ნაცხოვრები წლების მიმართ სინანული შეიძლება თანდათან შემოგეპაროს ან ერთბაშად და არსაიდან დაგეჯახოს. ეს მეორე უფრო მძიმე გამოცდილებაა.
ალბათ, იმიტომ, რომ ჩემი სინანული წამიერი გააზრებით დაიწყო. ამერიკაში სასწავლებლად რომ ჩავედი, 30-ს ვიყავი მიტანებული და რომ გეკითხათ, ჩემს მოზარდობასა და სტუდენტობას არც ხალისი აკლდა და არც სილაღე.
შემოდგომის დილით ამერიკული უნივერსიტეტის გადამწვანებულ მინდორზე 18 წლის გოგო-ბიჭები გამოფენილიყვნენ და სპორტულ ჯგუფებში ერთიანდებოდნენ, რომლებშიც შემდეგი ოთხი წელი უნდა ეღვაწათ. კლდეზე მცოცავი მთამსვლელები, ფეხბურთელები, ტყეში სიარულის მოყვარულები, მორბენლები, მოკლედ, რა გინდა სულო და გულო. ვაპობ აღტაცებული მოზარდების რიგებს და გული, გეგონება, ამოგწყვიტესო, ისეთი შეგრძნება მაქვს. ნეტავ შურია?.. ვფიქრობ. არა, შური უფრო გესლიან გემოს ტოვებს, ეს კიდევ მომწაროა. სინანულს ჰგავს. იმ დღეს დავიდა ჩემამდე, რომ ჩემი მოზარდობა, რომელიც ბედნიერი მეგონა, გადარჩენისთვის ზრუნვაში წავიდა. მე ერთი უზარმაზარი მთაწმინდური „სასტავის“ წევრი ვიყავი, რომელიც ცხოვრების აზრის დასადგენად ათარბეგოვის ბირჟაზე იკრიბებოდა და თან სამოქალაქო ომის ტყვიებმა ვისი ფანჯრები უფრო მეტად დაცხრილა, გულდასმით ანგარიშობდა. ახლა კი, 30 წელს მიტანებული ვხედავ, რომ ახლად გამოჩეკილი ამერიკელი სტუდენტები იმ ახალგაზრდობას ცხოვრობენ, რომელზეც ვოცნებობდი - სპორტულს, აქტიურს, გიჟურს. ჰოდა, ასე ვნახე პირველად სხვის მიერ ნაცხოვრები ჩემი ოცნება.
ოთხი განზომილებით შეზღუდულ სამყაროში წარსულს ვერ გადავწერთ, მაგრამ მომავლის შეთხზვა კი ნამდვილად შეგვიძლია. შეგრძნება, რომ ცხოვრებაში, როგორც მდინარეში, ისე ხარ ჩავარდნილი და შენი თავი დინებას მიაქვს, განაჩენი არ არის. ეს მხოლოდ შეგრძნებაა. ესე იგი, მისი გადაწერა შესაძლებელია. მთავარია, სინანულის მომწარო გემო სიცოცხლის ბოლოს არ ვიგრძნოთ, როცა ყველაფერი უკან ჩამოვიტოვეთ. ამიტომ, სიმამაცის ნარჩენები უნდა შევაკოწიწოთ და საკუთარი ცხოვრების წერა ვისწავლოთ. იმან კი არ უნდა შეგვაშინოს, რომ ზოგის ცხოვრება რომანი გამოვა, ზოგის პოემა და ზოგის კიდევ - ჰაიკუ. შინაარსიანი ცხოვრება, სხვისი ნაკარნახებისგან განსხვავებით, ყველა ჟანრს იტევს.
შემომიერთდით ქოუჩინგ პროგრამაში - “ცხოვრება, როგორც საავტორო პროექტი" და შეავსეთ ონლაინაპლიკაციის ფორმა: https://forms.gle/yUGDk5qrb6AYvs8R8. პროგრამის შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებით კითხვებისთვის მოგვწერეთ lifeinhub@gmail.com-ზე. სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ salome.khurtsidze@ctc.org.ge -ზე ან დაგვიკავშირდით: 577 66 12 90.
R