სიახლე

„ვარდისფერი სივრცე“ - ადგილი, სადაც ქალები ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ერთიანდებიან

„ვარდისფერი სივრცე“ - ადგილი, სადაც ქალები ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ერთიანდებიან
მას შემდეგ, რაც ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, 2 წელი გავიდა. ამ პერიოდში ბევრი მტკივნეული პროცედურა გამოიარა, აღმოჩნდა მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშეც, თუმცა დღეს, ამაზე არასდროს საუბრობს. სოფო ფირანიშვილი ახლა 24 წლისაა, ონკო-საზოგადოება „იმედს“ ხელმძღვანელობს და „ევროპა დონა საქართველოს“ საბჭოს წევრია.
„22 წლის ვიყავი, როდესაც პირველად გაიჟღერა ჩემს ცხოვრებაში სიტყვამ კიბო. ძალიან დაბნეული და გამოფიტული ინსტინქტურად დავდიოდი, სანამ ნათია ფანჯიკიძემდე არ მივაღწიე, და მასთან ერთად გავიარე ყველა ეტაპი”, - იხსენებს სოფო.


ეს ეტაპები, იმაზე უფრო მძიმე
იყო, ვიდრე ვინმეს შეიძლება წარმოედგინოს, მაგრამ ყოველთვის იცოდა, რომ გაიმარჯვებდა, - „ვიყავი ცუდად, უფრო ცუდად, ძალიან ცუდად მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ გავიმარჯვებდი”, - აღნიშნავს ის.
ახლა სოფო უამრავი ადამიანის მოტივატორია და კომპანია Avon-ისა და „ევროპა დონა საქართველოს“ მიერ შექმნილ „ვარდისფერ სივრცეში“ თავის ემოციებსა და განცდებს უზიარებს ქალებს, რომელთაც იგივე გზის გავლა უწევთ, რაც მან გაიარა.

„ვარდისფერი სივრცე“ არის ადგილი, სადაც ასობით ქალი ერთმანეთს დაავადების შესახებ ინფორმაციას უცვლის, განვლილი მკურნალობის კურსისა და კიბოს თანმდევი პრობლემების შესახებ საუბრობს, აქვს განტვირთვის შესაძლებლობა. აქ მისულებს კართან მხიარული ქალები შემოგეგებებიან, რომლებიც ნახატებით გაფორმებულ მისაღებ ოთახში შეგიპატიჟებენ. აღმოჩნდა, რომ ეს ნახატები მათი ნამუშევრებია, ხატვის ნიჭი კი სულ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს. ასევე, აქ შეკრებილი ქალები სწალობენ ინგლისურს, დაკავებულები არიან ფიტნესით, ცეკვითა და უამრავი საინტერესო აქტივობით.

როგორც „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი გვიამბობს, სწორედ კომპანია Avon-ის მხარდაჭერით შეიქმნა ეს უნიკალური სივრცე, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა.

„6 წლის განმავლობაში ოცნებად მქონდა, ასეთი სივრცე შეგვექმნა. საბოლოოდ, კომპანია Avon-ის დიდი მხარდაჭერით კი შევქმენით „ვარდისფერი სივრცე“. ეს კომპანია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში იღებს მონაწილეობას და დარწმუნებული ვარ, სიკეთე უკან დაუბრუნდებათ. დღეს აქ ასობით ქალი იკრიბება და ერთმანეთს შემდეგი ეტაპების გავლაში ეხმარება. „ვარდისფერი სივრცის“ გარდა, ონკოლოგიური პაციენტებისთვის არცერთი ფსიქოლოგიური დახმარების ორგანზაცია არ არსებობს. ეს არის ჩვენი ერთადერთი ოაზისი“, - განგვიმარტა მან.
8 წლის წინ, თავადაც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ ეს დიაგნოზი მძიმეა როგორც პაციენტისთვის, ისე გარემოცვისთვის, ამიტომ ფსიქოლოგიური დახმარება და მკურნალობის კურსთან დაკავშირებით ინფორმირებულობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

