მწარმოებლები დარწმუნებულები არიან, რომ ახალგაზრდა მამები, რომლებიც მარტო რჩებიან შვილებთან ერთად მეუღლის სახლში არყოფნის პერიოდში, მათთვის ეს გამოგონება კომფორტული და აუცილებელია.
მარტის დასაწყისში, South by Southwest ტექნოლოგიურ ფესტივალზე, რომელიც იმართება ყოველწლიურად ტეხასის ქალაქ ოსტინში, იაპონელებმა ახალი მოწყობილობა წარადგინეს, სახელწოდებით „Father's Nursing Assistant“.
მოწყობილობა იმეორებს დედის მკერდის ფორმას და შედგება ორი განყოფილებისგან: ერთში თავსდება ბოთლი, რომელსაც საწოვარა უმაგრდება, რისი მეშვეობითაც ბავშვი ახერხებს კვებას, ხოლო მეორეში მთელი სისტემაა მოთავსებული, საიდანაც ხდება რძის მიწოდება. მისი დამაგრება შესაძლებელია ე.წ. კენგურუს ფორმის ჩანთის მეშვეობით, გულმკერდზე, რომელიც იმართება სმარტფონის მეშვეობით.
მოწყობილობა ათბობს რძეს სხეულის ტემპერატურის მიხედვით, იმისათვის, რომ ბავშვს არ შეექმნას დისკომფორტი და შეუმჩნევლად ვიბრირებს, რაც ეხმარება ჩვილს სწრაფად დაძინებაში.
მწარმოებლების განცხადებით, ეს იქნება საკმაოდ გაყიდვადი პროდუქტი, ვინაიდან ახალგაზრდა მამებს მუდმივად აქვთ სურვილი მეუღლის დახმარებისა და საქმეების შემსუბუქებაში მონაწილეობის მიღების. შესაბამისად, დედებსაც მეტი თავისუფალი დრო ექნებათ და ორივე მშობელი თანაბარწილად ჩაერთვება ბავშვის აღზრდასა და კვებაში.
„ის ბავშვები, რომლებიც ბუნებრივ კვებაზე არიან, ღამის განმავლობაში უფრო ხშირად იღვიძებენ კვების მიზნით. შესაბამისად, ეს იქნება საკმაოდ გაყიდვადი პროდუქტი ბაზარზე“ - განაცხადეს წარმომადგენლებმა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ დაწყებულა წარმოება, მისი სატესტო ვარიანტის დემონსტრირებამ ბევრი დადებითი და უარყოფითი გამოხმაურება უკვე საკმაოდ მოიპოვა.
ქალების ნაწილმა განაცხადა, რომ ტელევიზორის ყურების პერიოდში საკმაოდ დიდი შეღავათია მეუღლის მიერ ამ მოწყობილობის მეშვეობით ბავშვის გამოკვება, შესაბამისად, დედას მიეცემა სხვა საქმეების მოსაგვარებლად მეტი დრო, ხოლო ნაწილმა უკმაყოფილება გამოხატა, ვინაიდან ძუძუთი კვების პროცესში, მამაკაცი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაერიოს.
ჩვენ კი, ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ახალი ტექნოლოგიის დემონსტრირებასა და გაყიდვაში ჩაშვებას.
წყარო:boredpanda