არაბული სამყაროსთვის მისი სტილი - კადნიერია. ყატარის ემირმა თავის მეორე ცოლს არა მარტო ფარანჯის გახდის ნება მისცა, არამედ სახელმწიფო საქმეებში ჩარევისაც.
შეიხა მოზა ბინთ ნასერ ალ-მისნედი ყატარის ემირის, შეიხ ჰამად ბენ-ხალიფა-ალ-თანის სამი ცოლიდან მეორეა, შვიდი(!) შვილის დედა, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მოდური და ელეგანტური პირველი ლედი - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.
მისი ისტორია აღმოსავლურ ზღაპრებს ჰგავდა. თუ ვინმე მის შესახებ ფილმის გადაღებას გადაწყვეტს, ის ალბათ ”დიდებულ საუკუნეს” ემსგავსება, ოღონდ სულთან სულეიმანის ადგილას ყატარის პრინცი იქნება, ჰიურემისაზე კი - მოზა, ყატარელი ბიზნესმენისა და დისიდენტის ქალიშვილი.
18 წლის მოზამ ტახტის მომავალი მემკვიდრე გაიცნო, თუმცა მასზე გათხოვებას არ ჩქარობდა: თავდაპირველად ყატარის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, მოგვიანებით სტაჟირება გაიარა ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში და მხოლოდ ამის შემდეგ გააბედნიერა პრინცი. ოჯახური ცხოვრების პირველი წლები ქალმა, რომელსაც დღეს სპარსეთის ყურის ”რუხ კარდინალს” ეძახიან, შვილებს დაუთმო, თუმცა მაშინ ყატარი ჯერ კიდევ არ იყო არაბული სამყაროს გავლენიანი სახელმწიფო. მდგომარეობა შეიცვალა 1995 წელს, როცა მოზას მეუღლემ უსისხლო გადატრიალების შედეგად საკუთარი მამის ტახტი ხელში ჩაიგდო. სწორედ მაშინ წარუდგინა შეიხმა მსოფლიოს თავისი ლამაზი და განათლებული ცოლი.
საკუთარ ქორწილში მშვენიერი მოზა მაინცდამაინც ბედნიერად არ გამოიყურებოდა - არც ჰქონდა ამის მიზეზი. თვალისმომჭრელი გარეგნობის პატარძალი, რომელიც ყველა იქ მყოფ ქალს ჩრდილავდა, დიდი სიყვარულით არ თხოვდებოდა - უბრალოდ, ის მომავალ ქმარს ძალიან მოეწონა, მომავალ მამამთილს კი ხელს აძლევდა ეს ქორწინება, რადგან მოზას მამა, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ოჯახის უფროსი, გამოუსწორებელი დისიდენტი გახლდათ და ემირის თითქმის ყოველ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა, რის გამოც ციხეშიც იჯდა.
ემირის აზრით, ეს ქორწინება თუ მტრობას ვერ მოსპობდა, მტერს მაინც გააჩუმებდა. ასე გახდა მოზა ტახტის მემკვიდრის მეორე ცოლი, 18 წლის შემდეგ კი - ქმართან ერთად ქვეყნის აბსოლუტური მმართველი. ეს დღე დადგა 1995 წლის 27 ივნისს, როცა ციურიხის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. საუბარი მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა: ყატარის ტახტის მემკვიდრე საკუთარ მამას, ქვეყნის მმართველს ატყობინებდა, რომ ერჩია, აღარ დაბრუნებულიყო სამშობლოში, რადგან ტახტიდან გადაყენებული იყო.
ემირმა უსიტყვოდ დაკიდა ყურმილი. ალბათ, 23-წლისწინანდელი ისტორია გაახსენდა, როცა თავადაც ასე ჩაიგდო ხელში ქვეყნის მართვის სადავეები, როცა საკუთარი ბიძის მმართველობა დაამხო. ასე გახდა მოზა ემირის ცოლი, თანაც უსაყვარლესი. ემირ ჰამად ბენ ხალიფას სამი ცოლი ჰყავდა. პირველს მოზაზე დაქორწინებამდე გაეყარა, მესამე კი მოგვიანებით შეირთო, როგორც ამბობენ, მხოლოდ იმიტომ, რომ მოზასთვის ეჩვენებინა, შენი ძალაუფლება უსაზღვრო არ არისო, თუმცა ვერც საზოგადოებაში და ვერც შეიხის გულში მოზას ადგილი ვერავინ დაიკავა. მასზე დღეს მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, შეიხის სხვა ცოლები კი, ალბათ, თვალითაც ცოტა ვინმეს თუ უნახავს.
