ახალი წელი ჯადოსნობის, ახალ სამყაროებში მოგზაურობის და საკუთარ თავზე ზრუნვის დროა. საახალწლო სუფრისა და მეგობრებთან გართობის შემდეგ თავისუფალ დროს წიგნის კითხვას თუ დაუთმობთ, მერწმუნეთ, ეს თქვენს დღეებს კიდევ უფრო საინტერესოს და ზღაპრულს გახდის. ხომ გახსოვთ, „ყოველი ახალი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს“.
თუკი ახალი წლის გატარებას „ჯერ სახლში და მერეც სახლში“ აპირებთ, წიგნი თქვენთვის ისეთივე აუცილებელია, როგორც სანტასთვის მარხილი.
აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ წიგნი ყველა დროის საუკეთესო საჩუქარია, რადგან ამით ადრესატს სხვა სამყაროში მოგზაურობის შანსს და წარუშლელ ემოციებს სთავაზობთ.
სინამდვილეში კი წიგნების არჩევა მარტივი არაა. ამ ბლოგში არჩევანი ქართველი თანამედროვე ავტორების წიგნებზე შევაჩერე. ისინი სამყაროს ისევე ხედავენ, როგორც ჩვენ. შესაბამისად, მათი მონათხრობი ისტორიები ჩვენთვის ბევრად უფრო გასაგებია, ვიდრე უცხოელების. მათი ისტორიები კი სულ სხვა სამყაროებს გვაჩვენებს, რომლებიც შესაძლოა, ჩვენ გვერდით ვითარდება, მაგრამ ამაზე არაფერი ვიცით.
მაშ ასე - ტოპ 5 წიგნი საჩუქრად და სადღესასწაულო განწყობის ასამაღლებლად:
სად არის გამოსავალი? ეს შეკითხვა არ დაგტოვებთ არც კითხვისას და არც მისი დასრულების შემდეგ, რადგან ეს წიგნი ემიგრანტების ცხოვრების შეულამაზებელი ასახვაა. თქვენ წინაშეა წიგნი უცხო ქვეყნებში გადახვეწილ დედებზე, ცოლებზე, დებზე, რომლებიც თავს დასტრიალებენ სხვების შვილებს, რათა საკუთარი შვილებისთვის პურის ფული გამოიმუშაონ; ებრძვიან გაუსაძლის მონატრებას, უვლიან დავრდომილ მოხუცებს... ეს არის წიგნი მივიწყებულ ოცნებებზე, მახინჯ სტერეოტიპებზე, სიღარიბეზე, უმომავლობაზე. წიგნის მთავარი გმირი რთულ არჩევანს აკეთებს და უკეთესის იმედით სამშობლოდან მიდის, გარკვეული დროის შემდეგ კი უჭირს, გაერკვეს, სწორად მოიქცა თუ არა. ამაზე დაფიქრდება მკითხველიც.
თამარ გოდერიძის "ყვავილები სახლთან ახლოს" ხალხის რჩეულია.
ერთ მშვენიერ დღეს კაცს წარმატებულს, ყველანაირ მიზანმიღწეულს შეიძლება თვალი აეხილოს და დაინახოს, რომ ეს საათივით აწყობილი ცხოვრება არის მხოლოდ სხვის დასანახად. სწორედ აქ იწყება პიროვნული ჯანყი და სულიერი კრიზისი, თავს წამოჰყოფს ბავშვობის ტრავმები. და ნიკიც მიატოვებს ყველას და ყველაფერს, ხეტიალისას კი საოცარ აღმოჩენებს აკეთებს, პოულობს ნამდვილ ადამიანებს, რაც მთავარია - საკუთარ თავს.