გიორგი ხურციძისა და ლიკუნა ლობჟანიძის წყვილი ორი წელია ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქ შანდონგაში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც ჩინეთი საშიშ ქვეყანად იქცა და კორონავირუსის გამო კარანტინი გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ შანსი, ქვეყანა დაეტოვებინათ, ახლობლების გამო იქ დარჩენა არჩიეს.
გიორგი და ლიკუნა თვითიზოლაციიდან 60 დღეს ითვლიან. ქალაქის დაკეტილი კომუნებიდან გასვლის უფლება ჯერ კიდევ არ აქვთ და ცაც დაკეტილია, რომ სამშობლოში თუნდაც კარანტინში დაბრუნდნენ.
AMBEBI.GE ლობჟანიძე-ხურციძის წყვილს ესაუბრა:
- 17 იანვარს გავიგეთ, რომ ქვეყანაში რაღაც პრობლემა იყო. ჩინურ არხებს დიდად არ ვუყურებდით, მაგრამ გვითხრეს, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშ იყო. მალე სამყაროც მიხვდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო. ჩინური ახალი წელი მოდიოდა. ამ დროს დიდია ქვეყანაში შიდა და გარე მიგრაცია. ხალხი ცდილობს, საკუთარ სახლში იყოს. სწორედ ამდენი გადაადგილების გამო ვფიქრობდი, რომ ვირუსის შეჩერება ძალიან რთული იქნებოდა.
23 იანვარს ვუჰანი დაკეტეს, 11 მილიონი ადამიანი კარანტინში მოხვდა, ქალაქში ჯარი ჩადგა. ახალი წელი რომ თენდებოდა, 25 იანვარს ჰუბეის პროვინციაც დაკეტეს და ორ დღეში 72 მილიონი ადამიანი კარანტინში აღმოჩნდა. არადა, მაშინ კორონავირუსის მხოლოდ 200 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. 31 იანვრიდან მთელი ჩინეთი კომუნა-კომუნა (უბან-უბან) იყო დაკეტილი.
პირადად ჩვენ გარეთ გასვლა შეგვეძლო, მაგრამ მხოლოდ კომუნაში. აქ კომუნას ეძახიან, როგორც ჩვენთან უბანი, ისეა. თუმცა ორი კვირის მანძილზე გარეთ ადამიანი არ მინახავს, არავინ გადიოდა. მხოლოდ სასწრაფოს ხმა გვესმოდა, საშინელება იყო.
- ჩინეთში ტელევიზიებით, ალბათ, მხოლოდ ვირუსზე საუბრობდნენ...
- ჩვეულებრივი პროპაგანდა მიდიოდა - როგორ მალე აშენდა ჰოსპიტალი, როგორ უვლიდნენ მედდები ავადმყოფებს. ზოგადად, ჩინელები მითითებებს ძალიან დაემორჩილნენ. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან გაეპარათ შემთხვევები, ერთ-ერთი, რითაც ჩინეთი მარტივად მოერია ვირუსს, ავტორიტარული რეჟიმია. ციფრული ავტოკრატია აქვთ - ყველას ყველაფრის ნახვა შეუძლია, სად გადაადგილდები, სად რას იხდი. გაგრძელება