სიახლე

„მაშო და ანასტასია სახლში ერთმანეთის „დაუძინებელი მტრები“ არიან" - რა აღმოაჩინა ანა კოშაძემ სამსახურის შეცვლის შემდეგ

„მაშო და ანასტასია სახლში ერთმანეთის „დაუძინებელი მტრები“ არიან" - რა აღმოაჩინა ანა კოშაძემ სამსახურის შეცვლის შემდეგ
ანა კოშაძე ორი გოგონას დედაა. ორივე სკოლის მოსწავლეა, მაშო მეოთხე კლასს ასრულებს, ანასტასია - პირველს. ერთი შეხედვით, ანა სულაც არ ჰგავს მკაცრ დედას, თუმცა, როგორც თავად ამბობს, სახლში „ცუდი პოლიციელის“ როლი მას აქვს მორგებული და შესაბამისად, ბავშვებიც მასთან უფრო დამჯერები არიან.
ცოტა ხნის წინ ანამ სამსახური შეიცვალა და იმ კომპანიიდან, სადაც პიარის სფეროში ფეხი აიდგა, „ნიკორაში“ გადაინაცვლა. კარიერული ცვლილებებისა და შვილების შესახებ ანა „mshoblebi.ge”-ს ესაუბრა.

- ანასტასიასთვის ცოტა რთული იყო მოსწავლეობის პირველი წელიწადი, ზოგიერთ კლასელთან
თითქოს გაუჭირდა კომუნიკაციის დამყარება,
მაგრამ ძალიან კარგი კლასი გვყავს და მეორე სემესტრიდან „დალაგდა“ ყველაფერი. თავიდან იყო პრეტენზიები, რვეული დამიჯღაბნეს, თმა მომწიწკნეს და ა.შ. რაღაცებს უფრო მძაფრად განიცდიდა, მაგრამ ნელ-ნელა ბავშვები მიეჩვივნენ ერთმანეთს, დამეგობრდნენ, მასწავლებლებმაც ხელი ძალიან შეუწყვეს ამ ყველაფერს. გარდა ამისა, ანასტასიას ამშვიდებდა ის ფაქტორიც, რომ მაშო იქვე ეგულებოდა. როგორც წესი, მაშო ანასტასიას ყველა პრობლემას აგვარებს, ოღონდ სახლს გარეთ, სახლში ერთმანეთის „დაუძინებელი მტრები“ არიან (იცინის). სკოლის ძალიან მადლობელი ვარ იმის გამო, რომ ანასტასია დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება გაკვეთილების საკითხს. ყოფილა შემთხვევა, მითქვამს, არა უშავს, გვიან ვიმეცადინოთ-მეთქი, მაგრამ ეს არ მოსწონს და განიცდის. აუცილებლად ჯერ უნდა იმეცადინოს, თუ რამე
აქვს გასაკეთებელი, დაასრულოს და მერე მიხედოს დანარჩენ საქმეებს.

- როგორც ვხვდები, სახლში მაშო და ანასტასია „მარტივი“ ბავშვები არ არიან...
- ოო, არა, თუმცა მაინც უნდა ვთქვა, რომ გაიზარდნენ, ახლა უკვე ერთობიან თავისთვის, მაგრამ მაინც ითხოვენ ჩემ ჩართულობას, უნდა მივიდე, ვეთამაშო, მოვუსმინო. მუდმივად სჭირდებათ ყურადღება. თუ არ ჩხუბობენ, ისე არაფერს აფუჭებენ, მაგრამ თუ ჩხუბობენ - მტრისას, ამ დროს აუცილებლად უნდა გააშველო, თორემ შეიძლება მუშტი-კრივზე გადავიდნენ და ატკინონ რამე ერთმანეთს. მერე მიდის გარჩევა, ვისი ბრალი იყო და საერთოდ რა მოხდა.

mshoblebi

- შვილებთან ვინ უფრო მკაცრია - დედა თუ მამა?
- მე, მე ვარ ცუდი პოლიციელი, ბუა... ხანდახან ამაზეც ვბრაზდები და ვეჩხუბები მამას, რა წესია, სულ მე რატომ ვარ მკაცრი და ბუა-მეთქი... ერთი მხრივ, ბავშვებს არ უნდა ჰქონდეთ შიშის მომენტი, მაგრამ ასე გამოვიდა, ჩემთან უფრო მობილიზებულები არიან, თუმცა მეგობრული ურთიერთობაც გვაქვს. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ჩემი მხოლოდ ეშინიათ და სულ ესაა. ბიძაჩემს ბავშვები ხშირად დაჰყავს ქალაქგარეთ უჩემოდ. იმ დღეს მეც გავყევი. გზაში ბიძაჩემი ამბობს, ააა, შენ რომ ზიხარ, იმიტომ არიან ასე მშვიდად?! მანქანა ზანზარებს ხოლმეო... აღმოჩნდა, ჩემთან ერთად რომ იყვნენ, ჩუმად ისხდნენ (იღიმის).


- შენეული დასჯის მეთოდი გაქვს?
- რაც უნდა ვთქვა, უკვე გაიზარდნენ და ასეა თუ ისე, კონსესუსს მაინც ვაღწევ. ან მიჯერებენ თვალების ბრიალით, ან მე ვეთანხმები. პატარები რომ იყვნენ, მათი დასჯა ოთახში გაშვება იყო. მაშო შეურაცხყოფილად გრძნობდა ამ დროს თავს, მისთვის ეს ნამდვილად დასჯა იყო, მაგრამ ტასო შევიდოდა ოთახში და ისე ერთობოდა, აღარ აინტერესებდა არაფერი. სულაც ვერ აღიქვამდა, რომ დასჯილი იყო, თამაშობდა. კიდევ ძალიან კარგად ჭრიდა სამამდე დათვლა. რომ არ მიჯერებდნენ, ვიტყოდი, აბა, ვითვლი, ერთი, ორი და... სამზე გარბოდნენ. რა ეგონათ, რა იქნებოდა ამ სამზე, არ ვიცი, არც არასდროს გვისაუბრია ამაზე, მაგრამ კი ასრულებდნენ.
გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93