სიახლე

როგორ ვაჩუქოთ სიყვარული შობას

როგორ ვაჩუქოთ სიყვარული შობას
ინგლისურად - I love You; გერმანულად - Ich liebe Dich; ფრანგულად - Je t’aime; იტალიურად - Ti amo; ესპანურად - Te amo; ჩინურად - 我爱你 (Wo ai ni); იაპონურად -愛してる (Aishiteru); ქართულად - მე შენ მიყვარხარ...
თუმცა ეს ყველაფერი არაა, რადგან საქართველოში ეს სამი სიტყვა ხშირად პოეზიით გადმოიცემა და ეს პოეზია წლიდან წლამდე, საუკუნიდან საუკუნემდე გადაეცემა თაობებს, უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება. მასში აისახება ცხოვრების, საზოგადოების განვითარების მთავარი შტრიხებიც.

მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მიუხედავად, უძველესი სასიყვარულო ლექსები დღესაც არ კარგავს აქტუალობას. მიზეზი
კი მარტივია - სიყვარული პოეზიით საუკეთესოდ გადმოიცემა. სიყვარული სწორედ ის თემაა, რომელიც არაერთი პოეტის მუზა გამხდარა და შეიქმნა მრავალი ვრცელი და მოკლე პოეტური შედევრი, რომლებიც დღესაც ისევე იზიდავს მკითხველს და იპყრობს მის გულს, როგორც მაშინ, როცა ის იქმნებოდა. სიყვარული - ეს ის გამონაკლისი თემაა ავტორებისთვის, რომელმაც აქტუალობა დღესაც არ დაკარგა და ისევე აქტიურად იწერება ლექსები სიყვარულზე, როგორც საუკუნეების წინ.

საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ოჯახი, რომელშიც სასიყვარულო პოეზიის ერთი წიგნი მაინც არ იყოს. თუმცა გამომცემლობა „პალიტრა L"-მა მკითხველს ამ კუთხით განსაკუთრებული საჩუქარი ჯერ კიდევ წლების წინ გაუკეთა და გამოსცა სასიყვარულო ლექსების კრებული „მიყვარხარ“. წიგნი მოიცავდა ქართველი პოეტების ყველა გამორჩეულ ლექსს სიყვარულზე. წლების შემდეგ წიგნი განახლდა. ამჯერად კი, 8 წლის შემდეგ, უკვე მესამედ განახლებული და შევსებული კრებული გამოიცემა. წიგნი მაღაზიის თაროებზე 7 იანვარს გამოჩნდება და ის საუკეთესო საშობაო საჩუქარი იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის. გამომცემლობამ ამ წიგნის სახით საჩუქარი გაუკეთა მკითხველს და სიყვარულით სავსე დღესასწაულზე სწორედ წიგნი სიყვარულზე შესთავაზა.


როგორც წიგნის რედაქტორი მანანა ჯანელიძე განმარტავს, კრებული „მიყვარხარ“ კიდევ ერთხელ გვაგრძნობინებს სიცოცხლის სიტკბოებასა და მშვენიერებას.
„უკვე ათასწლეულებია, კაცთა მოდგმა სიყვარულის ამოცანის ამოხსნას ცდილობს. მას უმღერიან, უწერენ ლექსებს, პოემებს, უძღვნიან ფილოსოფიურ ნაშრომებს, ცდილობენ, ამოხსნან ფერწერით თუ მუსიკალური ნაწარმოებებით, მაგრამ დღემდე ვერავინ შეძლო უსასრულობაში განფენილი ყოვლისმომცველი, ცხოვრების აზრის და სიცოცხლის მუხტის მომცემი ენერგიისა და ძალის აღწერა. ეს წიგნიც არის მაგალითი იმისა, თუ როგორ გამოხატა ქართველმა კაცმა სიყვარულის სადიდებელი ქართულ პოეტურ სიტყვაში ხალხური პოეზიიდან თანამედროვეობამდე. „ნეტარ მას ამა სოფელსა, ვინც იგრძნო სიყვარული“ - ამბობდა გრიგოლ ორბელიანი. სიყვარულის წიგნი კი კიდევ ერთხელ გვაგრძნობინებს სიცოცხლის სიტკბოებას. ეს არის წიგნის ახალი, შევსებული გამოცემა. კრებულს დაემატა ის ავტორები, რომლებმაც ბოლო წლებში მიაღწიეს ლიტერატურულ წარმატებას. ახალი სახელებითაა გამდიდრებული ჩვენი გამოცემა. ესენია: კატო ჯავახიშვილი, ქეთევან შენგელია, პაატა შამუგია, სალომე ბენიძე, დიანა ანფიმიადი, გიორგი კეკელიძე.

წინა თაობის ავტორებიდანაც დაემატა რამდენიმე. ზოგიერთმა ავტორმა კი თავად შეცვალა ლექსი და ახალი ლექსი შემატა ჩვენს კრებულს“, - განმარტავს მანანა ჯანელიძე.

წიგნი 7 იანვარს გამოვა და გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად სპეციალურ ფასად, 8.5 ლარად, გაზეთთან ერთად კი 10 ლარად გაიყიდება.

FaceBook ბეჭდვა
Share
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი