სიახლე

თბილისში სასკოლო განათლების ფორუმი ჩატარდა

თბილისში სასკოლო განათლების ფორუმი ჩატარდა
სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის ინიციატივით და Forward-ის ორგანიზებით, თბილისში პირველი, მასშტაბური სასკოლო განათლების ფორუმი მრავალფუნქციურ ცენტრ ,,რესპუბლიკაში“ გაიმართა.
ღონისძიების მთავარი მიზანი - ერთიანი სივრცის შექმნით, სასკოლო სექტორში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე დიალოგი იყო. ფორუმის ფარგლებში, ორი პანელური დისკუსია და ინსპირაციული გამოსვლები გაიმართა.
ღონისძიების პირველი ნაწილი არსებულ სტრატეგიებსა და განხორციელებულ რეფორმებზე საუბარს დაეთმო, მეორე ნაწილში კი ახალი სკოლის იდეა და თანამედროვე მიდგომები განიხილეს.


საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 28 წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებები მიმოიხილა ასოციაციის პრეზიდენტმა გია მურღულიამ.
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა კი ვრცლად ისაუბრა ბოლო პერიოდში განათლების სისტემაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე. მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ის განათლებაზე მიმართვას გულისხმობს, განათლების დაფინანსება იქნება შეუქცევადად მზარდი და რეფორმების უწყვეტობის გარანტი. მარიამ ჯაშმა აღნიშნა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლების მართვაში საზოგადოებრივ კონტროლსა და მშობლების ჩართულობას.

სისტემაში არსებულ მნიშვნელოვან პრობლემად დასახელდა მინისტრების ხშირი ცვლა პირველ პანელურ დისკუსიაზე. პანელისტების თქმით, სწორედ ამის გამო ვერ ხერხდება გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის შემუშავება და კონკრეტული აქტივობების განხორციელება.
სკოლების დაფინანსების არსებული მოდელის კრიტიკას დაეთმო დისკუსიის მნიშვნელოვანი დრო. განათლების ექსპერტ სიმონ ჯანაშიას განცხადებით, არსებული მოდელი მიმართულია არა განვითარებაზე, არამედ არსებული მდგომარეობის შენარჩუნებაზე.

ასევე მნიშვნელოვან პრობლემად შეფასდა ეროვნული სასწავლო გეგმის დოკუმენტი. პანელისტების თქმით, იგი ზედმეტად დეტალური და მოცულობითია, რაც ხშირ შემთხვევაში მასწავლებლებს არ ახალისებს, შექმნას სწავლების საკუთარი პრაქტიკა.

ფორუმის მეორე ნაწილში ახალი სკოლის მოდელი და განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება განიხილეს.
ამ ეტაპზე, 50 საჯარო სკოლაში საპილოტე პროგრამა მიმდინარეობს, რომელიც სკოლებში მხარდამჭერთა ჯგუფის ჩართვას გულისხმობს. პროგრამის მიზანია სკოლების მდგრადი განვითარება. მხარდამჭერთა ჯგუფები მასწავლებლებს ეხმარებიან შეიმუშაონ კონცეპტუალური ჩარჩო, დაეხმარონ პრობლემების იდენტიფიცირებაში და ასწავლონ გზები, რათა თავად შეიმუშაონ საკუთარი სასწავლო გეგმები. პროგრამის ფარგლებში, ასევე მოხდება სკოლების ტექნოლოგიებით აღჭურვა და ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების დანერგვა.

სწორედ ახალი სკოლის იდეაზე საუბარს დაეთმო მეორე პანელური დისკუსიაც. პანელისტების შეფასებით, ახალი სკოლის პროგრამის საბოლოო მიზანი ორგანიზაციის კლიმატის შეცვლაა, რაც სასკოლო ცხოვრებაზე მნიშვნელოვნად აისახება.
მასწავლებლების უმნიშვნელოვანეს როლზე ისაუბრა ინსპირაციულ გამოსვლაში ანდრო დგებუაძემ. მისი თქმით, მასწავლებლების სწორი მიდგომა მოსწავლეებს ეხმარებათ სინთეზურ აზროვნებაში. მისი თქმით, ადამიანი აზროვნების სამ ეტაპს გადის. პირველი ეტაპი ბავშვობაში, უფროსისადმი მორჩილებაა, შემდეგი - პროტესტი, ანუ კრიტიკული აზროვნება, ბოლო ეტაპი კი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი - სინთეზური აზროვნება, მოვლენის შუა წერტილის პოვნაა.


პირველი სასკოლო ფორუმი სკოლის მართვის ინოვაციური მიდგომების გაცნობით დასრულდა. „სქულბუქის“ დამფუძნებელმა ლიკა აბრამიშვილმა სკოლებში ციფრული სისტემების დანერგვაზე ისაუბრა. „სქულბუქი“ აერთიანებს: ელექტრონულ ჟურნალს, ელექტრონულ საქაღალდეს, ბიბლიოთეკისა თუ კათედრების მოდულებს, რაც მხარეებს შორის კომუნიკაციას ამარტივებს და მეტად ეფექტურს ხდის.

ციფრული სკოლის კონცეფცია და უპირატესობები გააცნო საზოგადოებას „ხანის აკადემიის“ წარმომადგენელმა რაზმიკ ბადალიანმა. ხანის აკადემია ელექტრონული რესურსია, რომლის მიზანიცაა გაავრცელოს უფასო, მსოფლიო დონის განათლება ყველასათვის და ყველგან.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: „თიბისი ახალი თაობისთვის“, Schoolbook, “გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი“, „განათლება ყველასთვის“ და მასწავლებლის ეროვნული ჯილდო.

ფორუმის მედიაპარტნიორები კი - Marketer.ge და „National Geographic საქართველო“ იყვნენ.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30