დუბაის მილიარდერი მმართველის მეექვსე ცოლი, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა და თავს დიდ ბრიტანეთს აფარებს, ლონდონის სასამართლოს შვილის დასაცავად მიმართავს. CNN წერს, რომ პრინცესას ერთ-ერთი შვილის იძულებით დაქორწინებისგან დაცვა სურს.
ჰაია ბინტ ალ-ჰუსეინს და შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმს ორი საერთო შვილი - 11 წლის გოგონა და 7 წლის ბიჭი ჰყავთ.
სასამართლომ მედიას უფლება მისცა, რამდენიმე დეტალი გაესაჯაროებინა. „როიტერსის“ ინფორმაციით, პრინცესა ორდერს საკუთარი უსაფრთხოებისთვისაც ითხოვს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმის განხილვა 11 ნოემბერს დაიწყება. სხვა დეტალების შესახებ ცნობილი არ არის.
ინგლისის კანონის თანახმად, იძულებითი ქორწინებისგან დასაცავი ორდერი გაიცემა იმ ადამიანებისთვის, ვისაც საკუთარი ნების წინააღმდეგ დაქორწინებას აიძულებენ ან უკვე არის იძულებით დაქორწინებული.
შეიხი მოჰამედი კი სთხოვს სასამართლოს, მისი შვილები დუბაიში დააბრუნონ, სადაც თავად ცხოვრობს. ის სხდომას არ ესწრებოდა. შეიხის წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.
მსოფლიო მედია მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმისა და მისი ცოლის დაპირისპირებას უკვე რამდენიმე კვირაა, აშუქებს. პრინცესამ დუბაი დატოვა და შვილებთან ერთად თავს დიდ ბრიტანეთს აფარებს. გაგრძელება