ზუგდიდელმა ქალმა ორი წლის წინ გარდაცვლილი მეუღლისგან შვილი რამდენიმე დღის წინ გააჩინა. ახალშობილი გოგოა და ის ხელოვნური განაყოფიერების შედეგად თბილისში, სამშობიარო სახლ "ჰერაში" დაიბადა.
როგორც Ambebi.ge-ს კლინიკა "კარაპს მედლაინის" ინ-ვიტრო მიმართულების ხელმძღვანელი მანანა ქოჩიაშვილი უყვება, უშვილო წყვილმა დახმარებისთვის კლინიკას ორი წლის წინ მიმართა.
კლინიკაში ხელოვნური განაყოფიერებისთვის შესაბამისი პროცედურები დაიწყეს, თუმცა ცოლ-ქმარი საბოლოოდ საავადმყოფოში არ გამოცხადდა, რისი მიზეზიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქმრის გარდაცვალება გახდა. ექიმი იხსენებს, რომ მომხდარის შესახებ მათ გარდაცვლილის მამამ მოუყვა და დახმარება სთხოვა. მან ექიმებს უთხრა, რომ ოჯახის ერთადერთი იმედი შენახული ემბრიონები იყო.
"დაახლოებით, 2 წლისა და 6 თვის წინ უშვილო ოჯახმა მოგვმართა. ჩვენ ავუხსენით, რომ ინ-ვიტრო განაყოფიერებით მათ დახმარებას შევძლებდით. შესაბამისი პროცედურებით 2 ემბრიონი მივიღეთ. სულ სამი პროცედურა იყო გათვალისწინებული, მაგრამ ბოლო პროცედურაზე წყვილი არ გამოცხადდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენთან მოვიდა ბიჭის მამა და ამ ტრაგედიის შესახებ მოგვიყვა. გვითხრა, რომ იცოდა იმ ბიოლოგიური მასალის შესახებ, რომელიც ჩვენთან კლინიკაში ინახებოდა და დახმარება გვთხოვა. გვითხრა, თქვენ ხართ ჩვენი იმედი და უნდა გვიშველოთო. რა თქმა უნდა, ძალიან ვინერვიულეთ, ეს არ იყო ადვილი, მით უმეტეს, ორი ემბრიონით. ჩვენ შევთავაზეთ, რომ სურვილის შემთხვევაში მზად ვიყავით, ემბრიონები გადაგვეცა და სხვა კლინიკაშიც წაეღოთ, თუმცა, ოჯახმა ამაზე უარი განაცხადა და ჩვენ სრული ნდობა გამოგვიცხადეს", - უთხრა Ambebi.ge-ს მანანა ქოჩიაშვილმა.
ექიმებისთვის ეს განსაკუთრებული შემთხვევა და ასმაგად საპასუხისმგებლო საკითხი აღმოჩნდა.
გაგრძელება