სიახლე

პროექტ „გახდი ბესტსელერის ავტორის“ შედეგები, რომლებიც კონკურსის სახელწოდებას ამართლებს

პროექტ „გახდი ბესტსელერის ავტორის“ შედეგები, რომლებიც კონკურსის სახელწოდებას ამართლებს
იშვიათია ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც რაიმე არ დაუწერია, თუნდაც პატარა ჩანახატი ან ერთსტროფიანი ლექსი, რომლის წაკითხვის საშუალებასაც არავის მისცემდა. მიზეზი კი ისაა, რომ ისინი საკმარისად „კარგი“ არ ჰგონია, თუმცა, თუ სხვების აზრს არ მოისმენს, ვერასდროს მიხვდება, როგორი მწერალი ან პოეტი გამოვიდოდა მისგან.

სწორედ ამგვარი მოკრძალების დაძლევის საშუალება მისცა გამომცემლობა „პალიტრა L”-ის პროექტმა „გახდი ბესტსელერის ავტორი“ უამრავ დამწყებ თუ შემდგარ ავტორს, რომლებმაც თავიანთი შემოქმედება ფართო მკითხველს წარუდგინეს და მათი ნაწილის რომანები ახლა დიდი ტირაჟით იყიდება.

პროექტი
2017 წელს დაიწყო. მისი მიზანი ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა-ხელშეწყობაა.

ბევრმა მონაწილემ წერა მას შემდეგ დაიწყო, რაც კონკურსის შესახებ შეიტყო. საბოლოოდ კი აღმოაჩინა, რომ ეს ძალიან მოსწონდა და კარგადაც გამოსდიოდა. გამარჯვებულ ავტორთა დიდი ნაწილი კი არ ელოდა, რომ მათი ნამუშევრები მართლაც ბესტსელერი გახდებოდა და ზოგიერთი დამატებითი ტირაჟითაც კი დაიბეჭდებოდა.

თუ მათ ჯერ კიდევ არ იცნობთ, დროა, დამწყები ავტორების შემოქმედებას თვალი გადაავლოთ და დარწმუნდეთ, რომ ისინი ნამდვილად იმსახურებენ მკითხველის ყურადღებასა და მხარდაჭერას.
გვინდა შევაჯამოთ კონკურსის სამივე სეზონი და ის წარმატებები გაგიზიაროთ, რაც „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებულებმა მოიპოვეს.

2019 წელს თანამედროვე ქართველი პოპულარული ავტორების სიას კიდევ 5 ბესტსელერის ავტორი შეემატა. გამარჯვებულმა რომანმა „მოპარული სიყვარული", რომელიც დახლებზე 3 დეკემბრიდან გამოჩნდა, უკვე დაიკავა ადგილი დეკემბრის ტოპ-10 წიგნს შორის. ის 1000-ზე მეტი გაიყიდა.
2019 წლის ბესტსელერი წიგნის "ქართველი ავტორის" ნომინაციაში ნიკოლოზ ტოტოღაშვილის რომანმა "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა" გაიმარჯვა (ის 2018 წელს მონაწილეობდა „პალიტრა L”-ის კონკურსში). ჯამში მისი წიგნის 8000-ზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.
რეკორდული რაოდენობით გაიყიდა „გახდი ბესტსელერის ავტორი 2017"-ის გამარჯვებულის, ია კარგარეთელის წიგნი „სხვა უდაბნოს საიდუმლო“ - 24 000-ზე მეტი.

აგრეთვე, 2017 წლის გამარჯვებულია თათული ღვინიანიძე, რომლის წიგნი „აღიარება ხელისგულზე“ დღესაც არ კარგავს აქტუალურობას. იგი 20 000 ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა.


თითოეული გამარჯვებული რომანის შინაარსი და მთავარი სათქმელი ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა მკითხველმა ყველა მათგანი შეიყვარა. თავიანთი აღმოჩენის შესახებ გარშემომყოფებსაც უამბო და საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ამ სრულიად უცნობი თანამედროვე ავტორების რომანები წიგნის მაღაზიების თაროებიდან დიდი მწერლების მსგავსად იყიდება.

ასევე ბესტსელერებს შორის მოხვდნენ პროექტის 2018 წლის გამარჯვებული ავტორებიც: გვანცა გუბელაძის „შულამელი გოგონები“ და ნათია ჯაგოდნიშვილის „ცდუნება“; ჟიურის რჩეულები - ვახტანგ ვახტანგაძის „ალაჰი ჩემი მეგობარია“ და იაგო თვალაბეიშვილის „ტრანსმუტაცია“.

რაც შეეხება ლიტერატურულ წარმატებებს:

აღსანიშნავია, რომ შორენა ხუხუა და იაგო თვალაბეიშვილი პრემია "ლიტერას" ლაურეატები არიან. ვახტანგ ვახტანგაძე კი "ლიტერას" ფინალისტი იყო;
შორენა ხუხუას "შემოვალ ეტლით" ითარგმა გერმანულ ენაზე და ფრანკფურტის ფესტივალზე მისმა ავსტრიელმა რედაქტორმა წარადგინა;
ელის დოჯსონის „რაფლეზია“ ინდოეთში გაიყიდა;
თითოეულ ავტორს პოპულარობა ერთმა კონკურსმა მოუტანა, რომელიც დამწყებ ავტორებს სამწერლობო უნარების დახვეწაში, მათ აღმოჩენასა და განვითარებაში ეხმარება.

დებიუტანტ ავტორთა წიგნები რამდენჯერმე არაერთხელ გამოიცა. რამდენიმე მათგანის ავტორობით კი უკვე ახალ რომანებსა და მოთხრობებსაც შეხვდებით. მათ შორის, სულ ახლახან გამოიცა იაგო თვალაბეიშვილის მოთხრობების კრებული "გარდასულები", რომელიც ავტორის ილუსტრაციებითაა გაფორმებული.

ახალი ავტორების წარმატება რომ კიდევ უფრო თვალსაჩინო იყოს, უნდა აღვნიშნოთ, რომ კონკურსის დაწყებიდან დღემდე გამოცემული წიგნების ტირაჟი 100 000-ზე მეტია. მოთხოვნის შესაბამისად, როგორ გაიზრდება მათი ტირაჟი კი, ჯერჯერობით უცნობია.
პროექტი, რომელმაც თანამედროვე ბესტსელერების ავტორები აღმოაჩინა, მარტივი წესებისგან შედგება: გამარჯვებულების ნაწილს ირჩევს საზოგადოება (რომელთა ჩართულობაც 2019 წელს საგრძნობლად გაიზარდა და კონკურსის განმავლობაში ხმა 110 000-ზე მეტი უნიკალური ნომრიდან შევიდა); ნაწილს კი მაღალკვალიფიციური ჟიური - ლიტერატორები და მწერლები ირჩევენ.
დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019"-ის გამარჯვებულები არიან:

  • თინათინ ბერიძე - "მოპარული სიყვარული";
  • არჩილ ფირიაშვილი - "ფეხბურთის მოთამაშე";
  • ნანი მანველიშვილი - "ოდისევსის სინდრომი";
  • თამარ გოდერიძე - "ყვავილები სახლთან ახლოს";
  • ნიკოლას მაჩაბელი - "ჩაინა კონტრასტებიდან".

პროექტი წელსაც გაგრძელდება და მეოთხე სეზონისთვის გამომცემლობა აპლიკაციების მიღებას აპრილიდან დაიწყებს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93