ბოლო დღეებში ამერიკამ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში ყველა ქვეყანას გაასწრო. ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულია 165 000-მდე ადამიანი, გარდაიცვალა 3000-ზე მეტი პაციენტი.
ვირუსის გავრცელების მხრივ, ყველაზე მძიმე ვითარება ნიუ-იორკშია. იქ მცხოვრები ქართველი ემიგრანტების თქმით, მოსახლეობაში მცირედი იმედი გააჩინა 1000-საწოლიანი სამედიცინო გემის შესვლამ, რადგან ის ნიუ-იორკის სამედიცინო დაწესებულებებისა და ექიმებისთვის ერთგვარი შეღავათი იქნება.
გემი-ჰოსპიტლები ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის სანაპიროებთან დგას. ლადო წითაშვილი, ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი AMBEBI.GE-ს უყვება, რომ გემი-ჰოსპიტლის სანახავად სანაპიროზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა:
"სამედიცინო გემი რომ შემოვიდა, უამრავი ხალხი მოვგროვდით გარშემო - ამ გადაღლილი და გაწამებული ხალხისთვის ერთგვარი შვება და იმედი იყო მისი დანახვა... გემს ოფიციალური დელეგაცია დახვდა და თქვეს, რომ მათ შორის იყო პრეზიდენტი ტრამპიც.
ვითარება ყოველდღიურად მძიმდება, თუმცა, რახან ძალიან ჭრელია ადგილობრივი მოსახლეობა, თავისი ცხოვრების წესით, მრწამსით და წარმოშობით, მათი მართვა და კონტროლი ადვილი არ არის. ამიტომ, თუ ერთი ქუჩა ცარიელია, მეორე შეიძლება ჩვეულებრივად განაგრძობდეს ცხოვრებას, თუმცა კაფე-ბარები და მსგავსი დაწესებულებები ყველგან დაკეტილია.
ზოგან ძალიან ბევრი ხალხი დადის ქუჩაში. ამიტომ აპირებენ, რეგულაციები გაამკაცრონ. მოხალისეებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ყველას მოუწოდებენ, დარჩნენ სახლში - ეს არ არის თამაში, არც რაიმე შოუს ნაწილი, უბრალოდ დარჩით სახლში, თქვენივე კეთილდღეობისთვისო... ზოგი მადლობას უხდის გაფრთხილებისთვის, ზოგი აგრესიულად პასუხობს მათ.
- რა ხდება ნიუ-იორკში, ხალხი პანიკაშია?
- დიახ, პანიკაშია, თუმცა, ცდილობენ, ვითარებას მოერგონ... ჩემი ექიმი მეგობრები მოხალისეებად მუშაობენ კარანტინებში, ასევე, თვითიზოლაციაში მყოფებს ეხმარებიან და მათგან ვიცი, სპეციალისტების ვარაუდით, ნიუ-იორკში შესაძლოა, უფრო რთული ვითარება იყოს, ვიდრე სტატისტიკა აჩვენებს. გაგრძელება