წიგნი, რომელიც ორჯერ წაკითხვის ღირსი არ არის, არც ერთხელ წაკითხვის ღირსი ყოფილა, რადგან როცა წიგნი მოგწონს, გხიბლავს, როცა მისი კითხვისას უდიდეს სიამოვნებას განიცდი, ლოგიკურია, გიჩნდება სურვილი, დაუბრუნდე განვლილ წუთებს და კვლავ განმეორდეს ის შეგრძნებები, წაკითხვამ რომ მოგგვარა ერთხელ - ასე იქმნება და მდიდრდება ლიტერატურული კლასიკაც, საუკუნეებს რომ უძლებს და მემკვიდრეობად გადაეცემა თაობიდან თაობას, ხელიდან - ხელში.
წიგნისგან მიღებული ეს სიამოვნება მინიმუმ ათმაგდება, თუ შესაძლებლობა და უნარი გაქვს, მსოფლიო ლიტერატურული კლასიკა ორიგინალში წაიკითხო - ძალიან მაღალი დონის თარგმანიც კი ვერასოდეს მოგგვრით ისეთი თვითკმაყოფილების განცდას, ვიდრე იმის გაცნობიერება, რომ წიგნს ავტორის ენაზე, კონკრეტულად მისი სიტყვებითა და ფრაზეოლოგიით კითხულობთ.
უკვე ტრადიციულად, წიგნის მოყვარულებს გამომცემლობა ”პალიტრა L”-ი მორიგ უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს - გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ერთად სერია ”მსოფლიო კლასიკა - ქართულ-ინგლისურად“ გაიყიდება, რომელსაც ნებისმიერი თაობისთვის მრავალმხრივი დანიშნულება აქვს. თუ თქვენი ინგლისურის ცოდნის დახვეწა გსურთ, შეგიძლიათ მსოფლიო დონის ლიტერატურა ორიგინალში წაიკითხოთ და თუ გარკვეული ფრაზა თქვენთვის გაუგებარი აღმოჩნდა, იქვე, ქართულ თარგმანში კითხვაზე პასუხი მარტივად მიიღოთ - ეს მეთოდი ინგლისური ენის დონის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
საერთოდ, ინგლისური ენის საფუძვლიანად დაუფლება ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ გრამატიკისა და ცალკეული სიტყვების შესწავლა.
აღსანიშნავია ის, რომ წიგნები განკუთვნილია ყველა თაობის მკითხველისთვის. მათთვის, ვისაც ინგლისური ენის გაუმჯობესება სურს და მათთვისაც, ვისაც კლასიკური ნაწარმოებების ორიგინალში ან მხოლოდ ქართულად წაკითხვა სურს.
თინათინ ფეიქრიშვილი, მარკეტინგის მენეჯერი: ”პალიტრა L”-ის ეს 12-ტომიანი გამოცემა გამორჩეულია სწავლების ინოვაციური მეთოდით. ეს არ არის ერთფეროვანი და მოსაწყენი სავარჯიშოების კრებული, თქვენ 12 სხვადასხვა ლეგენდარული მწერლის ნაწარმოებებს კითხულობთ და თან უნარებსაც მაქსიმალურად ავითარებთ. რაც მთავარია, აღარ დაგჭირდებათ ლექსიკონი, რადგან ქართული და ინგლისური ტექსტები პარალელურად არის მოცემული. მსოფლიო დონის ლიტერატურის ორენოვან გამოცემასთან ერთად, ”პალიტრა L”-ი დამატებით საშუალებას გაძლევთ, უნიკალური კოდით გადმოიწეროთ და მოისმინოთ წიგნის აუდიოჩანაწერიც, რაც დაგეხმარებათ ინგლისური სიტყვების სწორად გამოთქმის უნარების გაუმჯობესებაში. აღნიშნული კოდი მოთავსებულია წიგნის უკანა ყდაზე, რომელიც უნდა შეიყვანოთ "პალიტრა L"-ის საიტზე აუდიოწიგნების სექციაში და ავტომატურად შეძლებთ mp3 ფაილის ჩამოწერას. წაიკითხეთ, მოისმინეთ მსოფლიო კლასიკის მრავალფეროვნება და გაიუმჯობესეთ ინგლისურად კითხვის, თარგმნისა და მოსმენის უნარები!
