ეროვნული კინოცენტრის ოფიციალური გვერდი კინორეჟისორ ერეკლე ბადურაშვილის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ რეჟისორს ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები აღენიშნებოდა.
„ეროვნული კინოცენტრი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ერეკლე ბადურაშვილის ოჯახს. ქართველი რეჟისორი და სცენარის ავტორი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ერეკლე ბადურაშვილი დამდგმელი რეჟისორია ფილმების: “ავტოპორტრეტი”(1987), “ცოდვის დღესასწაული”(1990), “თბილისი ჩემი სახლია”(1994), “კიდევ ერთი ქართული ისტორია”(2003); სცენარის ავტორია ფილმების: “ავტოპორტრეტი”(1987), “ცოდვის დღესასწაული”(1990); გადაღებულია ფილმში: “მატარებელი” (2001). ბოლო პერიოდში მის ახალ სრულმეტრაჟიან ფილმ “ხიდზე” მუშაობდა, რომელიც საქართველო-თურქეთის კოპროდუქციაა“.
შეგახსენებთ, რომ ერეკლე ბადურაშვილი ცნობილი მსახიობის, ლალი ბადურაშვილის ვაჟი და მომღერლისა და ტელეწამყვანის, ნინი ბადურაშვილის მამაა.
ერეკლე ბადურაშვილი 1962 წლის 4 იანვარს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1983 წელს.
„მარაო“ უსამძიმრებს ცნობილი რეჟისორის ოჯახს.