26 მაისს უბედური შემთხვევა მოხდა ლაგოდეხის ნაკრძალში, სადაც ექსკურსიაზე - ნინოსხევის ჩანჩქერზე მყოფი 16 წლის გოგონა წყალმა წაიღო. გვიან ღამემდე რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მაშველები დაკარგულ მოზარდს ეძებდნენ. დილიდან ისევ განახლდა სამაშველო სამუშაოები, თბილისიდან დამატებით ჩავიდნენ მყვინთავებიც. სამწუხაროდ, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა, მაშველებმა ცხედარი ახლახან იპოვეს.
როგორც გაირკვა, დაკარგული გოგონა კერძო სკოლა "ალბიონის" მეთერმეტე კლასის მოსწავლე იყო. ის და მისი თანაკლასელები ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიაზე წავიდნენ, რა დროსაც მოხდა ეს ტრაგედია. ექსკურსიაზე მყოფი ფაქტის თვითმხილველი მოსწავლეები და მასწავლებლები ლაგოდეხის პოლიციამ წუხელვე დაჰკითხა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამ დრომდე კახეთში რჩებიან გოგონას ოჯახის წევრები და პედაგოგები. ფაქტის თვითმხილველი ბავშვები მომხდარით შოკირებულები არიან და მომხდარზე საუბარი უჭირთ.
ჩვენ გავესაუბრეთ სკოლა "ალბიონის" დირექტორის მოადგილეს, ქალბატონ მარიკა ილურიძეს, რომელიც ძალიან განიცდის მომხდარს:
- ჩვენი სკოლის მეთერთმეტე (მეორე )კლასის ექსკურსია იყო და ეს საშინელი ამბავი მოხდა. წუხელვე წავედით კახეთში ყველანი: დირექტორი, სხვა პედაგოგები. გამომძიებელსაც ველაპარაკეთ. უკვე დაჰკითხეს ბავშვები, ვინც უშუალოდ ამას უყურა; ის პედაგოგებიც, ვინც ახლდა ბავშვებს. როგორც ამბობენ, ბავშვმა უცებ "რუგზაკი მოიხსნა", თქვა, უნდა ვიბანავოო და გადახტა წყალში. სულ წამებში ბავშვი უკვე გაუჩინარდა. ეს არ იყო ჩანჩქერთან, ცოტა ქვემოთ იყო, სადაც თურმე უფრო დაგუბებული წყალია. ბავშვები ამბობენ, დავინახეთ მისი ორი ხელის გასმა წყალში და მერე გაქრაო. ამის შემდეგ მაშინვე დარეკეს 112-ში ბავშვებმა და პედაგოგმა. მაშველები მოვიდნენ. ის ადგილი არის თურმე ძალიან ღრმა და ვერ იპოვეს. მერე უცებ სეტყვა და წვიმა წამოვიდა. რთული პირობების მიუხედავად, ეძებდნენ გვიანობამდე, მაგრამ რომ დაღამდა, ხილვადობა გაუარესდა და ძებნა ვერ გააგრძელეს. ძებნა ამ დილით განაახლეს. პოლიციამ წუხელ, 3 საათზე გვითხრა, რომ თბილისიდან ჩამოიყვანეს მყვინთავები. წაიკითხეთ ვრცლად