საზოგადოებრივ ასპარეზზე
დღეს მოზას სხვადასხვა სახელმწიფოებრივი თუ საერთაშორისო თანამდებობა უკავია, რაც იშვიათია სპარსეთის ყურის სახელმწიფოების მმართველთა ცოლებისთვის. ის გახლავთ ყატარის განათლების, მეცნიერებისა და საზოგადოებრივი განვითარების ფონდის უფროსი, უმაღლესი საბჭოს ოჯახური საკითხების პრეზიდენტი, უმაღლესი საბჭოს განათლების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი, იუნესკოს სპეციალური ელჩი. მოზამ შექმნა არაბული დემოკრატიული ფონდი, რომელშიც პირველი შენატანი მისი ქმრისა იყო - 10 მლნ დოლარი. ფონდის მთავარი ამოცანაა სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობა.
გარდა ამისა, სწორედ მოზას ინიციატივით შეიქმნა 2008 წელს ყატარის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პარკი, რომელმაც 225 მილიონის ინვესტიცია მიიზიდა, მათ შორის, ისეთი კომპანიებისა, როგორებიცაა Microsoft, Shell და General Electric-ი. მოზამ დედაქალაქ დოჰას გარეუბანში გააშენა ”საგანმანათლებლო ქალაქი” - საუნივერსიტეტო დასახლება, სადაც სტუდენტებს ლექციებს უკითხავენ ამერიკული უნივერსიტეტების წამყვანი პროფესორები.
თავად მოზას მინიჭებული აქვს: ვირჯინიის თანამეგობრობის უნივერსიტეტის, ტეხასის A&M უნივერსიტეტის, კარნეგი მელაონის უნივერსიტეტის, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯისა და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. 2010 წლიდან გახლავთ ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ქალი - კომანდორი.
ჟურნალ ”ფორბსის” ვერსიით, მოზა შესულია მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ქალთა სიაში (79-ე) და ეს ყველაფერი არ არის: მოზას ეკუთვნის პროექტი Educate A Child (”მიეცი განათლება ბავშვს”). ფონდი აფინანსებს იმ ბავშვების პირველდაწყებით განათლებას, რომლებიც ღარიბ ოჯახებში, ასევე, საომარი კონფლიქტების ზონებში ცხოვრობენ. სულ ასეთი 34 ქვეყანაა, მათ შორის: ჩადი, ბანგლადეში, კენია. ”სულ სხვაა, საკუთარი თვალით ნახო, როგორ ცხოვრობენ ეს ბავშვები. მათ გამუდმებული ბრძოლა უწევთ ისეთი ელემენტარული ადამიანური უფლებებისთვის, როგორიცაა სწავლა და ცხოვრება ნორმალურ პირობებში. მათ საკლასო ოთახებს პირობითად ეწოდება ასე, ეს საშინელებაა... ჩვენ რაც უნდა ვილაპარაკოთ და ვაკეთოთ, ეს მხოლოდ ზღვაში წვეთი იქნება, მაგრამ მინდა თუნდაც ერთი სკოლა შევქმნა, რომელიც სამაგალითო სტანდარტის იქნება. ბავშვები იმსახურებენ ამას!” - ამბობს მოზა.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოზას აკრიტიკებენ ყატარის აგრესიული ეკონომიკური პოლიტიკის გამო - სპარსეთის ყურის ამ პატარა სახელმწიფოს ბრალს სდებენ გაზზე დემპინგური ფასების დადებასა და მსოფლიო გაზის ბაზარზე მაქსიმალური სეგმენტის დაკავების მცდელობაში. ამას გარდა, ყატარი მსოფლიო მასშტაბით აფინანსებს რადიკალურ დაჯგუფებებს, რაც, რასაკვირველია, სახელს უტეხს ნატიფსა და გონიერ მოზას.
