სიახლე

თამარ მეფე და ქართული რენესანსის მოდა

თამარ მეფე და ქართული რენესანსის მოდა
მოდა მემატიანეა, რომელიც არა ტექსტებით, არამედ დიზაინით, ქსოვილებით, სამოსით და აქსესუარებით გადმოგვცემს ისტორიას. მას არ სჭირდება სიტყვები, საკმარისია - ფორმა, გამოსახულება. გიფიქრიათ, როგორ იცვამდა საქართველოს ერთადერთი ქალი მეფე, რომელმაც ქართულ რენესანსს საფუძველი ჩაუყარა?

გვირგვინი, როგორც უზენაესი ძალაუფლების სიმბოლო


მართალია, თამარის ტახტზე ასვლას უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია - ერთი მხრივ, ქვეყნის 7 მთავარი ფარულად ექიშპებოდა გიორგი III-ის მემკვიდრეს, მეორე მხრივ კი, ქართულ მენტალიტეტში ძირეული ცვლილებები გამოიწვია - მაგრამ, საბოლოოდ, მეფის გვირგვინი მაინც მოირგო. დიდი ხნის განმავლობაში გვირგვინი
უზენაესი ძალაუფლების სიმბოლო იყო. სწორედ ამიტომ მის ზომას, დიზაინსა და შემკულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.

თამარ მეფის გვირგვინი მცირე მარგალიტებით, მისი საკიდებითა და მსხვილი, ძვირფასი ქვებით იყო მოოჭვილი. ნამდვილი მარგალიტი ოდითგანვე რთული მოსაპოვებელი იყო, რაც ზრდიდა მის ფასს და მეტყველებდა მფლობელის სიმდიდრეზე. იმ დროისთვის მარგალიტი სულაც არ მიიჩნეოდა მხოლოდ ფემინური სამკაულის განუყოფელ ნაწილად, მას მამაკაცებიც აქტიურად იყენებდნენ (მსგავსი დანიშნულება მარგალიტმა მოგვიანებით, 1913 წელს შეიძინა, როცა ჯორჯ კუნზმა ქალებისთვის განკუთვნილი,მარგალიტისა და ბრილიანტის საყურე შემოგვთავაზა). მარგალიტი ასოცირდებოდა სიბრძნესთანაც - თუ ადამიანი მარგალიტს გიზიარებდა, ის მეტაფორულად ბრძნულ რჩევა-დარიგებას გაძლევდა, რაც შესაძლოა, თამარ მეფის გონიერებასა და უზღვავ ცოდნაზე მიანიშნებდა.

სამოსი, როგორც თვითგამოხატვის საშუალება და უცხოური გავლენა სამეფო ტრენდზე


თამარ მეფის საზეიმო სამოსი ხელოვნების ნიმუშად მიიჩნევა. მასზე დამაგრებული იყო 3621 მარგალიტი, 154 მოოქრული და 158 ვერცხლის ბალთა. ქართული სამეფო სამოსი სათავეს ბიზანტიიდან იღებდა, თუმცა მათ შორის განსხვავებაც თვალსაჩინო იყო: ქართველი მეფეები უფრო მოკლე და ფართო ბისონით იმოსებოდნენ, არც სარტყელი ჰქონდათ და არც კონკრეტული ფერით იზღუდავდნენ თავს.
თამარ მეფე იასამნისფერ ბისონს იცვამდა. ფერთა ფსიქოლოგიის მიხედვით, იასამნისფერი გამოხატავს მენტალურ ძალას, ამბიციას, ძალაუფლებისკენ სწრაფვას, ექსტრავაგანტურობას, კრეატიულობასა და მისტიკას. იასამნისფერი მიიღება წითლისა და ლურჯის შერწყმით. წითელი ამ ფერს ავსებს ენერგიით, ლურჯს კი შეაქვს ბალანსი, სტაბილურობა.



გამოდის, თამარი ტანსაცმლით საკუთარ პიროვნებას გამოხატავდა. მეფის ბისონს კერავდნენ ხავერდისმაგვარი ოქროს ქსოვილით - „ოქსინო“, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოში მზადდებოდა. მისი ორნამენტაცია „ოქროს ხანის“ ხუროთმოძღვრებასა და ხატების გაფორმებას ჰგავდა. ნაჭერი დასერილი იყო მარგალიტებითა და ზამბახისფერი რომბებით. მეფე სამაჯურებს არა მაჯებზე, არამედ ბისონის ვიწრო სახელოებზე იკეთებდა. თამარის სამოსს „მანიაკი“ - კეთილშობილი თვლებითა და მარგალიტებით გაწყობილი საყელო - ამშვენებდა. ამგვარი საყელო ეგვიპტეში გაჩნდა. უნდა ითქვას, რომ თამარის მანიაკი ეგვიპტურს ძალიან ჰგავდა. როგორც ჩანს, იმდროინდელ სამეფო მოდაში არა მხოლოდ ბიზანტიური, არამედ ეგვიპტური გავლენა იგრძობოდა. ლორონი, რომლის ნაწილსაც თამარი ხელზე გადაიდებდა ხოლმე, თეთრი იყო. სიმბოლიკაში ეს ფერი აღნიშნავს სისპეტაკეს, შინაგან სისუფთავეს, სამართლიანობას, სრულყოფილებას, ღვთაებრიობას. მოგეხსენებათ, ქართველებს მეფე ღვთისგან ხელდამოდურისხმულად მიაჩნდათ (მოგვიანებით თამარ მეფე მისი დიდი ბაბუის, დავითის მსგავსად, მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა კიდეც).



მოდური აქსესუარი - გზამკვლევი ტრადიციებში 

თამარ მეფე გვირგვინის ქვეშ შავ მანდილს იკეთებდა, რომელიც ფირუზით იყო გაწყობილი. ფირუზი მშვიდობის ქვად ითვლება. გავრცელებული აზრის თანახმად, ის ნეგატიურ ენერგიას საკუთარ თავზე იღებს და მფლობელს იცავს. თუ დავუკვირდებით, ეს ქვა მეფეს მოგვაგონებს, რომელიც პასუხისმგებლობას ყოველთვის საკუთარ თავზე იღებს. ბიზანტიის დედოფლები მანდილს XIV ს-მდე არ ატარებდნენ. როგორც ჩანს, სამეფო კოსტიუმში მისი გამოყენება ქართული ტრადიცია იყო.

თამარ მეფის შესახებ კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვან ინფორმაციას ,,პალიტრამედია“ ჰოლდინგის ახალ წიგნში - "გასაოცარი ქართველი ქალები“ ამოიკითხავთ. სოციალური პროექტი, რომელიც ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, 2019 წლის შემოდგომაზე განხორციელდება.


ავტორი თათული ღვინიანიძე
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
Гуру Амбра
მაშ რუსუდანი მეფე არ იყო?
23:57 / 24-04-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი