ყველამ კარგად იცის, რომ თუ პარასკევი დღე 13 რიცხვს დაემთხვევა, ეს დღე მისტიკურ ხასიათს ატარებს. ამ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინო და მნიშვნელოვანი არაფერი მოიმოქმედო.
განსაკუთრებით ცრუმორწმუნე ხალხი კი საერთოდ არ გამოდის სახლიდან ასეთ დღეებში.
პარასკევიდეკატრიაფობია - ასე ჰქვია პარასკევი 13-ის შიშს.
ძველი რომაელები 13-ს სიკვდილის, ნგრევისა და უბედურების რიცხვად მიიჩნევდნენ. ზოგიერთი თეოლოგის ვარაუდით, სწორედ პარასკევს, 13 რიცხვში იგემა ევამ აკრძალული ხის ნაყოფი. ასევე, არსებობს აზრი, რომ ამ დღეს კაენმა მოკლა თავისი ძმა – აბელი. ამიტომ ითვლება, რომ ეს ცრურწმენა, სავარაუდოდ, საწყისს ძველი აღთქმიდან იღებს.
საუკუნეების შემდეგ ამ ლეგენდის ირგვლივ სხვადასხვა მოსაზრებაც გაჩნდა და გავრცელდა, რომლებმაც 13 რიცხვს უბედურების და ხიფათის აურა მიაწერა.
მაგალითად, საიდუმლო სერობაში 13 მონაწილე იყო, იუდას ღალატი კი სახარების მეცამეტე თავშია ნახსენები.
ყველაზე ძველი რწმენით, პარასკევს 13-ში, ყოველთვის იკრიბებოდა შაბაშზე 12 ალქაჯი, ხოლო სავსე მთვარის ამოსვლის მომენტში ჩნდებოდა თავად სატანაც.
XVIII საუკუნის ბოლოს ეს ცრურწმენა იმდენად გამყარდა ბრიტანელებში, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მისი აბსურდულობა დაემტკიცებინა, რისთვისაც აშენდა გემი, სახელწოდებით "პარასკევი", რომლის მშენებლობა პარასკევს, 13 რიცხვში დაიწყო და ამავე დღეს გაეშვა ზღვაში. მას შემდეგ "პარასკევი" აღარავის უნახავს. გემი თავისი ეკიპაჟით უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
13 რიცხვის შიში ხშირად პანიკურ ხასიათს ატარებს. მაგალითად, ფრანკლინ რუზველტი არასოდეს მიდიოდა სამოგზაუროდ 13 რიცხვში. ზოგიერთ საავადმყოფოში არ არის მე-13 პალატა, ხოლო ზოგიერთ სასტუმროში – მე-13 სართული და მე-13 ნომერი. ამბობენ, რომ ოჯახში, სადაც ცამეტი ბავშვი დაიბადება, ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად გახდება დამნაშავე.