ვიცვამთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მასზე გადადის ფეხიდან სხვადასხვა ბაქტერია და სოკო.
17. ყურსასმენები
დიახ, ცუდია, როცა სახლიდან გამოსული მიხვდებით, რომ შინ დაგრჩათ ყურსასმენები, მაგრამ ნუ იჩქარებთ, სხვას ესესხოთ ის. კვლევებმა დაადასტურა, რომ ყურსასმენები იწვევს უამრავი ბაქტერიის დაგროვებას ყურში. მათი რიცხვი მრავლდება მაშინ, თუკი ყურსასმენები ვარჯიშის დროს გიკეთიათ. როცა სხვის გაკეთებულ ყურსასმენებს იკეთებთ, რისკავთ აიკიდოთ სტაფილოკოკი და სტრეპტოკოკი, ფურუნკულები და სხვა სახის გამონაყარი.