„გამარჯვებული ქალბატონები - ეს არის ყველაზე დიდი მოტივაცია ახალი პაციენტებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ თუ შევძელით, ისიც შეძლებს, მე რომ ვარ, ისიც იქნება! გარწმუნებთ, რომ აქ მოსულთა უმეტესობამ სწორი ფსიქოლოგიური მიდგომით ამ დაავადებაზე გამარჯვება შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ექიმებთან კომუნიკაცია აქვთ, პაციენტებს მაინც ბევრი კითხვა უგროვდებათ. „ვარდისფერ სივრცეში“ კი იხსნებიან უფრო თავისუფლად შეუძლიათ საუბარი, ჩვენ ხომ ფაქტობრივად, ერთი გზის გავლა გვიწევს. ყველაზე მეტ შეცდომას დაბნეული ადამიანი უშვებს, ჩვენთან მოსულები კი მეტ ინფორმაციას იღებენ, როგორ მოიქცნენ, როგორ მოიძიონ დაფინანსება, რა პროგრამებში ჩაერთონ და ა.შ“, - აღნიშნავს ანი მაზანიშვილი.

„ვარდისფერ სივრცეში“ მოსული ასობით დაბნეული, გულჩათხრობილი ქალი, რომელსაც ამ მძიმე სენის სახელის ხსენებაც კი არ სურს, რამდენიმე თვის შემდეგ ლაღ, ძლიერ, ინფორმირებულ პიროვნებად იქცევა, რომელსაც სჯერა, რომ კიბოს დაამარცხებს. სივრცის გამოცდილი პაციენტები კი, რომლებმაც დაავადებაზე გაიმარჯვეს, სხვებს აძლევენ ყველა იმ რჩევას, რაც მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე გამოადგებათ.

კომპანია Avon-ის დირექტორი ანა ცხადაძე აღნიშნავს, რომ მათი მთავარი ღირებულება როგორც ლოკალური, ისე გლობალური მასშტაბით ქალების დახმარება და მათი ხელშეწყობაა ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებაში. მისი თქმით, სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე კომპანიას აინტერესებს ყველა საკითხი, რაც ქალებს ეხებათ, მათ შორის, ჯანმრთელობის კუთხითაც.


„ჩვენი კომპანიისთვის "ვარდისფერი სივრცე" ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყო პროექტია, რადგან ქალის გაძლიერება, მათთვის შესაძლებლობების შექმნა, მათი დახმარება და ხელშეწყობა როგორც ფინანსური, ასევე ჯანმრთელობის კუთხით, ჩვენთვის მთავარი მამოტივირებელი ძალაა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს სივრცე არის უნიკალური ჩვენს რეალობაში, რადგან ნებისმიერ ქალს, ვისაც ეს სჭირდება, სრულიად უფასოდ სთავაზობს ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას და ინფორმაციას მკურნალობის შემდეგი ნაბიჯების შესახებ”, - განმარტავს ის.

პაციენტები-პაციენტებისათვის - „ვარდისფერ სივრცეს“ ხშირად ასეც უწოდებენ, რადგანაც პაციენტებს მოტივაციას აძლევენ ის ქალები, რომელთაც ურთულესი გზა გაიარეს და ძუძუს კიბო დაამარცხეს.

„ახლა ეს ადამიანები გზამკვლევები არიან მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასე რომ ის წვლილი, რაც გახსნის დღიდან "ვარდისფერ სივრცეს" შეაქვს ამ ვერაგ დაავადებასთან ბრძოლაში, ნამდვილად ძალიან დიდია. 2019 წლის მარტიდან უკვე ასეულობით ქალს დავეხმარეთ, რაც ძალინ გვეამაყება”, - აღნიშნა ანა ცხადაძემ.

კომპანია Avon-ი „ვარდისფერი სივრცის“ ხელშეწყობას კვლავაც განაგრძობს და აღნიშნავს, რომ მისი კარი ყოველთვის ღია იქნება ყველა ქალისთვის, ვინც კიბოსთან საბრძოლველად მცირედით ხელშეწყობას მაინც საჭიროებს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93