თინათინ ბერიძე პროფესიით ფინანსისტია. რომანის წერა სრულიად შემთხვევით, მოულოდნელად დაიწყო და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ბათუმელი გოგონასა და თბილისელი ბიჭის „ეს-ემ-ეს“ ნაცნობობით დაწყებული ისტორია მკითხველში ისეთ წარმატებას მოუტანდა, რომ ბესტსელერის ავტორად იქცეოდა. მისი რომანი – „მოპარული სიყვარული“ „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019"-ის გამარჯვებული – ხალხის რჩეული გახდა. წიგნი 3 დეკემბერს გამოიცა და უკვე დაიკავა ადგილი "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში ტოპ-10 გაყიდვად წიგნს შორის. მალე რომანის ახალი ტირაჟი გამოიცემა.
„მოპარული სიყვარული“ არის სიყვარულზე, მეგობრობასა და ზოგადად, ურთიერთობებზე:
– ჩემი რომანის ძირითადი მოტივი სიყვარულია და დიდი რაოდენობით მეგობრობაც. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩემს ამ ხუმრობას – რაიმე დამეწერა, მოვლენების ასეთი განვითარება მოჰყვებოდა, რადგან ამის მცდელობა არასდროს მქონია. რომანი კი არა, ჩანახატიც კი არასდროს დამიწერია. უბრალოდ, ყოველთვის ძალიან ფანტაზიორი ვიყავი, შემეძლო, ფილმის შინაარსი, ეპიზოდები, ფინალი სრულიად შემეცვალა და ისე მომეყოლა ჩემი მეგობრებისთვის, თანაც, დამაჯერებლად. წიგნის დასასრული თუ არ მომეწონებოდა და სხვანაირად წარმომედგინა, იმასაც ვცვლიდი. რომანის წერა რომ დავიწყე, პარალელურად, რამდენიმე მეგობარს ვაკითხებდი და მეუბნებოდნენ, კარგიაო. მერე კონკურსის შესახებ გავიგე და მირჩიეს, გაგზავნე, რას კარგავო. ფინალში გასვლასაც კი ვერ წარმოვიდგენდი და ყველაზე სასიხარულო იყო, რომ კონკურსის პირველ ტურში ხალხის რჩეულიც გავხდი და ჟიურის მიერ შერჩეულ ათეულშიც მოვხვდი! ამან რწმენაც შემმატა და საბოლოოდ, გამარჯვებულთა შორის აღმოვჩნდი! მაგრამ ამ ყველაფრის დაჯერება ჯერ კიდევ მიჭირს.
– გვიამბეთ, ვინ არიან რომანის მთავარი გმირები და როგორ ვითარდება მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობა?
_ რომანის პირველ ნაწილში მოქმედება ბათუმში ხდება. გოგონა ბათუმში სწავლობს და პატარა, ლიტერატურულ კაფეში მუშაობს. ეს გოგონა „ეს-ემ-ესს“ აგზავნის ბიჭთან, რომელიც თბილისში ცხოვრობს. წერს, რომ თითქოს იგი ფეხმძიმედაა და აბორტს არ გაიკეთებს. სინამდვილეში კი ამ ბიჭს საერთოდ არ იცნობს. ტექსტს სახუმაროდ კრეფს, არასერიოზულად. ბიჭი ინტერესდება და ცდილობს, გაარკვიოს ამ გოგონას ვინაობა. ამის მერე იწყება მათი გაცნობა, თბილისსა და ბათუმს შორის მიმოსვლა და გრძნობები სიყვარულში გადაიზრდება.
- ძირითადად, რა ასაკის მკითხველი ჰყავს ამ რომანს?
– ვინც მწერს, ძირითადად, თინეიჯერები არიან, თუმცა, უფრო დიდი ასაკის ადამიანებიც კითხულობენ.
– თქვენ რა ჟანრის ლიტერატურა მოგწონთ?
– ძირითადად, რომანებს ვკითხულობდი ხოლმე, სათავგადასავლო ლიტერატურაც მიყვარს, კლასიკა, თანამედროვე მწერლები, რასაც ქართული გამოცემები გვთავაზობენ და რამდენიმე ადამიანმა მითხრა კიდეც, მათი გავლენა იგრძნობაო. არ ვიცი, რამდენად ასეა. ჩემი წერისა და თხრობის სტილი ისეთია, იუმორი გასდევს თან, მარტივად იკითხება. ბევრისგან გამიგია და საკუთარი გამოცდილებიდანაც ვიცი, რომ რთული წიგნების კითხვას სხვა განწყობა უნდა, მარტივად წასაკითხი კი ნებისმიერ განწყობას უხდება.
– ამ გამარჯვებამ სტიმული თუ მოგცათ, რომ კიდევ დაწეროთ რაიმე?
– დიახ! თუმცა ჯერ ამის დრო არ მქონია, რადგან სულ ერთი თვეა, რაც ჩემი წიგნის პრეზენტაცია შედგა. რედაქტორმაც მითხრა, ახალ რომანზე მუშაობაც დაიწყეო. ვხვდები, რომ ეს შედევრი არ არის, მაგრამ პირველი რომანის ფონზე, ალბათ, არა უშავს, დავიხვეწები. ზოგმა მითხრა, ისევ ამ რომანს ხომ არ გააგრძელებო. ვნახოთ, ჩამოვყალიბდები.
თვითონ წერის პროცესი ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო. თითქმის ყველგან ვწერდი, ზოგჯერ რაღაცას ვინიშნავდი, სახლში ვარედაქტირებდი. რედაქტორებისა და მენტორის რჩევებიც გავითვალისწინე.
– როგორები არიან თქვენი პერსონაჟები?
– პირველ რიგში, არ მინდოდა, რომ იდეალურები ყოფილიყვნენ, რადგან ასეთი ადამიანები არ არსებობენ. ჩემს ყველა პერსონაჟს რაღაც ნაკლი აქვს და ბევრმა მითხრა, რომ ამა თუ იმ პერსონაჟში საკუთარი თავი, ნაცნობი თუ მეგობარი დაინახა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შტრიხები და ხასიათები მართლაც ავიღე გარშემომყოფებისგან.
ბესტსელერის ავტორობა ისეთი სტატუსია, ცოტა მეშინოდა, როგორი გამოხმაურება მოჰყვებოდა, მაგრამ ისეთი სისწრაფით იყიდება, გაყიდვების ათეულში შევიდა და მითხრეს, რომ უკვე მეორე ტირაჟზე მუშაობაც დაიწყეს. იმედია, ბოლომდე გაამართლებს იმ მოლოდინებს, რაც გამომცემლობამ ჩადო ჩემში და რაც მკითხველს აქვს, რადგან საბოლოოდ, სწორედ მათი რჩეული გავხდი.