მას შემდეგ, რაც პუტინმა რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები აკრძალა და ჩვენს ქვეყანაში ტურისტების შემცირების საფრთხე შეიქმნა, სოციალური ქსელების ქართველმა მომხმარებლებმა მასშტაბური კამპანია დაიწყეს. ისინი „ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“ და „ტვიტერის“ საშუალებით ცდილობენ, აწარმოონ ტურისტული კამპანია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს ზაფხულის საქართველოში გატარებას ურჩევენ.
"ფეისბუქჯგუფი" Spend Your Summer In Georgia („გაატარე ზაფხული საქართველოში“) რამდენიმე დღეა შეიქმნა და წევრების რაოდენობამ 97 ათასს გადააჭარბა. ქართველი მომხმარებლები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ქართულ ტურისტულ სააგენტოებს ადგილობრივ ტუროპერატორებთან თანამშრომლობას სთავაზობენ.
სასტუმროებისა და ოჯახების ნაწილი კი უცხოელებს დასვენებას უსასყიდლოდ სთავაზობენ მხოლოდ ერთი პირობით - სოციალურ ქსელებში დაწერონ, რომ რუსეთი ოკუპანტია.
ჯგუფში უამრავი უცხოელი წევრიც არის, მათი ნაწილი საქართველოში უკვე ნამყოფია და ამჯერად ოჯახის წევრებთან ან - მეგობრებთან ერთად აპირებს დაბრუნებას. ნაწილმა კი ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ სწორედ პუტინის მიერ დაწესებული აკრძალვების წყალობით გაიგო და ივლისისა და აგვისტოსთვის მოგზაურობას გეგმავენ.
გენრიტ ბუჯუპი:
„მოგესალმებით ყველას. გერმანიაში უამრავი ქართველი მეგობარი მყავს. თქვენი ემოციაც ძალიან კარგად მესმის, რადგან კოსოვოდან ვარ. მომწონს ქართველები, თქვენი კულტურა. მოუთმენლად ველოდები ჩემს შემდეგ მოგზაურობას საქართველოში.
გაუმარჯოს საქართველოს!“
ამრ ზეინი:
"მოგესალმებით ეგვიპტიდან!
აგვისტოში ვაპირებ, საქართველოში 3 კვირა გავატარო. მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას და ამ არაჩვეულებრივი ქვეყნის ნახვას."
კალი აბისონიო:
„გამარჯობა! მე 20 წლის გოგო ვარ აშშ-დან, ფლორიდიდან და უკვე რამდენიმე წელია, საქართველო მეორე სამშობლოსავით მიყვარს. ახლა გამოვიწერე საქართველოს დიდი დროშა, რომელსაც ჩემს ოთახში დავკიდებ. ვსწავლობ ქართულ ენასაც. კითხვა და წერა კარგად გამომდის, თუმცა ლექსიკისა და გრამატიკის ჯერ კიდევ საბაზისო ცოდნა მაქვს. სამხრეთ ფლორიდიდან ფრენა ძალიან ძვირია, თანაც სტუდენტი ვარ და არავინ მყავს, ვისთან ერთადაც ჩამოვიდოდი.
ერთ დღეს აუცილებლად ვესტუმრები საქართველოს. ყველაფერი ვიცი, რაც ხდება, თვალს ვადევნებ ახალ ამბებს. ვცდილობ, ინფორმაცია სოციალური მედიის საშუალებით გავავრცელო და მოვუწოდო ყველას, ზაფხული საქართველოში გაატაროს.
ეს არაჩვეულებრივი ერი უკან არასოდეს დაიხევს. ქართველები და მათი მხარდამჭერები ახლა ისეთი ძლიერები არიან ერთად, როგორც არასოდეს.
მიყვარხარ, საქართველო!“
გაგრძელება