2 ივნისს პირველი და ყველაზე მასშტაბური სასკოლო განათლების ფორუმი ტარდება. ღონისძიების მთავარი მიზანია ერთიანი სივრცის შექმნით, სასკოლო სექტორში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე დიალოგი. ფორუმი საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის ინიციატივითა და Forward-ის ორგანიზებით, მრავალფუნქციურ ცენტრ „რესპუბლიკაში“ იმართება.
ღონისძიება 11:30-ზე იწყება და 16:30-მდე გაგრძელდება. გაიმართება პანელური დისკუსიები და ინსპირაციული გამოსვლები. საუბარი იქნება თემებზე: განათლების სისტემის რეფორმების ისტორია 1991 წლიდან დღემდე, განათლების სტრატეგიები, დაგეგმილი და განუხორციელებელი რეფორმები; ახალი სკოლის მოდელი; სინთეზური აზროვნების აუცილებლობა; სკოლის მართვის ინოვაციური სისტემები და სხვა. ღონისძიების სპიკერები არიან: გია მურღულია, არჩილ სუმბაძე, ირინა აბულაძე, სიმონ ჯანაშია, გიორგი გახელაძე, გია შარვაშიძე, ავთო აბდუშელიშვილი, თამარ ჯაყელი, ირინა ხანთაძე, მამუკა ხამხაძე, ანდრო დგებუაძე, ლიკა აბრამაშვილი, რამზიკ ბადალიანი.
ღონისძიების ბლიც-ინტერვიუში მონაწილეობას მიიღებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში.
„ჩვენი მიზანია, ერთიანი სივრცის შექმნით, ხელი შევუწყოთ სასკოლო სექტორში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე დიალოგის დაწყებას, გაიზარდოს დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და დავეხმაროთ სკოლებს ახალი პარტნიორების მოძიებაში“, – ამბობენ ღონისძიების ორგანიზატორები.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი“, „კოალიცია განათლება ყველასთვის საქართველო“, ,,თიბისი ახალი თაობისთვის“, ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" და Schoolbook-ი.
ფორუმის მედიაპარტნიორები არიან: Marketer.ge და „National Geographic საქართველო“.