მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 664 192-ს აღწევს, ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ კი 30 000-ს გადააჭარბა.
Worldometers-ის მონაცემებით, ყველაზე მეტი შემთხვევა დადასტურებულია აშშ-ში - 123 774 ადამიანი, იტალიაში - 92 472, ჩინეთში - 81 439, ესპანეთში - 73 235 და გერმანიაში - 57 695 ადამიანი.
რაც შეეხება გარდაცვლილთა სტატისტიკას, 10 023 გარდაცვლილი ჰყავს იტალიას, 5 982 - ესპანეთს, 3 300 - ჩინეთს, 2 517 - ირანს, 2 314 საფრანგეთს და 2 229 - აშშ-ს.
გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა 142 364-ია. ყველაზე მეტი - 75 448 - ინფიცირებული ჩინეთში გამოჯანმრთელდა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ქვეყანაში მცხოვრებ თითოეულ ოჯახს წერილი გაუგზავნა, სადაც ის კორონავირუსზე, მოსალოდენელ შედეგებსა და პანდემიასთან ბრძოლის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შესაძლო გამკაცრებაზე საუბრობს და მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს.
„დასაწყისიდანვე გვსურდა, სწორ დროს სწორი ზომები გაგვეტარებინა. უარს არ დავზარდებით ამ ზომების კიდევ უფრო გამკაცრებასაც, თუკი ამას სამეცნიერო და სამედიცინო სფეროების წარმომადგენლები გვირჩევენ. მსურს, გამოგიტყდეთ, რომ სიტუაციის გაუმჯობესებამდე მდგომარეობა გაუარესდება. თუმცა სწორ მოსამზადებელ ნაბიჯებს ვდგამთ და უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო კარგად დავიცავთ წესებს, მით ნაკლებ სიცოცხლეს დავკარგავთ და ცხოვრებაც მით უფრო მალე დაუბრუნდება კალაპოტს.“ - წერს ბორის ჯონსონი წერილში, რომელიც მან დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ 30 მილიონ ოჯახს გაუგზავნა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ბორის ჯონსონს კორონავირუსი აღმოაჩნდა და თვითიზოლაციაში იმყოფება. ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 17 089 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 1 019-ია. გაგრძელება