ცნობილი ექიმების, ნინო ნადირაძის და გუგა კუზანოვის ქალიშვილი ბაია კუზანოვა გათხოვდა. ახალგაზრდა ექიმის მეუღლე გიორგი ბეჟაშვილია. დაქორწინებამდე წყვილს ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა, თუმცა ყოველთვის ცდილობდნენ, მედიის ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილიყვნენ.
ბაიამ და გიორგიმ ქორწილიც ვიწრო წრეში გადაიხადეს. თუ სხვები საკუთარ დაქორწინებას ძვირად ღირებულ რესტორნებში იხდიან და ასეულობით ადამიანს ეპატიჟებიან, ისინი ამ მხრივაც გამორჩეულად მოკრძალებულები აღმოჩნდნენ და ქორწილი კუზანოვების ფეშენებელური სახლის ეზოში, ვიწრო წრეში გადაიხადეს.
წყვილი რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა. „რეიტინგი“ ბაია კუზანოვას დედას, ცნობილ ექიმს და ტელეწამყვანს, ნინო ნადირაძეს დაუკავშირდა და შეეცადა, მისგან გაერკვია ქორწილის დეტალები.
- ჩემს ქალიშვილს და სიძეს არ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. შესაბამისად, ბევრს ვერ ვისაუბრებ მათ შესახებ და ქორწილის დეტალებზე. ღრეობები არც ჩვენ გვიყვარს და არც მათ. ამიტომ ვიწრო წრეში გადავიხადეთ ქორწილი, სადაც 50 კაცი გვყავდა მოწვეული, პირველი რიგის ნათესავები, დედა, მამა და ა.შ. ასევე, ბაიას და გიორგის მეგობრები. თავად როგორც უნდოდათ, ზუსტად ისეთი ქორწილი გადაიხადეს. ბაიას სურვილით ქორწილი ჩვენი სახლის ეზოში გადავიხადეთ, ვერ გველევა. რეტრო-საქორწინო ცერემონიალი იყო, შავი ძველი "ბე-ემ-ვეთი" მოვიდნენ.
- ვისი კაბა ეცვა ბაიას ქორწილში?
- „ლუი ვიტონის“ კაბა ეცვა, რომელიც მე შევუძინე. მეჯვარეები იყვნენ ანი ღლონტი და ბასო მახათაძე. ბაიას მეჯვარის დედას, თეა გიორგაძეს 6 წლიდან ვიცნობ, ჯერ კლასელები ვიყავით, შემდეგ ჯგუფელები. იმ ასაკში ვერც ვიფიქრებდი, რომ მისი შვილი ჩემი შვილის მეჯვარე იქნებოდა, მაგრამ ბაია და ანიც დამეგობრდნენ. ბაიას ეკლესიურად ბარბარე ჰქვია, ამიტომ ჯვარი წმინდა ბარბარეს ეკლესიაში დაიწერეს. შემდეგ შედგა ხელისმოწერის ცერემონიალი.