რაღა თქმა უნდა, 14 თებერვალს ყველა საჩუქარს ეძებს, თან - განსაკუთრებულს. სულაც არ მიკვირს, რადგან ამ დღეს გამორჩეულად გინდა მოესიყვარულო, მოეფერო, აგრძნობინო იმ ერთადერთს მთელ სამყაროში, რომ მთელი გულით გიყვარს. მოკლედ, ვალენტინობა ჩვენებურია თუ არაჩვენებური, ყველასთვის სიყვარულის დღედ მოინათლა. უამრავი სიყვარულის ისტორია მოგვისმენია და გვინახავს. ბევრი წყვილი მოსულა და წასულა, მაგრამ არის ამბები, რომლებიც წლების განმავლობაში სიამოვნებით გვახსენდება “მარილისში”. ახლა სწორედ რამდენიმე ასეთ ამბავს გიამბობთ.
ქართული ანბანი "მარილისის" კოლექციაში 2014 წელს გაჩნდა. ჩვენმა კრეატიულმა გუნდმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა, შექმნა სრულიად განსხვავებული დიზაინის ოქროთი დამზადებული ქართული ასოები და იმ დღიდან, რაც ისინი გაყიდვაშია, არაერთი სასიამოვნო ამბის მომსწრენი გავხდით "მარილისში".
განსაკუთრებით გვახსენდება ახალგაზრდა კაცი, რომელიც სიამოვნებით გვიხსნიდა, როგორი მაგარი გოგო იყო მისი შეყვარებული. თან დაბადების დღისთვის ურჩევდა საჩუქარს და ყურადღებით ათვალიერებდა ვიტრინას, სადაც სამაჯურები ბრწყინავდა. შეარჩია სამაჯურის საკიდები და გვთხოვა, ლამაზად შეგვეფუთა. დაგვემშვიდობა და ბედნიერი გავიდა. მეორე დღეს კი ეს სამაჯური უკან მოგვიტანა გოგონამ. მართალი გითხრათ, ხასიათი წაგვიხდა. რა აღარ ვიფიქრეთ, სანამ გოგომ ციმციმ მოიხსნა სამაჯური და მორიდებით იკითხა: "შეიძლება ამ სამაჯურს ასო “გ” -ც დაამატოთ?" გუშინ შეყვარებულმა მიყიდა ეს თქვენთან, ისე მომეწონა ხელიდან აღარ მოვიხსნი და მისი ინიციალიც მინდა სამაჯურზე მქონდესო. მოკლედ, ინიციალიც დავამატეთ, საჩუქარიც მივართვით და შამპანურიც გავატანეთ.
სიყვარულს ბევრი სახე აქვს. ამიტომ არც ის დიპლომატი გვავიწყდება, რომელმაც საქართველოდან სამახსოვროდ სწორედ ჩვენი ქართული ანბანის ასო წაიღო. ულამაზესი ქვეყანა გაქვთ, სასწაული ხალხი ხართ და თქვენი ანბანი მინდა მქონდეს სამახსოვროდო. ქალბატონს პაულა ერქვა, ჩვენ კი “პ” არ გვქონდა დამზადებული, მოგეხსენებათ, ქართული ქალის სახელი “პ”-ზე არც ისე ბევრია. მაგრამ ამ ქალს როგორ ვაწყენინებდით?! სასწრაფოდ დავუმზადეთ და ბედნიერი გავუშვით.
წინ ვალენტინობაა და გულწრფელად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "მარილისმა" ბევრ ადამიანს აჩუქა ბედნიერება. მარტო ნიშნობის ბეჭდების და საქორწინო რგოლების შექმნის ამბები რად ღირს. ჩვენ ტრადიცია გვაქვს, წყვილი თვითონ არა მარტო დიზაინს ქმნის "მარილისში", არამედ თავისი ხელით ამზადებს ოქროს სხმულს, რითიც მზადდება მათი ბეჭდები. ეს მათი პირველი საერთო საქმე და გამარჯვებაა. მაგრამ ყველაზე ამაღელვებელია, როცა 10 წლის შემდეგ ბრუნდებიან და ცოლ-ქმარი ხელმეორედ იკეთებს სამახსოვრო ბეჭდებს. საოცარი თავდაჯერება და სიმშვიდე იგრძნობა ასეთი წყვილების ურთიერთობაში. ერთი სიამოვნება და დიდი პატივია მათთან ურთიერთობა. ისინი 10 წლის მერეც ჩვენ გვენდობიან და მათ სამკაულში სრულიად ახალი ამბავი - მათი ერთად განვლილი ცხოვრება უნდა მოვყვეთ.
სტატიის მომზადების პერიოდში შუახნის წყვილი გვეწვია, ვერცხლის იუბილეს აღსანიშნავად ქალბატონს მეუღლემ ვერცხლის ულამაზესი ბეჭედი შეურჩია "მარილისის" კოლექციიდან და აჩუქა. ეს ქალბატონი "მარილისის" ხშირი სტუმარია და ჩვენი ურთიერთობაც თავისებური სიყვარულის ისტორიაა.
ქალბატონო ნათელა, “მარილისის” მთელი გუნდი გილოცავთ იუბილეს და ულევ სიყვარულს გისურვებთ!
ყველა სიყვარულის ამბავი, რაც ჩვენ თვალწინ ხდება, "მარილისის" შემოქმედებითი გუნდისთვის უზარმაზარი მოტივაციაა. განა რა შეიძლება იყოს ამაზე ძვირფასი, როცა ადამიანების ბედნიერების თანამონაწილე და თანაზიარი ხდები.
"მარილისის" ყველა კოლექცია დიდი შრომის შედეგად იქმნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ მსოფლიოში გამოკვეთილ მოდის მიმართულებებს, მომხმარებლის სურვილებს და გარემოს. ვითვალისწინებთ იმასაც, რომ ყველამ უნდა შეძლოს საყვარელი ადამიანისთვის გამორჩეული საჩუქრის გაკეთება. ფასი-ხარისხის შესაბამისობა "მარილისის" ოქროს სტანდარტია. მხოლოდ ამ გზით შეიძლება დაიმსახურო ნდობა და მომხმარებლის სიყვარული.
ავტორი: ნათია გოცირიძე