ყველაზე სანდო მრჩეველი წიგნის არჩევისას კარგი მკითხველია, რომელიც ნებისმიერ შემხვედრ წიგნს არ ყიდულობს. ის დაკვირვებით არჩევს, ადარებს და აფასებს ლიტერატურას. გაიხსენეთ, თავადაც რამდენი დრო დაგიხარჯავთ წიგნის არჩევაში, რამდენი მაღაზია შემოგივლიათ სასურველის პოვნაში და რამდენჯერ შეგიცვლიათ გადაწყვეტილება.
ამიტომაც, დამერწმუნეთ, მკითხველის რჩეული წიგნები გაცილებით ფასეულია, ვიდრე მაცდური შემოთავაზებები. ამ ბლოგში სწორედ ამ წიგნებზე უნდა გესაუბროთ, 2019 წლის ყველაზე გაყიდვად წიგნებზე, რომლებსაც უემოციოდ, ალბათ, არც თქვენ დაუტოვებიხართ. და თუ ჯერ კიდევ არ გქონიათ მათი წაკითხვის სიამოვნება, ახალ წლამდე დრო ჯერ კიდევ გაქვთ.
"ისინი ერთ ქალაქში არ ცხოვრობდნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, არც ერთ კონტინენტზე. მათ მხოლოდ მანძილი როდი აშორებდათ... მაგრამ ეს მაინც მოხდა... ელამ გონს მოსვლაც ვერ მოასწრო, რათა ამ ყველაფერს წინ აღდგომოდა, თუკი... შესაძლებელია, სიყვარულს წინ აღუდგე".
დიახ, სიყვარულის წინაშე ადამიანი უძლურია. ამიტომ შეუძლებელია, მკითხველი არ ააღელვოს ელა რუბინშტეინისა და მწერალ აზიზ ზაჰარას უცნაურმა და რომანტიკულმა ურთიერთობამ.
ყური მიუგდეთ აღმოსავლეთის შექსპირის – ჯალალ-ედ-დინ რუმისა და მისი მზის – შამს თებრიზის მსჯელობას ღმერთზე, სიყვარულზე, სიცოცხლეზე, სიკვდილსა და უკვდავებაზე...
ჰოლდენი თვლის, რომ ის უკვე გადაიჩეხა იმ უფსკრულიდან, რომელიც ჭვავის ყანაში იყო ჩამალული. მაგრამ მას სურს, რომ სხვები მაინც გადაარჩინოს. იდგეს უფსკრულის პირას და უყუროს ბავშვებს, რომლებიც თავისთვის თამაშობენ, ხოლო როცა მათ გადავარდნის საფრთხე დაემუქრებათ, გადაარჩინოს ისინი. სწორედ ჰოლდენის ამ მონოლოგიდან წარმოდგება ნაწარმოების სათაურიც.
რადა მოდებაძეს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტს, ბევრი თანატოლის მსგავსად, კომპლექსები და შიშები არ ასვენებს. ის გამუდმებით იბრძვის საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან. მოდებაძეს ვერ ამჩნევენ ან დასცინიან, ამიტომ ბოროტდება და ყურადღებას „ბინძური გზებით“ იქცევს. მთავარ პერსონაჟს გამუდმებით ამცირებს ანდრია მახარაძე, უნივერსიტეტში ყველაზე პოპულარული ბიჭი. რადას ეზიზღება კურსელი და გადაწყვეტს, ჭკუა ასწავლოს. ანდროს საიდუმლოებების გამოსააშკარავებლად, გოგონა კურსელის წარსულში იწყებს ქექვას. სულ მალე ჩვეულებრივი Hate Story ნამდვილ ომში გადაიზრდება... ომში, რომელიც ბრაზით, სიძულვილით, სიყვარულით, ვნებით, ტყუილით, მონატრებით, გაუგებრობებით, ღალატითა და ინტრიგითაა სავსე.
რომანი „აჩრდილები სამოთხეში“ პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე.
პერი, შირინი და მონა – პირველმშობელი ევას სამი ქალიშვილი, კაცობრიობის მამოძრავებელი სამი ენერგია – ელიფ შაფაქის სულ ახალ რომანში მკითხველს დაუმტკიცებენ, რომ სამყარო ისევ ეჭვზე, ცოდვასა და ღვთისმოსაობაზე დგას, როგორც ევას დროს.
მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე შანხაიში დაბადებული ინგლისელი ბიჭუნა, ქრისტოფერ ბენქსი, ცხრა წლის ასაკში ობლდება. მისი მშობლები საეჭვო ვითარებაში უჩინარდებიან. ბიჭს საცხოვრებლად ინგლისში უშვებენ, სადაც იგი ცნობილი დეტექტივი ხდება. ოციოდე წლის შემდეგ ის უბრუნდება ჩინეთ-იაპონიის ომის ქარცეცხლში გახვეულ შანხაის, რათა მშობლების გაუჩინარების საიდუმლო ამოხსნას. ეთნიკური მრავალფეროვნებით განთქმული ჩინური ქალაქის ფერადოვნება და დანისლული ლონდონი; ერების დიდი შეჯახება და კატასტროფის მომლოდინე მსოფლიოს ხვედრზე დაფიქრებული ადამიანები; მახეში მოქცეული კაცის არჩევანი და ვალის მოხდით მოგვრილი კმაყოფილება - იაპონური წარმოშობის ბრიტანელი მწერლის კიდევ ერთ შთამბეჭდავ ნაწარმოებში.
რომანის მოქმედება გასული საუკუნის 20-იან წლებში ვითარდება. ეს ის პერიოდია, როცა ამერიკა ჯაზის ეპოქას მოუცავს; როცა ამერიკელ ახალგაზრდათა ერთი ნაწილი ევროპაში ეძებს შვებას. ახალი, თავბრუდამხვევი ურთიერთობების ძიებაში კი მთავარს – ადამიანურ ღირებულებებს – ივიწყებენ.
ამანდა კოლიერსა და დოუსონ ქოულს ერთმანეთი უსაზღვროდ უყვარდათ. ქალ-ვაჟი სხვადასხვა სამყაროს ეკუთვნოდა და მათი სიყვარული პატარა დაბა ორიენტალის ტრადიციებისთვის ნამდვილი გამოწვევა გახდა. სწორედ ამან დააშორა წყვილი.
და აი, 25 წლის შემდეგ, ამანდა და დოუსონი ორიენტალში ჩავიდნენ, რათა თავიანთი უფროსი მეგობრის, ტაკ ჰოსტეტლერის, დაკრძალვას დასწრებოდნენ. ვერც ერთმა ვერ შეძლო ისეთი ცხოვრების აწყობა, როგორზეც ოცნებობდნენ... პირველი სიყვარულის დავიწყება შეუძლებელი აღმოჩნდა...
და როდესაც ამანდა და დოუსონი ტაკის ანდერძის შესრულებას იწყებენ, ხვდებიან, რომ არც ტაკზე სცოდნიათ რამე, არც საკუთარ თავზე და არც ეს სამყარო ყოფილა ისეთი, როგორიც წარმოედგინათ, რომ ცხოვრებაში არასწორი არჩევანი გაუკეთებიათ. მხოლოდ ერთი რამ დარჩენილა უცვლელი ‒ მათი სიყვარული.