ოქტომბრის ბოლოს ,,ბიბლუსის" ყველა თაროზე თანამედროვე ავტორის, თათული ღვინიანიძის რომანი ,,აღიარება ხელისგულზე" გამოჩნდება.
რომანს ბესტსელერობას უწინასწარმეტყველებენ. ის კონკურსში ,,გახდი ბესტსელერის ავტორი" ხალხის რჩეული გახდა და პირველი ადგილი დაიკავა. გამოცემის პრეზენტაცია 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი. სპეციალურად წიგნისთვის მხატვარმა ნინო მორბედაძემ ილუსტრაცია შექმნა. წარმოგიდგენთ მარიამ კაკაურიძის, იგივე მერიემის ათ მიზეზს, თუ რატომ უნდა წაიკითხოთ ,,აღიარება ხელისგულზე".
მოულოდნელობის ეფექტი
რომანის პირველივე თავიდან მოვლენები დინამიკურად და საინტერესოდ ვითარდება. კითხვისას გგონია, რომ გამოიცანი, მომდევნო ფურცელზე რა მოხდება, მაგრამ უეცრად ყველაფერი იცვლება.
თანამედროვე ენა
მთავარი პერსონაჟი თანამედროვე ენით საუბრობს. მისი ლექსიკა მაღალფარდოვანებასა და პათეტიკას მოკლებულია. კითხვისას გეუფლება განცდა, რომ მეგობართან ერთად ყავას სვამ და მის ამბებს ისმენ ან უცნობი ადამიანის დღიური ჩაგივარდა ხელში. გასაკვირი არ არის, რომ რომანი ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
მთავარი გმირი - უარყოფითი პერსონაჟი
როგორც წესი, რომანის მთავარი გმირი დადებითი პერსონაჟია ხოლმე, რომლის მიმართაც მკითხველი თანაგრძნობით განეწყობა, აღფრთოვანდება, შეიძლება, შეუყვარდეს კიდეც მისი კეთილშობილური თვისებებისა და ქცევების გამო. ამ შემთხვევაში კი მთავარი გმირი რადა მოდებაძე თავს შეგაძულებთ და ისე გაგაბრაზებთ, რომ ემოციებს დიდხანს ვერ მოერევით. რატომ აირჩია მწერალმა საზიზღარი პერსონაჟი? ამ კითხვაზე პასუხს თავად იპოვით წიგნში.
მგზნებარე სიყვარულის ისტორია
გულის სიღრმეში ყველას გვიყვარს სიყვარულის ისტორიების კითხვა, ეროტიკაზეც არ ვიტყოდით უარს, თუ ეპიზოდი ესთეტიკურად არის აღწერილი. შემოდგომა ხომ ყველაზე რომანტიკული სეზონია, ცივ ზამთარში კი სითბო ყველაზე მეტად გვჭირდება... მეთანხმებით? მაშინ ,,აღიარება ხელისგულზე" ის წიგნია, რომელიც ჩანთაში უნდა გედოთ, თბილისურ საცობებში მოხვედრილმა დრო რომ არ დაკარგოთ და წაიკითხოთ.
საინტერესო ფრაზები
პერსონაჟების დიალოგებში ცხოვრებისეული ფილოსოფიის ამოკითხვა შეიძლება. გმირები სხვაგვარად დაგანახებენ ,,უბრალო" ფაქტებს, რომელიც თურმე საყურადღებო ყოფილა, გააჟღერებენ მოსაზრებებს, რომელიც თქვენს გონებაში ტრიალებდა, მაგრამ ვერასდროს გამოთქვამდით...
,, კაცები სულელები არიან. ცოლს რომ მოიყვანენ, ჰგონიათ, ყველაფერი დამთავრდა. სინამდვილეში მთავარი ნადირობა ქორწინების შემდეგ იწყება. ქალი ყოველდღიურად უნდა დაარწმუნო, რომ შენთან ყოფნა უღირს; რომ შენთან ყოფნა უნდა..."
,, ადამიანები კი არა, ურთიერთობები იცვლება. როცა ცხოვრებაში რაღაც ძალიან მტკივნეული გემართება, მაშინაც კი თუ გაიცინებ, უწინდებურად კარგად ვეღარაფერი იქნება. ტრაგედიები ღრმა კვალს ტოვებს. შენ შეიძლება ამ კვალს ყურადღება არ მიაქციო, მაგრამ - ყრუდ ყოველთვის გტკივა."
