„იქს ფაქტორის“ სცენაზე ქართული სიმღერების და პოპის სუპერჰიტების ტური იყო.
მენტორები და კონკურსანტები კიდევ უფრო მეტად ღელავენ, რადგან ფინალი ახლოვდება. კონკურსს ორი მონაწილე გამოეთიშა: ლიკუნა თუთისანი და მარიამ შენგელია. შესაბამისად, თამთა ხუხუნაიშვილი ისევ პროექტშია.
ნახევარფინალი საკმაოდ ეფექტური და დასამახსოვრებელი იყო, თუმცა ჟიურის სახეზე განსაკუთრებული ემოცია სწორედ ამ სამმა კონკურსანტმა გამოიწვია.
ლიკუნა თუთისანი - „გაზაფხული მაინც მოვა“. როცა ლიკა თავისი მშვენიერი ვოკალის დემონსტრირებას ახდენდა, მენტორს, ნანიკო ხაზარაძეს სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. შემდეგ ლიკუნამ - „Amar Pelos Dois“ შეასრულა, რამაც მენტორი კიდევ უფრო მეტად აღაფრთოვანა.
თამთა ხუხუნაიშვილმა ამჯერად „თეთრი ვარდები“ შეასრულა. ეს სწორედ ის სიმღერა გახლდათ, რომელმაც თამთა გოდუაძეს თვალები აუციმციმა და აუცრემლიანა.
ანრი გუჩმანიძე - „იძინებს მზე“. მენტორი, ანრი ჯოხაძე საკმაოდ თავშეკავებული იყო, თუმცა, როდესაც ანრი გუჩმანიძემ სიმღერა დაასრულა, მენტორს სახეზე სიამაყე და თავდაჯერებულობა შეეტყო.
სულ შემოსული იყო: 71 685 ხმა.
მაყურებლის გადაწყვეტილებით, ლაივ-შოუს ლიდერი 22,65%-ით გახდა: გორის გოგონათა გუნდი.