”პალიტრა L”-ის ამ ახალ პროექტს - მსოფლიო კლასიკის ორენოვან გამოცემაზე, საზოგადოებაში უკვე მოჰყვა საკმაოდ ფართო გამოხმაურება:
მარიამ იმერლიშვილი, მოსწავლე: ,,დევიდ კოპერფილდის“, ,,ოლივერ ტვისტისა“ და ,,დიდი იმედების“ შემდეგ ამ წიგნმა აღმომაჩენინა სრულიად სხვა ჩარლზ დიკენსი, რომელიც საოცარი სიმსუბუქით წარმოგვიდგენს სიუჟეტს და თანდათან აქრობს იმ პირველად დაძაბულობას, რომელსაც სათაური აღგვიძრავს წიგნის წაკითხვამდე. თუმცა წიგნის მთავარი ხიბლი ის არის, რომ წიგნი ორენოვანია, რაც უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, რომ ინგლისური ენა კარგად და საფუძვლიანად შევისწავლო. ეს წიგნი არის ყველასთვის, ვისაც ენის განმტკიცება და დახვეწა უნდა. ეს კი მართლაც დიდი შესაძლებლობაა ჩვენთვის, მოსწავლეებისთვის, რომ ამ ასაკშივე ,,ვეზიაროთ“ ორიგინალში დაწერილ მსოფლიო ლიტერატურას, ისე, რომ ყველაფერი მარტივად გავიგოთ.
თაკო კალანდაძე, მოსწავლე: ვფიქრობ, მსოფლიო კლასიკის ორ ენაზე კითხვა ორმაგად საინტერესო და სასიამოვნოა, რადგან ნაწარმოების კითხვასთან ერთად ვიუმჯობესებთ ინგლისურის დონეს. ამასთან, გვაქვს შესაძლებლობა არა მხოლოდ წავიკითხოთ, არამედ აუდიოწიგნები გადმოვწეროთ და მოვუსმინოთ კიდეც.
ნინო ქანთარია, მასწავლებელი: მსოფლიო კლასიკის ორენოვანი გამოცემა თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლეებისთვის. მასწავლებლისთვის დამხმარე საშუალებაა, მოსწავლისთვის კი ცოდნის გაღრმავების წყარო, რადგან ცნობილი მწერლების ნაწარმოებებს ორ ენაზე კითხულობენ, ინგლისურად და ქართულად. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ წიგნს მოჰყვება აუდიოვერსია. ინგლისურის მოსმენით კი, დამერწმუნეთ, ენას ყველაზე უკეთ ისწავლით. ამ სერიას სოციალური დატვირთვაც აქვს - გაზარდოს მკითხველის რაოდენობა და ამით მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს პიროვნების სწორად ფორმირების საქმეში, მკითხველამდე მიიტანოს სწორი, მორალურად და საზოგადოებრივად მიღებული „მესიჯები“, რითაც მივალთ როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან დადებით შედეგებამდე.
ალექსანდრე პეტრიაშვილი, პრაღის ეკონომიკის უნივერსიტეტის დოქტორანტი:
საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, რომ უცხო ენის სწავლის საუკეთესო გზა ორენოვანი წიგნების კითხვაა. მსოფლიო კლასიკის ორენოვანი გამოცემა გიქმნის დამატებით კომფორტს, რომ უცნობი სიტყვები ყოველ წუთს ლექსიკონში არ ეძებო. გარდა ამისა, შეგიძლია საკუთარი ლექსიკონი შეადგინო წიგნის ბოლო ფურცლებზე. რაც მთავარია, აუდიოვერსიის მოსმენა გეხმარება, ისწავლო სიტყვების სწორად გამოთქმა და ინგლისური მეტყველების სწორად აღქმა. ნამდვილად საუკეთესო სერიაა იმისთვის, რომ განამტკიცო ენა და ამასთან, ისიამოვნო მსოფლიო კლასიკის კითხვით.
პ.ს. ეს პროექტი 28 ნოემბრიდან, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გაიყიდება და ჩაანაცვლებს პროექტს - „ჩემი საქართველო - ის, რაც ერთხელ მაინც უნდა ნახო“.
რუსუდან შელია