23 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, წიგნის ფესტივალის ფარგლებში, ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ ერთ-ერთი გამარჯვებულის, იაგო თვალაბეიშვილის სადებიუტო რომანის - „ტრანსმუტაცია“ წარდგენა გაიმართა.
მოდერატორები იყვნენ მწერლები - თეა ინასარიძე და ელის დოჯსონი.
„იაგო თვალაბეიშვილის „ტრანსმუტაცია“ სრულიად მოულოდნელი რომანია. წარმოიდგინეთ კაფკა და მისი „გარდასახვა“ ანუ „მეტამორფოზი“ - ადამიანი გახდა მწერი ანუ ბიოლოგიურ კიბეზე ჩავიდა. ბუნების მბრძანებლის სტატუსიდან სამყაროს სარდაფში ჩავიდა. ახლა ავიღოთ ეს სახელგანთქმული კაფკა, გადავაბრუნოდ და მივიღებთ „ტრანსმუტაციას“, ადამიანი ხდება მანქანა.
პირველ პირში დაწერილ რომანში უნივერსიტეტში სწავლაზე გულაცრუებულ და მთლიანად კომპიუტერულ თამაშებზე გადართულ მთხრობელს ეტლში ჩამჯდარი ხეიბარი ძმა და გულმოდგინედ მომეცადინე და ჰყავს. მთხრობელის უსაქმურობა მშობლებს აღიზიანებს, გაღიზიანებული მშობლები კი - მთხრობელს. მთხრობელის მოქმედებები სულ უფრო და უფრო ავტომატური ხდება, დის მუდმივი მეცადინეობა და ყურსაცვამებიც ავტომატიზმში გადადის, ხეიბარი ძმაც მექანიკურად ამთავრებს ხოლმე უფროსი ძმის წამოწყებულ კომპიუტერულ თამაშებს, მშობლები კი პირდაპირ მანქანებად გადაიქცევიან.
მშობელი მანქანები ემსახურებიან შვილებს, მოაქვთ და მოაქვთ ფული, თავისთვის არაფერს ითხოვენ, სანამ არ გადაიწვებიან. მთხრობელი მშობლების რემონტს შეუდგება და ამ საქმის ბიზნესად ქცევას შეეცდება. ნიჭიერი ავტორის დაუოკებელი ფანტაზია, ერთი შეხედვით, მსუბუქი ტონებით ხატავს დღევანდელი სამყაროს სარკასტულ და ტრაგიკულ პორტრეტს.“ - ლევან ბერძენიშვილი, ლიტერატორი, კონკურსის ჟიურის წევრი.
„გიფიქრიათ, რას მოიმოქმედებთ, თუ კი ერთ დღეს თქვენი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვლება და თქვენი ოჯახის ყოველდღიური რუტინა მოწყენილობით რომ გკლავდათ, თავდაყირა დადგება? რა მოხდება, თუკი ადამიანები მანქანებად გადაიქცევიან და რეალურ და გამოგონილ სიყვარულს, ნამდვილ და მოჩვენებით ურთიერთობებს შორის გზას ვეღარ გაიკვლევენ? იაგო თვალაბეიშვილის სადებიუტო რომანი „ტრანსმუტაცია“ მკითხველს საინტერესო თავსატეხებს უჩენს და ერთი შეხედვით, შეუძლებელ, მაგრამ, ამავე დროს, შესაძლო ახლო მომავალში ამოგზაურებს.
„ტრანსმუტაცია“ წინააღმდეგობრივი გრძნობებით გაჯერებული ტექსტია, რომელიც ცდილობს, დაგვანახოს როგორია ჩვენი ყოფა - თავისი ზედაპირულობით და სიღრმით, ილუზიით და სინამდვილით, ყოველდღიური შეცდომებით და გაღიზიანებებით, რომლებზეც ხშირად არ ვფიქრობთ, კლიშეებით, რომლებიც უკან გვხევს, როგორები ვართ ჩვენ სინამდვილეში - როგორც მანქანები და როგორც ადამიანები.“ - სალომე ბენიძე, მწერალი, იაგო თვალაბეიშვილის მენტორი.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
"იმდენად სპეციფიკურია თხრობის სტილი, რომ ასე მგონია, იაგოს გარდა, სხვა ასე ვერავინ დაწერს. ძალიან თანამედროვე, თავისუფალი, ჟარგონული ენით და თითქოს ძალიან მსუბუქად ყვება დღევანდელი სამყაროს მძიმე რეალობაზე. თან აბსურდია, ტრაგიკომედიაცაა, ძალიან მომეწონა ძმის ხაზი. არსად მთელს წიგნში არ იგრძნობა მთავარი გმირის მხრიდან სიბრალული ძმასთან მიმართებაში. მისთვის ის ჩვეულებრივი ადამიანია, არც აღიქვამს საერთოდ პრობლემად იმას, რომ ის ეტლით მოსარგებლეა. ხან თავში წაუთაქებს, ნერვებსაც უშლის, ხან დაცინის, მაგრამ ბოროტულად კი არა, უფრო გასახალისებლად და გასამხნევებლად. მართლა ვერ ვიხსენებ რომელიმე წიგნის წაკითხვის დროს თუ მიცინია ამდენი. " - თეა ინასარიძე, მწერალი.წიგნის შეძენა შეგიძლიათ „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიებში.