ამ მომხიბვლელმა, თვალისმომჭრელმა ვარსკვლავებმა პირველი გამოჩენისთანავე დაიპყრეს მილიონობით ადამიანის გულები. ყველას ეჩვენებოდა, რომ ეს ლამაზი ქმნილებები, თითქოსდა ციდან მოვლენილნი, სამუდამოდ დარჩებოდნენ სამყაროში მისაბაძ მაგალითად და აღფრთოვანების ობიექტად... მაგრამ დიდების ტკბილი ნისლის მიღმა თითქოს მუდმივად იგრძნობოდა გარდაუვალი კატასტროფის მოახლოება...
ედი სეჯვიკი
"იცხოვრე სწრაფად და მოკვდი ახალგაზრდა" - ბედის ირონიით, ედი ამ პრინციპით ხელმძღვანელობდა სიცოცხლის ბოლომდე. მას შეიძლება მილიონერი-კონკია ვუწოდოთ - გოგონა არისტოკრატიული, მდიდარი და გავლენიანი ოჯახიდან, რომელიც ფუფუნებაში გაიზარდა. 60-იანი წლების ულამაზესი მოდელი განათლებით არ ბრწყინავდა, მისი მეგობრების თქმით, ცხოვრების განმავლობაში ერთი წიგნიც კი არ წაუკითხავს, გაზეთებს კი საერთოდ ვერ იტანდა.
ედი ცხოვრების გზაზე ენდი უორჰოლს, ცნობილი Factory-ს დამაარსებელს გადაეყარა და მალევე გახდა მისი მთავარი ნიმფა. ენდი მას თავის თითქმის ყველა ფილმში იღებდა და ერთ-ერთი პირველი სუპერვარსკვლავიც კი გახდა. "მილიონერი-კონკიის" დიდი ხნის ოცნება ახდა, იგი რჩეულთა წრეში აღმოჩნდა, მას აღმერთებდნენ, მაგრამ მალევე უორჰოლისა და სეჯვიკის შემოქმედებითი ტანდემი დაიშალა. მიზეზი: ცნობილ მომღერალთან, ბობ დილანთან შეხვედრა, რომელმაც ედის თავბრუ დაახვია და დაარწმუნა, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაეწყვიტა კავშირი Factory-სთან. მოტივი საკმაოდ მარტივი იყო, დილანი ვერ იტანდა უორჰოლს. სეჯვიკმა საბედისწერო ნაბიჯი გადადგა: მან მიატოვა ადამიანი, რომლის წყალობითაც ბევრს მიაღწია. ამ მომენტიდან მოდელის კარიერა დასრულდა, დილანი კი მალევე გაცივდა საყვარლის მიმართ, თანაც, აღმოჩნდა, რომ სხვა ქალზე იყო დანიშნული.
ედი რამდენჯერმე გათხოვდა და ყოველ ჯერზე უსიყვარულოდ. მრავალმილიონიანი ქონებაც მალევე გაანიავა. დაკარგული ოცნებისგან გამოწვეულ დარდს ალკოჰოლითა და ნარკოტიკებით ახშობდა. სეჯვიკი თვითმკვლელობასაც ეცადა, საბოლოოდ კი ნარკოტიკების ჭარბი დოზით 28 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რომი შნაიდერი
მას საეკრანო სახელს, სისის უწოდებდნენ. რომი შნაიდერის მიერ ფილმში განსახიერებულმა ახალგაზრდა დედოფალმა ევროპელი მაყურებლის დიდი სიყვარული დაიმსახურა. რომი ცხოვრებაშიც ნამდვილი არისტოკრატი გახლდათ, ჭკვიანი, განათლებული, უზომოდ მომხიბვლელი. ნიჭიერ მსახიობს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და რომიც ნებისმიერი გამოცდის გავლაზე თანახმა იყო საწადელის მისაღწევად, სანამ დამწყებ მსახიობს, ალენ დელონს არ შეხვდა. ალენისადმი სიყვარულით დაბრმავებული, რომი კარიერას და საკუთარ თავს ივიწყებს. ის სრულებით ჩაეფლო დელონის საქმეებში და ძალისხმევას არ იშურებდა კინოს სამყაროში მის მოსახვედრად. რომის წყალობით ალენმა პირველი წარმატება, შემდეგ დიდება და პოპულარობა მოიპოვა.
ცოტა ხანში ალენ დელონმა რომი მიატოვა და სხვა ქალზე იქორწინა. რომი საკუთარ თავში ჩაიკეტა, ღრმად განიცდიდა ამ ამბავს. დროთა განმავლობაში, დელონის კარიერა უკან წავიდა და მან კვლავ მიმართა ძველ შეყვარებულს დახმარებისთვის. რომი ბედნიერი იყო, მათი ურთიერთობა ახალი ძალით ისევ აღდგა. წყვილმა ფილმ "აუზში" ითამაშა, რომელიც ნამდვილი აღმოჩენა გახდა და ორივე მსახიობს მსოფლიო აღიარება მოუტანა. მას შემდეგ დელონმა ისევ მიატოვა რომი, ამჯერად, სამუდამოდ.
შნაიდერის ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა, ჯერ ყოფილი მეუღლის, მერე კი შვილის სიკვდილმა საბოლოოდ გაანადგურა იგი. მწარე მარტოობასა და დარდს ალკოჰოლითა და ანტიდეპრესანტებით იქარვებდა. ერთხელაც კი მისმა გულმა ვეღარ გაუძლო... შნაიდერი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მერილინ მონრო
მერილინ მონრო სიცოცხლეშივე იქცა ამერიკულ ლეგენდად. მომხიბვლელი, სექსუალური, უბრალო - მონრო მილიონობით ამერიკელის სათაყვანო კერპი გახლდათ.
მას შეეძლო, ნებისმიერი ადამიანი მოენუსხა და დადებითად განეწყო მისდამი. საბოლოოდ, ამ ადამიანურმა თვისებამ დაღუპა კიდეც.
გამოჩენილი პოლიტიკოსები, მილიარდერი ბიზნესმენები და მსხვილი მაფიოზებიც კი ცდილობდნენ მერლინის საზოგადოებაში მოხვედრას. მერილინით ჯერ აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ კენედი დაინტერესდა, შემდეგ კი მისი ძმა რობერტი - იუსტიციის მინისტრი. თუმცა, ქვეყნის პირველი პირისა და სექს-სიმბოლოს ურთიერთობამ ღრმად შეტოპა. სენსაციების მაძიებელი ჟურნალისტები კალმებს "ლესავდნენ". მათ არ ესმოდათ, რომ "უბრალო ამერიკელ გოგონას" საშიშროება ემუქრებოდა. კენედების მძლავრ კლანს სასწრაფოდ უნდა ეზრუნა რეპუტაციაზე. ამასთან, მერილინ მონროსთან ურთიერთობას ფრენკ სინატრამ მოუხშირა, რომელიც ცნობილი იყო მაფიასთან კავშირით.
მონროს მოულოდნელმა სიკვდილმა მთელი ამერიკა შეძრა. პრესა დაჟინებით ირწმუნებოდა, რომ მერლინი ნარკოტიკების ჭარბი დოზისგან დაიღუპა. რამდენიმე წლის შემდეგ FBI-ს საიდუმლო არქივში აღმოაჩინეს საბუთი, რომლის მიხედვით ხდება ცნობილი, რომ 36 წლის მსახიობი შეთქმულების მსხვერპლი გახდა. გაგრძელება