სიახლე

რას ინახავს "სხვა უდაბნოს საიდუმლო"? და სად შეგვიძლია ბესტსელერი წიგნის შეძენა

რას ინახავს "სხვა უდაბნოს საიდუმლო"? და სად შეგვიძლია ბესტსელერი წიგნის შეძენა

გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ლიტერატურული კონკურსის, „გახდი ბესტსელერის ავტორი 2017"-ის გამარჯვებული რომანის - „სხვა უდაბნოს საიდუმლო“, ყველაზე კარგი შემფასებელი მკითხველი აღმოჩნდა, რომელმაც მალევე შეიყვარა წიგნი. თუმცა, მკითხველის გარდა, ნაწარმოები კონკურსის კომპეტენტურმა ჟიურიმაც შეაფასა და აღიარა. ია სიამოვნებით მოგვითხრობს ნაწარმოების შექმნის პროცესსა და მის პერსონაჟთა ვნებებზე.

- ია, როგორ დაიწყეთ წერა, საინტერესოა ის შთაბეჭდილებები, რომლებმაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...

- წერა დაახლოებით 12 წლისამ დავიწყე, მაშინ, როდესაც მივხვდი, რომ ძალიან მსურდა ჩემი თვალით დანახული სამყარო და ადამიანები
აღმეწერა. ვწერდი ჩანახატებს, ნოველებს, მოთხრობებს. რომანი პირველად 24 წლისამ დავწერე. ცხოვრების განმავლობაში, ადამიანს უამრავი ემოცია და აზრი უგროვდება, რომლის გაზიარებასაც იშვიათად თუ ახერხებს ვინმესთვის. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, ცხოვრების სკოლამ ასაკი და სქესი არ იცის. ვწერ მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი რამის თქმა მსურს, მაგრამ ვერც ერთ ადამიანს ვერ გადავცემ ჩემში დაგროვილ ემოციებსა და განცდებს. ამ დროს კალამი და ფურცლები ის ძვირფასი მეგობრები ხდებიან, რომელთაც ჩემი უსიტყვოდ ესმით. „სხვა უდაბნოს საიდუმლო“ რომ დავწერე, ზუსტად ასეთი პერიოდი იყო. რეალობისა და წარმოსახვის ტალღებს შორის მყოფმა გადავწყვიტე, ჩემი ხედვა და ფიქრები პერსონაჟებად მექცია, მათთვის სული შთამებერა და გამეცოცხლებინა. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ალეგორიულად გადმოვეცი და ასე შეიქმნა „სხვა უდაბნოს საიდუმლო“, რომანი, რომელმაც გაიმარჯვა "პალიტრა L"-ის მიერ პირველად განხორციელებულ კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი 2017“.

როგორ დაიწყეთ ტექსტზე მუშაობა, რა გსურდათ გეთქვათ თქვენი ნაწარმოებით?

- როდესაც კონკურსის შესახებ გავიგე, მაშინვე ვიფიქრე, რომ ეს ის შანსი იყო, რომელსაც ველოდი. იმ დროისათვის ერთი რომანი უკვე დასრულებული მქონდა, ინტერნეტშიც იყო განთავსებული და კარგი გამოხმაურებაც ჰქონდა. რა თქმა უნდა, ხალხის დადებითმა დამოკიდებულებამ კიდევ უფრო მეტი სტიმული მომცა, რომ კონკურსში ბედი მეცადა. ვწერდი ღამით. მიყვარს ღამით წერა, ამ დროს სამყარო სულ სხვანაირია, ადამიანიც. თითქოს რიდეს ვიშორებთ და ნამდვილები, უფრო რეალურნი ვხდებით. სამი თვის განმავლობაში, ჩემს პერსონაჟებთან ერთად ქვიშის სამყაროში ვმოგზაურობდი. მინდოდა შემექმნა ტექსტი, რომელიც მკითხველს ულამაზეს სამყაროში ამოგზაურებდა და დროებით მაინც დაუკარგავდა რეალობის განცდას. „სხვა უდაბნოს საიდუმლოს“ სიუჟეტი ძირითადად აღმოსავლეთში ვითარდება. მასში აღწერილია აღმოსავლური კულტურა, არის საუბრები ისლამსა და სუფიზმზე, ქალის როლზე დასავლურ და აღმოსავლურ სამყაროში. ტექსტი გამდიდრებულია რუმის ციტატებითა და ამონარიდებით „ათას ერთი ღამიდან“. აღმოსავლეთი და აღმოსავლური კულტურა ბავშვობიდან მიყვარს. ამიტომაც არჩევანის გაკეთება ეგვიპტესა და უდაბნოზე შევაჩერე, უდაბნო ხომ ადამიანის გათავისუფლების, გამოცდის, ხელახლა დაბადების და განწმენდის ადგილია. ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემზე „უზრიულმა ღაზალმა“, მემკვიდრეობამ, რომელსაც ძველად ერთ-ერთი პატარა ბედუინური ტომი ინახავდა. ამ ტომის მამაკაცებს მთელი ცხოვრება ერთი ქალი უყვარდათ და სამარეშიც იმ ქალისადმი პლატონური სიყვარული ჩაჰქონდათ. გადავწყვიტე, სწორედ ასეთი ბედუინური ტომის ბელადი ყოფილიყო ჩემი მთავარი გმირი იუსუფ რაშიდი. ნაწარმოების ყდა შექმნა არაჩვეულებრივმა პიროვნებამ და მხატვარმა ქეთი მატაბელმა. შევეცდები, მოკლედ ვთქვა ყველაზე მთავარი. მინდოდა მეთქვა ადამიანებისთვის, რომ „ჩვენ სამყაროს უკიდეგანო ზედაპირზე გაბნეული ალმასებივით ვართ“ (როგორც ჩემი რომანის გმირი, იუსუფ რაშიდი ამბობს); რომ არ არსებობს დასასრული, რადგან სწორედ ის დღე, როდესაც გვგონია, რომ ცხოვრება დასრულდა, სინამდვილეში შეიძლება ცხოვრების საწყისად იქცეს. მინდოდა, იმედი და რწმენა მეჩუქებინა.

