„და ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად“, სწორედ ასე სრულდება ისტორიების უმეტესობა, თუმცა სინამდვილეში, სწორედ ეს არის დასაწყისი.
დასაწყისი ამბისა, რომელიც რეალურ ცხოვრებაში, საქორწინო ფიცისა და პირველი, ცოლქმრული კოცნის შემდეგ ვითარდება. რატომ არასდროს გვიჩვენებენ, რა ხდება ქორწინების შემდეგ?! რატომ ცდილობენ, თავიდან მოგვიშორონ ბედნიერი დასასრულით?
ყოველთვის, რომანტიკულ კომედიებშიც და მეოცნებე თინეიჯერებისათვის დაწერილ წიგნებშიც, ქორწინება ავტომატურად ბედნიერ დასასრულს ნიშნავს. არავის არც კი წარმოუდგენია, რა იწყება ამ ყველაფრის შემდეგ. ვერ წარმოიდგენენ, როგორ შეიძლება აირიოს ურთიერთობა, როცა ახლად გამოჩეკილი ქმარი გასარეცხი წინდების უწესრიგოდ დაყრას დაიწყებს, ცოლი კი ნახევრად მოუხარშავ, ისედაც უგემურ წვნიანს საშინლად დაამლაშებს.
ვერ წარმოიდგენენ, როგორ შეიძლება გაქრეს სიყვარული და ოჯახური თანაცხოვრება მხოლოდ მოვალეობის ან სულაც, ბავშვის გამო გაგრძელდეს.
თუმცა, არის თუ არა ეს საკუთარი თავის მოტყუება? არის თუ არა ცხოვრების მნიშვნელოვანი წლების ფუჭად გაფლანგვა?! რა თქმა უნდა! ან სად მიდის სიყვარული, თუკი ის ნამდვილი იყო? რატომ ქრება ისეთი ადამიანური სისუსტეების გამო, როგორების გადალახვაც მხოლოდ მონდომების ამბავია?! და საერთოდ, შეუძლია ნამდვილ სიყვარულს, რომ გაქრეს? ისე ჩაიაროს, თითქოს არც არასოდეს უარსებია და კვალად მხოლოდ განქორწინების საბუთი დატოვოს...
ვერ გეტყვით. ვერც იმას ვიტყვი, რამდენად რეალურია მატარებელივით ჩავლილი ურთიერთობის უკან დაბრუნება, ამის შეუძლებლობის შემთხვევაში კი, ტირილით თვალების დასიება.
არც ის ვიცი, უნდა გავეკიდოთ თუ არა წარსულს, თუმცა, ერთი რამის თქმა დარწმუნებით შემიძლია: თუ სიყვარული ნამდვილია, მას ვერც თანაცხოვრება, ვერც პრობლემები და ვერც დროის გასვლა ვერაფერს დააკლებს. პირიქით, გრძნობას ჩვილი ბავშვივით გამოკვებას, გაზრდის, დაამშვენებს და სიტყვები, „და ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად“, დასასრული მხოლოდ ერთი ეტაპისთვის, რეალურად კი, ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი იქნება...
“მარაო” თავისი მკითხველისთვის ახალი რომანის გამოქვეყნებას იწყებს. რომანი დეტექტივის ელემენტებით ჩვენი დროის თბილისში ვითარდება. ორი მთავარი გმირი - განქორწინებული წყვილია. საქმე კი, რომლის გახსნაც ვერაფრით მოხერხდა, კვლავ წარსულის აჩრდილივით თან სდევს პერსონაჟების ცხოვრებას...
რა საიდუმლოს მალავენ მოთხრობის გმირები? - ამას ნათია ჯაგოდნიშვილის ახალ რომანში - ”საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი” გაიგებთ!
ეპიზოდები დაიდება ყოველ პარასკევს.