ჯადოსნურ, თითქოს არარეალურ, მაგრამ სინამდვილეში ძალიანაც ნამდვილ სამყაროში მოგზაურობა მოზრდილისთვისაც ისეთივე სახალისო და საინტერესოა, როგორც ბავშვისთვის. ზღაპრები ნებისმიერ ასაკში ხიბლავს ადამიანს. ზღაპრების კითხვისას სხვა სამყაროში გადავდივართ, ჩვენი ყოველდღიური პრობლემებისა და საფიქრალისგან შორს. პატარებისთვის კი ის ლექსიკის გამდიდრების, წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარის განვითარების საუკეთესო საშუალებაა.
ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები. სხვადასხვა ქვეყნის ხალხური ზღაპრების კითხვით, არა მხოლოდ იმ ხალხის ფოლკლორს ეცნობი, არამედ იმ ქვეყანაშიც მოგზაურობ, მათ ხალხს, ტრადიციებს, ყოველდღიურობას, მათ იუმორს ეცნობი. და რაც უფრო უცხო და ეგზოტიკურია ქვეყანა, რომლის ფოლკლორსაც ეცნობი, მით უფრო მეტია შენი, როგორც მკითხველის ინტერესი.
სერია „მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები“, რომელიც ჟურნალ გზასთან ერთად გამოდის, მკითხველს საშუალებას აძლევს, გაეცნოს მსოფლიოს სხვდასხვა ხალხის შემოქმედებას. ნოსტალგიური სერია, რომლის წიგნები ათეული წლების წინ მართლაც ყველა ოჯახში იყო, ახალ სიცოცხლეს იძენს.
“პირველი ტომი "ასურული ზღაპრებია", ყოველი მომდევნო წიგნი კი ორ კვირაში ერთხელ გამოვა და მკითხველს მსოფლიოს ხალხების ისტორიაში, ტრადიციებსა და ფოლკლორში ამოგზაურებს. ამ ახალი სერიით გამომცემლობა "პალიტრა L" ეხმიანება მკითხველის ინტერესსა და სურვილს – ხელი მიუწვდებოდეს სხვადასხვა კულტურისა და ჩვეულებების მქონე ხალხის სიბრძნეზე, რომელიც წლების განმავლობაში მთელ მსოფლიოში სხვადასხვა გამოცემის სახით ვრცელდებოდა.
"იმოგზაურე დროსა და სივრცეში" – "მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების" სერიის სლოგანი და მოწოდებაა. სერიაში გამოცემული წიგნების ყდებზე დატანილი იქნება სიმბოლო, რომელიც კონკრეტული ხალხის ისტორიისა და კულტურისთვის არის დამახასიათებელი.” _ აცხადებენ "პალიტრა L-ში”.
გამოცემა ხელმისაწვდომი იქნება წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში.