ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ყურების ჰიგიენას ყურადღება უნდა მივაქციოთ, მაგრამ შეიძლება თუ არა ამისთვის ყურის ჩხირების გამოყენება? აღმოჩნდა, რომ ეს არ არის საუკეთესო საშუალება და აი, რატომ...
ბამბის ჩხირები არ არის უსაფრთხო ყურების წმენდისას
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები დიდი ხანია, ყურის ჩხირების წინააღმდეგ გამოდიან.
უმჯობესია, ყურის არხში არაფერი შევუშვათ. ყოველთვის არსებობს ყურის "ბარაბნის" დაზიანების საშიშროება. ამასთან, ჩხირების გამოყენებისას, ყურის გოგირდს სიღრმეში უფრო ვტენით. ამან შესაძლოა, არხის ჩახშობა და ნაწილობრივი დაყრუება გამოიწვიოს.
ყურის გოგირდი ჭუჭყიანი არ არის
ბევრი შეცდომით ფიქრობს, რომ ყურის გოგირდი უსარგებლო ჭუჭყს წარმოადგენს. სინამდვილეში კი, გოგირდს ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია და ორგანიზმის დამცავი სისტემების ნაწილს წარმოადგენს.
როგორ გავიწმინდოთ ყურები ან რა დროს არის ამ პროცესის ჩატარება საჭირო
პრინციპში, ყურები ჩვენი ჩარევის გარეშეც თავად იწმინდება, გოგირდის ცირკულაციის დახმარებით ჭუჭყი თავისით გამოდის გარეთ. ზოგიერთ ადამიანს საერთოდ არ სჭირდება ყურების გაწმენდა - ამაზე მათმა გენეტიკამ იზრუნა, მაგრამ ზოგიერთს გოგირდმა შესაძლოა არხები გაუვსოს და მათთვის აუცილებელია გაწმენდა. ამისთვის სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო. მთავარია, გახსოვდეთ, თუ გოგირდი დიდი ოდენობით გამოიყოფა ან ტკივილი გაწუხებთ, აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოთ.
გამოიყენეთ ზეთები
ეფექტური და უსაფრთხო წმენდისთვის იდეალურია საბავშვო მინერალური ზეთი ან სპეციალური ყურის ზეთი. შეამოწმეთ, რომ მის შემცველობაში ისეთი კომპონენტი არ შედიოდეს, რაზეც ალერგია გაქვთ.
მადეზინფიცირებელი საშუალებები
სრულებით შესაძლებელია მადეზინფიცირებელი საშუალებების გამოყენება, ისეთის, როგორებიცაა წყალბადის ზეჟანგი ან კარბამიდის პეროქსიდი.
ექიმთან ვიზიტი
თუ ზემოაღნიშნული საშუალებები ეფექტური არ გამოდგა, აუცილებლად მიმართეთ ექიმ-ოტოლარინგოლოგს, რომელიც გამოგიწერთ საჭირო წვეთებს ან გაგიწმენდთ გოგირდისგან ყურებს სპეციალური ინსტრუმენტების მეშვეობით.