ჟურნალმა "ბომონდმა" 20 ნოემბერს 20 წლის იუბილე აღნიშნა.
გრანდიოზული წვეულება, რომელსაც ქართული ბომონდის წარმომადგენლები ესწრებიან, "თბილისი მერიოტის" წვეულებათა დარბაზში იმართება. თბილისურმა ბომონდმა ჯერ წითელ ხალიჩაზე იპოზიორა, კოქტეილის შემდეგ კი სადა და დახვეწილი საღამო დაიწყო.
ღონისძიების ფარგლებში იმართება დათუნა სულიკაშვილის ჩვენება-პერფორმანსი. დიზაინერი საღამოზე უახლესი კოლექციის პრეზენტაციას აწყობს. სპეციალურად ამ საღამოსთვის პოდიუმზე ყველაზე ცნობილი ქართველი მოდელები დგანან: თაკო ჩხეიძე, თამუნა გაბრიელაშვილი, სალომე ღვინიაშვილი, თიკა ფაცაცია, ნინო ცქიტიშვილი, რუსა ჩაჩუა და კიდევ 15-მდე მოდელი, რომელთა მიღწევებიც ორი ათწლეულის მანძილზე "ბომონდის" ფურცლებზე იბეჭდებოდა და ვინც ჟურნალის გლამურულ ისტორიას ქმნიდა.
ჟურნალ "ბომონდის" რედაქტორის, თეა აგლაძის თქმით, გამოიცა "ბომონდის" სპეციალური ნომერი, რომელიც ჟურნალის 20-წლიან მოღვაწეობას ასახავს.
"საკმაოდ დიდი მოსამზადებელი პერიოდი დასჭირდა ამ საღამოს მომზადებას, რადგან ამოცანა იყო ძალიან რთული - ის უნდა ყოფილიყო ძალიან სადა და მომხდარიყო იმ ადამიანების მაქსიმალური ჩართულობა, რომლებიც ქმნიდნენ "ბომონდის" ისტორიას. ვფიქრობ, კარგი საღამოა და ხალხი არის ამაღლებულ განწყობაზე. 20-წლიან ისტორიას დაემთხვა მეასე საიუბილეო ნომერი, რომელიც არის საინტერესო, რადგან მასში აღწერილია ჟურნალის ისტორია. "ბომონდი" არის ბრენდი", - აღნიშნა თეა აგლაძემ.
"ბომონდის" საიუბილეო საღამოს პარტნიორები იყვნენ STOLI THE VODKA და საერთაშორისო სამშენებლო კომპანია Diamond Projects. ჟურნალი "ბომონდი" მადლობას უხდის კომპანიებს, რომელთა დახმარებითაც გრანდიოზული წვეულება შედგა. ესენია: საიუველირო მაღაზია Ponte Vecchio, ჩანთების მაღაზია Gepherrini, Lopota Lake Resort & Spa, სალონი Franck Provost, კოსმეტიკა - Inglot. საღამოს შოკოლადით გაუმასპინძლდა ბელგიური კომპანია ROSALI.
ჟურნალი "ბომონდი" 20 წელია, რაც ბაზარზე არსებობს და ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა ბეჭდური მედიის ამ სეგმენტში. იხილეთ ფოტოგალერეა
ნიკა საჯაია