მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ძალაში რჩება აუცილებლობა, რომ დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ოჯახის წევრების და გარშემომყოფების ჯანმრთელობას.
თუმცა, საგულისხმოა ისიც, რომ ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში გავრცელდა რამდენიმე მიმართვა ქართველი ქალბატონების მხრიდან. მათ შორის ერთ-ერთი ემიგრანტი გახლავთ და იტალიაში იმყოფება. იგი მოჰყვა ისტორიას, რომელიც ცოტა ხნის წინ გადახდა:
"იტალია, მილანი, კორსიკო.
არ მინდა შეგაშინოთ, მაგრამ იწყება საკმაოდ სახიფათო პერიოდი. ქუჩებში დადიან სამზარეულოს დანებით შეიარაღებული, არაბული წარმოშობის ემიგრანტები, სავარაუდოდ, ულუკმაპუროდ დარჩენილები. ცდილობენ ადამიანების გაძარცვას. ამ დილით შემემთხვა მე, სახლისკენ მომავალს გამომყვა უკან და როგორც კი მარტო დამიგულა, დანით გამომიდგა, ტელეფონს მთხოვდა. ჩემს ყვირილს აქტიურად გამოეხმაურნენ მოხუცები, ფანჯრებიდან გადმოდგნენ და დაემუქრნენ, რომ დარეკავდნენ პოლიციაში. ასე ერთად მოვიგერიეთ და მე გულგახეთქილი დავბრუნდი ოჯახში.
ძალიან გთხოვთ, თავს გაუფრთხილდით."
შედარებით მსუბუქ, მაგრამ მაინც გასათვალისწინებელ შემთხვევას აღწერს საქართველოში მცხოვრები ქალბატონიც, რომლის სახლშიც ნიღბიანი მამაკაცი შეიპარა:
"სამზარეულოში ვიჯექი და ლექსს ვკრეფდი ტელეფონში. კარის ხმა გავიგე, გაჭრიალდა და ჩამიჩუმი აღარ ისმოდა. ვიფიქრე, ნიავია და კარი გაიღო-თქო, თან ისიც ვიფიქრე, მოსაწევად გავიდა ჩემი ქმარი-მეთქი. ცოტა ხანში ისევ გაჭრიალდა. დავაპირე ადგომა და პირდაპირ თვალებში ჩავხედეთ ერთმანეთს. ვინ ხარ, ბიჭო-მეთქი. მოტრიალდა, კარი გაიჯახუნა და გაიქცა."