ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში და-ძმის ფოტო გავრცელდა, რომელსაც შემდეგი წარწერა ჰქონდა:
„ბოდიშს ვიხდი, დღესასწაულია, მაგრამ ობლები ვიპოვეთ წეღან სანაგვეზე. საჭმელს და ტანსაცმელს ეძებდნენ. 1 იანვარს, გესმით? და-ძმა სანაგვეზე ეძებდნენ საჭმელს. ბავშვები ქარელის რაიონიდან არიან, კიდევ ერთი ძმა ჰყავთ და ბებო ზრდის იქ. მამამ თავი მოიკლა. დედა ჰყავთ აქ, მუშაობს, მაგრამ ხელფასი კაპიკები აქვს. ბავშვებს ხვალვე წავიყვანთ ბებოსთან ერთად ქარელში და აუცილებლად უნდა დავეხმაროთ. არაფერი არ აქვთ, არც შეშა, არც საჭმელი, არც ტანსაცმელი, საერთოდ არაფერი, სოციალური დახმარებით არსებობენ. ვერაფრით ვერ გადავდებთ ამ ამბავს და ხვალ, 2 იანვარს, დღის 12 საათიდან დღის 3 საათამდე, ნახალოვკაში, “ქარვასლა”- ს წინ, ავტოსადგომზე იდგება დიდი მანქანა და შევაგროვებთ ყველაფერს, რაც გგონიათ, რომ გამოადგებათ.“ ეს ინიციატივა აკა სინჯიკაშვილს ეკუთვნის.
გთავაზობთ სტატუსს, რომელიც სოციალური მედიის მენეჯერმა აკა სინჯიკაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა: „გუშინწინ, ურნასთან ნაპოვნი ბავშვები დღეს თბილისიდან სახლში დაბრუნდნენ. დედაც მათთანაა და ბებოც. ნამდვილი ახალი წელი ამ სახლშიც დადგა. ბავშვებს უკვე აქვთ ბევრი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სამი თვის საჭმელი, ახალი მაცივარი, ტელევიზორი, გაზქურა, წვრილი ტექნიკა, ექნებათ ზაფხულამდე სამყოფი შეშა, ზაფხულამდე გადავუხადეთ გადასახადები, ეზოში ექნებათ წყალი, რომელიც არასდროს ჰქონიათ. და რაც ყველაზე ძალიან გაეხარდათ, არის სათამაშოები, რომლებიც ბევრ ბავშვს შეხვდა სოფელში. დანარჩენი ტანსაცმელი და ნივთები ქარელის სოციალურ სამსახურში მივიტანეთ და სხვა სოციალურად დაუცველებს გაუნაწილებენ. ოჯახი დღეს ინახულეს გამგეობის და სოციალურის თანამშრომლებმა და ყურადღებას მიაქცევენ, რისთვისაც მადლობა.
ბავშვები არასდროს აღარ მოძებნიან საჭმელს ურნაში და თქვენ ყველას უამრავი მადლობა ამისთვის. #სიკეთეგადამდებია.“
ამ პოსტს „ფეისბუქზე“ უკვე უამრავი გაზიარება აქვს და ადამიანები სითბოთი სავსე სიტყვებს არ იშურებენ.