,,ნიჭის დამალვა ან დაუფასებლობა ყველაზე დიდი დანაშაულია საკუთარი თავის და კაცობრიობის წინაშე."
,,- უარს ამბობ იმაზე, რაც სინამდვილეში ძალიან გინდა. რატომ ართულებ ყველაფერს?
- იმიტომ, რომ ქალი ვარ. ქალებს კი მარტივად ცხოვრება არ შეუძლიათ."
სარკე
რომანის წაკითხვის შემდეგ გავიფიქრე, ამ წიგნს ან ძალიან შეიყვარებენ, ან შეიძულებენ-მეთქი. შეუძლებელია, შუალედური განცდა დაგიტოვოს, რადგან სარკეში ჩახედვას გაიძულებს. მწერალი არც მალავს, რომ ინსპირაციის წყარო 21-ე საუკუნე და მორყეული ფასეულობათა სისტემა იყო. წიგნის ფურცლებზე საკუთარ თავს რომ აღმოაჩენ, ან გაღიზიანდები და იუარებ, ეს მე არ ვარო, ან სიმართლეს თვალებში ჩახედავ და ძალიან ბევრი კითხვა გაგიჩნდება საკუთარ თავთან.
განსაკუთრებული მკითხველისთვის
ერთი შეხედვით მარტივად წასაკითხი წიგნი, რომელმაც წესით, ყველა გულამდე უნდა მიაღწიოს, სინამდვილეში განსაკუთრებული მკითხველისთვისაა განკუთვნილი. რომანი სავსეა სიმბოლიზმითა და ფარული მესიჯებით, რომელიც პირველი წაკითხვისას შეიძლება, შეუმჩნეველი დაგრჩეს, უნდა მიუბრუნდე და გადაიკითხო ან პირველივე ჯერზე ჩაუღრმავდე დეტალებს.
არასტერეოტიპული ხედვა
რომანში საკითხები კითხვის ნიშნის ქვეშაა დაყენებული. წამოწეულია მოსაზრებები ზოგიერთი ტრადიციისა და სტერეოტიპის ნგრევის აუცილებლობის შესახებ.
ადამიანისა და საზოგადოების სამარადისო ჭიდილი
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანისა და საზოგადოების ჭიდილი რომანის ერთ-ერთი წამყვანი თემაა. საზოგადოებასა თუ ბრბოს შეუძლია, დაბნეული სულისგან ურჩხული გამოძერწოს. ადამიანები ერთმანეთს მარკებს აწებებენ: ,,გოიმი", ,,ბანძი", ,,მახინჯი", ,,სასაცილო", ,,ბოზი", ,,პატიოსანი"... რა არის ინდიკატორი, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობენ? რა გავლენა შეიძლება მოახდინოს უბრალო იარლიყმა ადამიანზე, რომელიც შუშასავით მსხვრევადია? რომანი ,,აღიარება ხელისგულზე" ყველა ამ კითხვაზე გიპასუხებთ.
წიგნს ბესტსელერობას უწინასწარმეტყველებენ
ნაწარმოები დადებითად შეაფასეს ლიტერატურის კრიტიკოსებმაც.
ლიტერატურათმცოდნე, ,,საბა 2017-ის" ჟიურის წევრი ივანე ამირხანაშვილი:
"მრავალფეროვანია თათული ღვინიანიძის ენობრივი ქსოვილი, სტილი, მიმართულება და ანტურაჟი. ,,აღიარება ხელისგულზე" იყო, არის და იქნება კამათის საგანი. ეს რომანი მიმზიდველია, რადგან ასახავს ჩვენს დღევანდელ ყოფიერებას. თათული ღვინიანიძე საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ იმ ადამიანების სული, რომლებსაც ჩვენ ირგვლივ ვხედავთ, სინამდვილეში კი არ ვიცნობთ."
მწერალი, მთარგმნელი, მენტორი თამრი ფხაკაძე:
"თათული ღვინიანიძისათვის დამახასიათებელია სისწრაფე, ელვისებური სამწერლო ქმედება და თხრობის სიმძაფრე. მას აშკარად აქვს მკითხველი მასების აყოლიება-გაყოლიების უნარი, ეხერხება სწრაფ შეტევაზე გადასვლა, მოულოდნელი სვლებით მკითხველის დაბნევა. იგი იშვიათად ტოვებს საკითხს ღიად, იშვიათად სვამს მრავალ წერტილს, რადგან მისი ტაქტიკური არჩევანია საკითხის ბოლომდე ამოწურვა, კონკრეტული ქმედებები და წერტილის დასმა."