როგორ შეიძინეს საქართველოში შიდსის პირველი აპარატი და რა გატაცება აქვს თენგიზ ცერცვაძეს?
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი - ეს არის სრული დასახელება იმ კლინიკისა, რომელსაც ყველა ინფექციური საავადმყოფოს სახელით მოვიხსენიებთ და ბოლო პერიოდში, კორონავირუსის გამწვავების ფონზე, დაწესებულება და მისი დირექტორი - თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებისა და მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. ბატონი თენგიზი დღეს იუბილარია, მას 72 წელი შეუსრულდა. "კვირის პალიტრა" ულოცავს იუბილეს, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს და გთავაზობთ ჟურნალ "გზისთვის" მომზადებულ მის ინტერვიუს:
კლინიკის ერთ-ერთ ყველაზე სპეციფიკურ - ბოქსირებულ განყოფილებაში სტუმრობისას, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ დირექტორის კაბინეტში შესული აბსოლუტურად სხვა სამყაროში აღმოვჩნდებოდი - ოთახში დიდი კარადის თაროებზე, მაგიდებზე, იატაკზე ბუების კოლექციაა განთავსებული - ყველანაირი ზომისა თუ მასალის, ძვირფასი ქვებით მორთული თუ უბრალო ქსოვილით შექმნილი. სწორედ ამ კაბინეტში ნახავთ მარმარილოს დიდ თეთრ ბუს, რომელიც თურმე, იოსებ ბესარიონის ძე სტალინს ეკუთვნოდა და ერთ-ერთ ფილმშიც ჩანს. მოგვიანებით, მუზეუმში ინახებოდა, შემდეგ კი მის ამჟამინდელ მეპატრონეს უსახსოვრეს. შიდსის მიმართულებით მუშაობა მან 1980-იანი წლების დამდეგს დაიწყო, როცა პირველი შემთხვევები ჯერ მხოლოდ აშშ-ში იყო დაფიქსირებული. ბატონი თენგიზი თავისი საქმიანობისა და ინტერესების შესახებ მოგვითხრობს.
- ჩემი ინტერესის სფერო სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარი იყო. ახალგაზრდობისას ნადირობა მომწონდა, ახლა დიდი ხანია, აღარ მინადირია. სპორტში ოფიციალურად დაკავებული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ვთამაშობდი კალათბურთს და მაგიდის ჩოგბურთს, ჭადრაკში კი სპორტის ოსტატობის კანდიდატის ტიტული მქონდა. ახლა, როდესაც ასაკში შევედი - 70 წელს გადავცილდი, აღარც დრო მრჩება და აღარც ენერგია, რომ სპორტით დავკავდე ან ვინადირო. ახლა ჩემი ჰობი ბუების შეგროვება გახდა, 1000-ზე მეტი ეგზემპლარი მაქვს.
უცხოეთში ხშირად მიწევს სიარული და თავიდან რამდენიმე ბუ იქიდან ჩამოვიტანე. მერე ჩემი ამ გატაცების შესახებ მეგობრებმა და პაციენტებმა რომ გაიგეს, ისინიც მჩუქნიდნენ... ახლა დირექტორი და ხელმძღვანელი ვარ და ძირითადად, რთულ შემთხვევებში ვუწევ კონსულტაციას, მაგრამ თავის დროზე, 20-30 ათასი პაციენტი მყავს გატარებული და არასოდეს არც ერთისგან არც ფული ამიღია, არც ფასიანი საჩუქარი. ეს იციან, მაგრამ უნდათ, რაღაცით პატივი მცენ და ერთმანეთს გადასცეს, - აი, ბუს თუ მიუტან, უარს ვერ გეტყვისო.
სხვა რამეს უკან გავატან. ამიტომ, მოაქვთ და მოაქვთ ეს ბუები. მათ შორის უნიკალურებიცაა. მაგალითად, მარმარილოს დიდი ბუ, რომელიც თურმე, თავის დროზე სტალინის კაბინეტში იდგა. მერე მუზეუმში მოხვდა და ბოლოს მე მისახსოვრეს. საავტორო ბუებიც მაქვს, ვენეციური შუშისგან დამზადებულიც და ა.შ. მოკლედ, აქ ნახავთ როგორც ძალზე იაფიან სუვენირებს, ისე ძვირად ღირებულ ეგზემპლარებს.
გადმოგეცათ, რაც ექიმებში იშვიათია... - დიახ, ბრწყინვალების ორდენს დებულებაში უწერია, რომ განსაკუთრებული დამსახურებისთვის ენიჭებათ. ექიმებში სულ 2-3 ადამიანს აქვს. ჩემთვის მთავარი არასდროს ყოფილა ჯილდოები, მაგრამ ცხადია, დაფასება სასიამოვნოა. ჩემთვის მნიშვნელოვანი ყოველთვის იყო მუშაობა და პროფესიული წარმატება, პაციენტის გადარჩენა! სწორედ თითოეული განკურნებული პაციენტია ჩვენთვის ისეთი სიხარულის მომნიჭებელი, რომელსაც ვერც ერთი ჯილდო ან გამოქვეყნებული სტატია ვერ მოგანიჭებს. 21-ე საუკუნეში სამი მთავარი ინფექციაა - შიდსი, C ჰეპატიტი და ტუბერკულოზი. ამ სამიდან ორის შეჩერებაში მე და ჩემმა გუნდმა მივიღეთ მონაწილეობა (ამაზე წლებია უნიკალური მუშაობა მიმდინარეობს ჩვენთან), შიდსში მთლიანად, ექსკლუზიურად, C ჰეპატიტში კი სხვებთან ერთად, თუმცა, ძირითადი ტვირთი ჩვენზე გადავიდა და რაც მთავარია, საქართველო პირველი ქვეყანა იქნება 2025 წელს, რომელიც არა მხოლოდ C ჰეპატიტის ელიმინაციას, ანუ აღმოფხვრას მოახდენს, არამედ შიდსის ეპიდემიასაც დაამთავრებს!
იცით, რომ ადრე, ფართო პროფესიული კავშირები მხოლოდ მოსკოვთან შეიძლებოდა, რადგან უცხოეთში ვერავინ გადიოდა. მე მყავდა ხელმძღვანელი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, დიდი მეცნიერი რემ პეტროვი. 1983 წელს დამირეკა და მითხრა, მსოფლიოში ახალი ინფექცია გამოჩნდა, რომელიც მე-20 და 21-ე საუკუნეების მთავარი პრობლემა იქნება მედიცინისთვის, ამის შესახებ ჯერ ძალიან ცოტამ იცის, მხოლოდ ამერიკაშია რამდენიმე ათეული შემთხვევა და ძალიან საინტერესოაო. ცხადია, დავინტერესდი, ამაზე თვითონ თუ მუშაობდნენ, რადგან პეტროვს, ჩვენგან განსხვავებით, ხელი მიუწვდებოდა აშშ-ისა და ევროპის სამეცნიერო წრეებზე, ჟურნალებზე, გავლენიანი მეცნიერი იყო. ვერ ვმუშაობო, მიპასუხა, საკითხი პოლიტბიუროზე გავიტანეთ (მაშინ ბრეჟნევი იყო), მაგრამ ვერ დავარწმუნე, რომ ეს ინფექცია მართლაც არსებობს და მალე ნომერი პირველი პრობლემა გახდებაო. მინისტრის მოადგილეს კი უთქვამს, ვიღაც ამერიკელი ჰომოსექსუალები დაავადდნენ და ახლა ეს ჩვენი მეცნიერები პანიკას ტეხენ, დაფინანსება რომ მიიღონო. გაგრძელება