ცოლი და დედა
ცხადია, რომ მოზა ნასერმა მთლიანად დაიპყრო მეუღლის გული და გონება. შეიხა ამბობს, რომ მთელი მისი შთაგონების წყარო - ქმარია. ”მეუღლის გვერდით უფრო მეტი ვიცხოვრე, ვიდრე მშობლებთან. მე მისი ნაწილი ვარ, ვიცი მისი პრობლემები, ვიცი, რაზე სტკივა გული, ვიცი მისი ოცნებების შესახებ”. მეუღლეები საოცრად ახლობელნი არიან ერთმანეთისთვის. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ისინი თითქმის ყოველთვის ამთავრებენ ერთმანეთის ფრაზებს, მიუხედავად იმისა, თუ რაზე საუბრობენ - ხელოვნებასა თუ საერთაშორისო პოლიტიკაზე.
მოზამ შეიხს 7 შვილი გაუჩინა - 5 ვაჟი და 2 ქალიშვილი. ”ჩვენ ვცდილობდით, შვილები ნორმალურ ადამიანებად აგვეღზარდა. ჩვენ მათთან ყველაფერზე ვსაუბრობდით – რას ვაკეთებდით, რა ვნახეთ, რას ფიქრობდნენ ისინი, რისი გაკეთება სურდათ. ახალგაზრდების მოსმენა ყოველთვის საინტერესოა” - ამბობს მოზა.
საერთაშორისო აღიარება და პატივისცემა არ ნიშნავს, რომ მოზას პრობლემები არ აქვს. მიუხედავად თავისი ძლიერი გავლენისა ქმარზე, მოზა ძალიან დიდხანს ამაოდ ცდილობდა ქმრის დარწმუნებას, რომ თავიანთი უფროსი ვაჟი თამიმი მემკვიდრე პრინცად ეღიარებინა, რადგან ტახტი, ტრადიციისამებრ, შეიხის პირველი ცოლის ვაჟს ეკუთვნოდა. მაგრამ 2013 წლის ბოლოს, ყატარის შეიხმა თავისი გადადგომის შესახებ განაცხადა და ქვეყნის ემირად მოზას უფროსი ვაჟი დასვა.
საინტერესოა, რას ამბობს ყატარში ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის დეკანი სირდონ-ანდერსონი: ”მე მათ სამ შვილს ვიცნობ და გაოგნებული ვარ. მათ შეეძლოთ ბალახის მოწევის მეტი არაფერი ეკეთებინათ სადღაც, საფრანგეთის სამხრეთით, როგორც საერთოდ ხდება, მაგრამ ისინი ყველასგან განსხვავებულნი არიან. მე, როგორც მამა, აღფრთოვანებული ვარ, როგორ აღზარდა ამ წყვილმა შვილები!”
მოზას განუმეორებელი სტილი
მოზას გარდერობი - ეს არის ევროპული დიზაინის შერწყმა მუსლიმანური რელიგიის ტრადიციებთან, რასაც ჩვენმა გმირმა ბრწყინვალედ გაართვა თავი: შეიხის მეუღლეს მხოლოდ გრძელი კაბები, ქვედაბოლოები და შარვლები აცვია, თანაც აუცილებლად წელში გამოყვანილი. ტრადიციულად, დოლბანდის თავსაბურავი ამშვენებს. მის მკერდზე, ყურებსა და თითებზე კი ძვირფასი ქვები ელვარებს.
მოზა თაყვანს სცემს Saint Laurent-ის, Balenciaga-ს, Chanel-ის და Valentino-ს ვინტაჟურ კოლექციებს.
მოზას განსაკუთრებით უყვარს Valentino. 2012 წლის ივლისში ყატარის სამეფო ოჯახმა Valentino-ს მოდის სახლი 700 მლნ ევროდ იყიდა. ქალბატონის კიდევ ერთი გატაცება Chanel-ის ბეწვის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელია. ორიოდე წლის წინ მოზამ საკუთარი მოდური ხაზი შექმნა. ფორმალურად ამ საქმეს კომპანია Qatar Fashion Group (QFG) წარმართავს, მაგრამ საიდუმლო არავისთვისაა, რომ როგორც თავად კომპანიის, ასევე სავაჭრო მარკა QELA-ს უკან პირადად მოზა ბინთ ნასერ ალ-მისნედი დგას. და ამაში უცნაური არაფერია, რადგან ის დიდი ხანია რჩევებს აძლევს არაბული სამყაროს მოდურ ქალბატონებს.
