რა სურთ ქალებს? ეს ის მარადიული შეკითხვაა, რომელიც ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი რჩება და რომელიც განსაკუთრებულ აქტუალურობას 8 მარტს იძენს.
8 მარტი არის დღე, როდესაც ყველა ქალი ამ შეკითხვაზე თავისებურად იღებს პასუხს, ზოგი რომანტიკული ვახშმით, ზოგიც ყვავილების დიდი თაიგულით, ზოგი კი სუნამოთი თუ სხვა ძვირად ღირებული პარფიუმერიით.
სინამდვილეში „ქალთა დღე“ მე-20 საუკუნიდან იღებს სათავეს და იგი თავდაპირველად ქალბატონების მასშტაბური გამოსვლებით დაიწყო, რისი მიზანიც ყურადღების მიქცევა და ამ გზით ქალების უფლებების დაცვა იყო. თუმცა დროთა განმავლობაში დღესასწაულმა სხვანაირი სახე მიიღო. დღევანდელ სამყაროში ქალებისთვის განკუთვნილ დღეს იგეგმება სხვადასხვა ღონისძიება, შეჯიბრებები, კულინარიული დუელები, სადაც ისევ ქალბატონები იღებენ მონაწილეობას.
„ბიბლუსი გალერეა“ კი ამ მიღებული ტენდენციიდან განსხვავებულ ივენთს სთავაზობს ქალბატონებს. ამ დღეს "ბიბლუსში" აქცენტი მთლიანად თქვენზე გაკეთდება, ქალბატონებო. თქვენ დაპატიჟებული ხართ იმისთვის, რომ ისიამოვნოთ, მიირთვათ ღვინო, მოუსმინოთ გემოვნებიან მუსიკას.
„მამაკაცები ქალებისთვის!“ - ღონისძიებაში, რომელიც 8 მარტს „ბიბლუსი გალერეაში“ გაიმართება, არ მიიღებს მონაწილეობას არც ერთი ქალბატონი. მათი მოვალეობა მხოლოდ საღამოთი ტკბობა იქნება. საღამოს 4 მთავარი მასპინძელი ეყოლება: გაგა ნახუცრიშვილი, ამირან არაბული, ზვიად კვარაცხელია და სოსო მეშველიანი.
ვიოლინო, პოეზია, ღვინო - დაზუსტებით არავინ იცის, რა სურთ ქალებს, მაგრამ ეს ის ვარიანტია, რომელიც მათთვის შეიძლება 8 მარტს სასიამოვნო იყოს. ასე რომ, განსხვავებული 8 მარტის აღსანიშნავად 19:00 საათზე „ბიბლუსი გალერეაში“ გეპატიჟებით, რომელიც ჭავჭავაძის 7 ნომერში მდებარეობს.