ბათუმში, ზღვისპირა ქალაქში, რომელიც მზესთან და დასვენებასთან ასოცირდება, სადაც თითქოს მხოლოდ ბედნიერი ამბები უნდა ისმოდეს, ორი თვის წინ ახალგაზრდა ქალი შვილის გადასარჩენად იბრძოდა... ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სამსახურიდან სახლში დაბრუნებული დედა შვილის სიყვითლემ შეაშინა. მერე იყო ექიმთან ვიზიტი, გამოკვლევები და თავზარდამცემი დიაგნოზი...
ხათუნა ცეცხლაძე, 9 წლის თამარის დედა:
"დაახლოებით ორი თვის წინ სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს თამარი შეუძლოდ დამხვდა. ფერიც არ მომეწონა და მეორე დღესვე ექიმთან მივიყვანე. აღებული ანალიზი გერმანიაში გადააგზავნეს. ერთი კვირის შემდეგ პასუხი მოვიდა. როცა დიაგნოზის ფურცელი გადმომცეს, მითხრეს, აუტოიმუნური ჰეპატიტიაო. ვერ გავიგე, რას ნიშნავდა. მერე რომ ამიხსნეს ჩემი შვილის დიაგნოზი, ადგილზე გავიყინე.
ღვიძლს ფუნქცია დაქვეითებული ჰქონდა და ყოველდღიურად მწვავდებოდა მდგომარეობა... ბავშვს თანდაყოლილი ჰეპატიტი აღმოაჩნდა. მე და ჩემმა მეუღლემ ინტერნეტში დავიწყეთ ამ დაავადების შესახებ ინფორმაციის მოძიება. რაც უფრო ბევრს ვიგებდით, მით უფრო გვიპყრობდა შიში. თამარი თბილისში, იაშვილის საავადმყოფოში დავაწვინეთ. თუ არ ჩავთვლით უბრალო გაციებას, ამ 9 წლის განმავლობაში ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია“, - იხსენებს თამარის დედა.
გადასხმებით აჩერებდნენ ღვიძლის თვითგანადგურების შეუქცევად პროცესს, მაგრამ დრო არ ითმენდა. რა არის გამოსავალი? - პატარა თამარის მშობლების დასმულ ამ შეკითხვას მედიკოსებმა კონსილიუმის შემდეგ უპასუხეს: "დონორის პოვნა და ღვიძლის გადანერგვა".
ყოველი დღე გადამწყვეტი იყო, უფრო სწორად, ყოველი წამი. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ ოჯახს არც საკმარისი ფინანსური რესურსი ჰქონდა, რომ მსოფლიო მასშტაბით ღვიძლის დონორი მოეძებნათ და არც - დრო. მსოფლიო პრაქტიკის გამოცდილებით, პირველ რიგში მშობლები მოსინჯეს დონორებად. დედის ანალიზები დადებითი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, მაინც არსებობდა რისკი, რომ თეორიულად დადასტურებული დონორის ღვიძლს ოპერაციის შემდეგ პაციენტის სხეული არ შეითვისებდა.
"ღვიძლის ტრანსპლანტაცია გარდაუვალი იყო. იმის გამო, რომ ყოველ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, რეანომობილით ჩავიყვანეთ ბავშვი. როცა საოპერაციოში შევდიოდი, მეუღლეს და ოჯახის წევრებს ვუთხარი, თუ საჭირო გახდა მთლიანი ღვიძლის გადანერგვა, არც დაფიქრდეთ, მაშინვე მიეცით თანხმობა ექიმებს, მზად ვარ, შვილის გადასარჩენად სიცოცხლე დავთმო-მეთქი.
შოკურ მდგომარეობაში ვიყავი. თავში მხოლოდ ის მიტრიალებდა, როგორმე შვილი გადამერჩინა. საოპერაციოში რომ შემიყვანეს, მაშინ მოვედი გონზე... სამედიცინო იარაღები რომ დავინახე, გამოვერკვიე და მივხვდი, რა ურთულესი ოპერაცია ჰქონდა გადასატანი ჩემს გოგონას“ - გვიყვება ხათუნა ცეცხლაძე. გაგრძელება