„სხვა უდაბნოს საიდუმლოს“ მთავარ ქალ პერსონაჟს თამთა ჰქვია. ის ახალგაზრდა ქართველი მწერალია. თამთა ის ქალია, რომელმაც დიდი დარტყმა იგემა ცხოვრებისგან, საყვარელი ადამიანისგან, მაგრამ ამ დარტყმას მასში სიცოცხლის წყურვილი არ ჩაუკლავს. ის ებრძვის საკუთარ თავს და ცდილობს, ცხოვრების სადავეები დაიმორჩილოს, რის გამოც საბედისწერო ნაბიჯს თავისუფლად და ლაღად გადადგამს. მამაკაცი პერსონაჟი იუსუფ რაშიდია, „აბუ უზრას“ ტომის ბელადი. იუსუფი და თამთა ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანია. რაშიდი ქვიშის სამყაროს შვილია. მისთვის ცნობილია უდაბნოს ყველა საიდუმლო, რაც ეხმარება მას სამყაროსა და ადამიანის ბუნების უკეთ შეცნობაში. მონეტას ორი მხარე აქვს და ადამიანსაც ორი ბუნება აქვს. ჩემ მიერ შექმნილი პერსონაჟები ერთ ადამიანში არსებულ ორ ბუნებას განასახიერებენ.

- „სხვა უდაბნოს საიდუმლო“ მკითხველის ფავორიტი ნაწარმოები გახდა. როგორ ფიქრობთ, რატომ დაინტერესდა მკითხველი?

- ბედნიერი ვარ, რომ ქართველმა მკითხველმა ასე შეიყვარა ჩემი რომანი და უკვე მესამე წელია, ერთ-ერთი რეკორდსმენია გაყიდვებით. იქიდან გამომდინარე, რომ თავადაც მკითხველი ვარ, ვფიქრობ, ეს იმის ბრალია, რომ ნაწარმოებში არც ერთი პერსონაჟი არ არის ხელოვნური. ყველა მათგანი რეალური ადამიანია, ისინი წრფელნი და უნიღბონი არიან, არ მალავენ ტკივილს და სიხარულს. უყვართ, სძულთ, შურთ და განიცდიან ყველა ადამიანურ გრძნობას, რისი მეშვეობითაც შეგვიძლია მათში საკუთარი თავი ვიპოვოთ. და რაც მთავარია: ალბათ იმიტომ, რომ ნაწარმოები ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე უფრო ამახვილებს ყურადღებას, ვიდრე მატერიალურზე.

- რამდენადაც ვიცი, ნაწარმოების გაგრძელებასაც აპირებთ. როგორ განვითარდება
მოვლენები შემდგომ ეტაპზე?

- დიახ, მეორე ნაწილის წერა უკვე დიდი ხანია, რაც დავიწყე. როგორც კი დავასრულებ მუშაობას, აუცილებლად გავგზავნი რედაქციაში. მოვლენები განვითარდება ისე, როგორც ამას არავინ ელის. სხვას ვერაფერს ვიტყვი წინასწარ.
მანამდე კი, თვითიზოლაციის პერიოდში, შეგიძლიათ გაეცნოთ რომანის ელვერსიას, რომლის შეძენაც შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:
https://www.lit.ge/book/233323-sxva-udabnos-saidumlo-ia-kargareteli/
ასევე, აუდიოწიგნების პლატფორმაზე gudabooks.ge უკვე ხელმისაწვდომია წიგნის აუდიოვერსიაც: https://www.gudabooks.ge/book/247160-sxva-udabnos-saidumlo-ia-kargareteli/

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
e87a93