მას შემდეგ, რაც ეპიდემიოლოგებმა მარნეულში მცხოვრები კორონავირუსით ინფიცირებული ქალის კონტაქტები გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ მას ავადობის პერიოდში რამდენიმე ასეულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, ხელისუფლებამ მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიაზე მკაცრი კარანტინის შემოღება გადაწყვიტა. ამ მუნიციპალიტეტში უკვე შეიზღუდა შესვლა და გამოსვლა, დაიხურა ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომია მხოლოდ მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. საპრევენციო ღონისძიებებში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის ძალები. თავდაცვის ძალებმა მუნიციპალიტეტების შესასვლელებთან სპეციალური გამშვები პუნქტები მოაწყვეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კი მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო. მარნეულში განვითარებული მოვლენების შესახებ ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ნავერიანი და ორი ადგილობრივი მცხოვრები გვესაუბრება.
მამუკა ნავერიანი:
- მკაცრი კარანტინის შემოღება მოსახლეობამ ადეკვატურად აღიქვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უპირობოდ საჭირო, დროული და ეფექტური გადაწყვეტილება იყო. ახლა ვაპირებთ რიგი ღონისძიებების ჩატარებას, მოსახლეობის ინფორმირებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ გამოვიდნენ სახლებიდან.
- ასეთი ღონისძიება აქამდე არ ჩაგიტარებიათ?
- რა თქმა უნდა, გავატარეთ, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ დამატებითი ღონისძიებების ჩატარება გახდა საჭირო.
- დამატებითი ღონისძიება რა ტიპის იქნება?
- მივაწოდებთ უფრო მეტ ინფორმაციის ვირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით და ასევე ავუხსნით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენა.
- დღემდე თუ გქონდათ გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა სახელწიფო ენა არ იცის, რა ფორმით აწვდიდით მათ საჭირო ინფორმაციას?
- მარნეულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის, "ფეისბუკის", "მარნეული ტვ"-ის საშუალებით ყველა საინფორმაციო საშუალება ითარგმნებოდა.
- ფიქრობთ თუ არა, რომ ამ ყველაფერთან ერთად კარდაკარ სიარული და
მოსახლეობისთვის უფრო სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო? - რა თქმა უნდა, ვფიქრობთ და გავითვალისწინებთ კიდეც. გაგრძელება