ჟურნალისტები დღემდე სიამოვნებით იხსენებენ უკანასკნელი წლების, შეიძლება ითქვას, ყველაზე გრანდიოზულ მოდურ ომს მსოფლიოს ორ ყველაზე გემოვნებით ჩაცმულ ქალს - შეიხა მოზასა და საფრანგეთის მაშინდელ პირველ ლედის, კარლა ბრუნს შორის. პირველი ”ბრძოლა” მათ შორის 2008 წლის 14 ივლისს ”გაიმართა”, პარიზში, ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე. შარტრეზისფერ შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილმა, ვერცხლის სამკაულებით მორთულმა მოზამ მთლიანად დაჩრდილა საფრანგეთის პირველი ლედი. ეს ბრძოლა კარლა ბრუნის საბოლოო დამარცხებით დასრულდა. მეორე ”შერკინებისას”, 2009 წლის 20 ივლისს, ელისეის სასახლეში, ყატარის მაღალ სტუმართა პატივსაცემად გამართულ სადილზე, სადაც მოზა ბრილიანტებითა და მარგალიტებით გაწყობილი სარტყლით შემკული მუქ-წითელი კაბით გამოცხადდა. მოდის ყველა კრიტიკოსმა ერთხმად აღიარა მისი ტრიუმფი. მოზა და ბრუნი მომავალში კიდევ რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა ამით მდგომარეობა არ შეცვლილა.
ასეთია 60-ს მიტანებული მოზა, ყველაზე თამამი და წინააღმდეგობებით სავსე ქალი მთელ ახლო აღმოსავლეთში, სამყაროში, რომელსაც ერთპიროვნულად მამაკაცები მართავენ. ყატარში მასზე ლოცულობენ: ”მისი უდიდებულესობა საუკეთესოა, რაც კი ჩვენს ქვეყანაში მომხდარა. ის ჩვენი შთაგონების წყაროა, მისი მოსვლის შემდეგ ყატარი მთელი 100%-ით შეიცვალა!” - ასე ამბობენ მოზაზე თავის ქვეყანაში.
მოზა - თბილისში
შეიხა მოზა ჩვენს დედაქალაქსაც ესტუმრა. ეს ამ ზაფხულს, 2015 წლის 6 ივნისს მოხდა - მას თან ახლდა რუსი დიზაინერი და ბლოგერი უილიან სერგეენკო და Vogue-ru-ს პიარ-მენეჯერი ფროლ ბურიმსკი. იგი თბილისში ერევნიდან ჩამოვიდა, იქ კი - რუსეთიდან. მოზამ ძველ თბილისში გაისეირნა, ეწვია ანტიკვარულ ეროვნული სამოსითა და სუვენირებით მოვაჭრე მაღაზიებს. მშვიდობის ხიდიდან დატკბა თბილისური პეიზაჟებით. უნდა ითქვას, რომ მისი ვიზიტი თბილისში გასაიდუმლოებული იყო. რადგან ვიზიტი კერძო გახლდათ, მოზას მოთხოვნით, ყოველგვარი პომპეზურობა გამოირიცხა.
კავკასიური საიდუმლო ვიზიტისას მოზა ერთობ უკმაყოფილო დარჩა სომხური ვოიაჟით, რადგან იქაურმა მედიამ ეს ამბავი ქვეყანას მოსდო, თუმცა ეს ბუნებრივიცაა, რადგან 18-კაციან დელეგაციას 20 მანქანისგან შემდგარი კორტეჟი ახლდა. ამას ემატებოდა ციმციმებიანი მანქანები, რამაც ერევანში საგზაო მოძრაობის პარალიზება გამოიწვია.
ჟურნალი ”კაცი და ქალი”
(ნოემბრის ნომერი)