სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიის განცხადებით, 2019 წლის გაზაფხულზე მშობლები გახდებიან. თუმცა, როგორც Mashable წერს, პრინი ჰარისა და მეგან მარკლის შვილი პრინცად ან პრინცესად არ დაიბადება. სამეფო ეტიკეტის სპეციალისტის, უილიამ ჰენსონის თქმით, სამეფო ოჯახის ბავშვის ტიტული დედოფლის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
„ჰარი სამეფო ტახტის რიგში მეექვსეა, ბავშვი - მეშვიდე იქნება. ამიტომ ის ვერ იქნება პრინცი ან პრინცესა. თუმცა დედოფალმა, შესაძლოა, ტიტული მაინც მისცეს. ბავშვის დაბადებამდე ვერაფერს შევიტყობთ“, - ამბობს ჰენსონი.
Evening Standard-ის ინფორმაციით, მეფე ჯორჯ მეხუთის გადაწყვეტილებით, საუკუნის წინ სამეფო ოჯახში ტიტულები ლიმიტირებული გახდა - რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვები დაბადებისას არ იღებენ ტიტულს „მისი სამეფო უდიდებულესობა“.
თუმცა, პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის შვილებისთვის დედოფალმა გამოსცა განკარგულება სამეფო ტიტულების მინიჭების შესახებ. მეგანისა და ჰარის შვილის სამეფო წოდება კი მხოლოდ გაზაფხულზე, ბავშვის დაბადების შემდეგ გახდება ცნობილი.
იხილეთ: მსოფლიო მედია ორსული მეგან მარკლის მუცლის ფოტოებით აჭრელდა - სამეფო წყვილი ავსტრალიას სტუმრობს