სიახლე

"მადლობა ყველას, ვინც მამხნევებს და გვერდით მიდგას და სწორედ ამ ხალხის გამო არ დავნებდები არცერთი წუთი" - 18 წლის გოგონა, რომელმაც თვალი დაკარგა, საზოგადოებას მიმართავს

"მადლობა ყველას, ვინც მამხნევებს და გვერდით მიდგას და სწორედ ამ ხალხის გამო არ დავნებდები არცერთი წუთი" - 18 წლის გოგონა, რომელმაც თვალი დაკარგა, საზოგადოებას მიმართავს
გოგონა ყურსასმენებით - ეს არის მეტსახელი, რომლითაც საზოგადოება 18 წლის მაკო გომურს მოიხსენიებს. გოგონას, რომელმაც 20 მაისის ღამეს აქციის დაშლის დროს მძიმედ დაშავდა, თვალი დაკარგა და მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა.
მაკო გომური, რომელიც ამ დრომდე საავადმყოფოში წევს, ემოციურ წერილს აქვეყნებს. წერილი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა გაავრცელა.

გოგონა გულშემატკივრებს მიმართავს, საკუთარ განცდებზე საუბრობს, იმედს გამოთქვამს, რომ მის მიერ გაღებული მსხვერპლი არ იქნება უშედეგო; საუბრობს ოკუპანტზე და მათზე, ვინც გაიმეტა.

მე ვარ მაკო, 18 წლის,
რომელმაც აქციაზე დაკარგა თვალი. მე ვარ გოგო, რომელმაც ნებით თუ უნებლიეთ თავისი წილი მსხვერპლი გაიღო თავისუფლებისთვის ბრძოლაში. თითოეული ტკივილის წამი, რომელსაც ახლა ვგრძნობ, არ მინდა დაიკარგოს და ჩაიკარგოს საოპერაციო მაგიდაზე ან პალატაში საწოლზე, სადაც მეორე ღამეს ვათევ ტკივილის გამო. არ მინდა დაიკარგოს არაფერი, რასაც ახლა ვგრძნობ - ტკივილს, გაბრაზებას. მე დაუცველი ვიყავი იქ, როგორც ათასობით ადამიანი და გამწირეს სიკვდილისთვის, როგორც ათასობით ადამიანი. ვპირდები ყველა ჩემს გულშემატკივარს, ვიდგები მყარად და დამპირდით, რომ თქვენც იდგებით ჩემ გვერდით და იბრძოლებთ უსამართლობის წინააღმდეგ. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მამხნევებს და გვერდით მიდგას და სწორედ ამ ხალხის გამო არ დავნებდები არცერთი წუთი. იმ ღამემდე არასოდეს მჯეროდა ერთი ადამიანის ძალის და ყოველთვის ვამბობდი, რომ ერთი ადამიანი ვერაფერს შეცვლიდა. ახლა, როცა შორიდან ვუყურებ ჩემს თანატოლებს, ვხედავ, რამხელა ძალა გვაქვს ჩვენ. რუსეთი მკვლელი ოკუპანტია! ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს!

პ.ს. ჩემი თითების კომბინაცია კი გეკუთვნით ყველას, ვინც მცირე წვლილიც კი შეიტანა ჩვენს სასიკვდილოდ გაწირვაში", - ნათქვამია წერილში.
წყარო: primetime.ge
ბეჭდვა
e87a93